რკინის გენერალი თანამდებობიდან გადაყენებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ხალხისგან გმირის წოდება დიდი ხნის წინ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან კი მხოლოდ პოსტის დატოვების შემდეგ მიიღო. რას შეეწირა ზალუჟნი? როგორც FOR.GE-სთან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს,ზალუჟნისა და ზელენსკის შორის უთანხმოების მიზეზი კონკურენცია გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ, მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვებით გაარკვია, რომ მთავარსარდლის რეიტინგი მისას ბევრად აღემატებოდა. ასევე, მათ შორის, მაისაიას თქმით, დაპირისპირება ჩავარდნილი კონტრშეტევის გამო გამწვავდა.
ზელენსკის ნდობა ალექსანდრ სირსკიმ დაიმსახურა, რომელიც 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა, ასევე, ხელმძღვანელობდა საოკუპაციო ძალების შეტევის დროს კიევის თავდაცვას და ხარკოვის გამათავისუფლებელ კონტრშეტევას.
თუმცა ახალ მთავარსარდალს არც უკრაინაში და არც მის ფარგლებს გარეთ არ ენდობიან. მიზეზი კი 2014-15 წლებია, როცა ალექსანდ სირსკის დანაყოფი ოკუპანტების ალყაში მოექცა და დაიღუპნენ. არ მოსწონთ მისი არც წარსული სამხედრო კარიერა, რომელიც მან, სწორედ, რუსეთში დაიწყო. თუმცა, სირსკი ახლა პირობას დებს, რომ უკრაინას, ოკუპანტთან ბრძოლაში, ფრონტზე წარმატებას მოუტანს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, საბოლოოდ, მაინც მიიღო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილება. მის ადგილას სახმელეთო ძალების გენერალი სირსკი დანიშნა. პირველ რიგში, რა რეაქციას გამოიწვევს ეს უკრაინის ჯარში და რა არის მიზეზი, რის გამოც ზალუჟნის სირსკით ჩანაცვლება გადაწყდა?
ვახტანგ მაისაია: დავიწყოთ იქიდან, რომ სირსკი არ არის ზალუჟნის გუნდის წევრი და, ალბათ, აქცენტიც მასზე ამის გამო გაკეთდა. სირსკი იყო უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი და მასთან არის ბახმუტის ჩაბარება ასოცირებული. ის ხელმძღვანელობდა ბახმუტის თავდაცვით ოპერაციას. ზელენსკის მოტივაციაა, რომ ომში და კერძოდ ჯარში ახალი მოტივაცია შეიტანოს, ახალი სისხლის გადასხმა მოხდეს. ამბობენ, რომ ზალუჟნი ზელენსკის გარეშე, პირდაპირ ესაუბრებოდა ამერიკელებს. ის ბევრად ადვილად კონტაქტობდა მათთან, ვიდრე ზელენსკი. ვიცი, რომ ზალუჟინი წინააღმდეგი იყო უკრაინის სტრატეგიული მასშტაბით რუსეთზე კონტრშეტევის. ამის მიუხედავად, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კონტრშეტევა მაინც დაიწყო. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ზალუჟნი ზელენსკისთან მართალი იყო. ასევე, ზალუჟნის პოპულარობა უკრაინის ჯარშიც და საზოგადოებაშიც ძალიან მაღალია. მასმედიის წარმომადგენლებიც კი, ლამის, ზალუჟნიზე ლოცულობენ.
ფიქრობთ, რომ ზალუჟნის მზარდმა რეიტინგმა ზელენსკი შეაშინა და მისი თავიდან მოშორება ამ ფორმით გადაწყვიტა?
- გასაგებია, რომ ზელენსკის სრული უფლებაა შეცვალოს და დანიშნოს ის, ვინც უნდა, მაგრამ საქმეს რამდენად წაადგება ამაშია საქმე. მე ვიცი, რომ დასავლეთიდანაც იყო წინააღმდეგობა, რომ ზალუჟნი არ უნდა გადაეყენებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ზელენსკის განზრახვა ვერავინ გადააფიქრებინა. ზალუჟნი ასოცირდება გამარჯვების სიმბოლოსთან. მხოლოდ ზალუჟნის ბრალი არ არის მასობრივი სტრატეგიული კონტრშეტევის ჩაშლა, მით უმეტეს ის ამას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ზალუჟნი დამარცხების სიმბოლოსთან არ ასოცირდება და ამიტომ ზელენსკისთვის, როგორც ჩანს, ის უკვე დისკომფორტის მატარებელი იყო. მან სწრაფად მოიპოვა ნდობა დასავლურ წრეებში, ის ადვილად ურთიერთობდა ამერიკასთან. ასევე, ჯარში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ამის პარალელურად, საზოგადოებაში მისი რეიტინგის ზრდა დაიწყო და ზელენსკის ადმინისტრაციამ მასში სერიოზული კონკურენტი დაინახა. ამიტომ ის მთავარ პროცესებს ჩამოშორებული იქნა.
რა შეგვიძლია სირსკიზე ვთქვათ? რით გამოიჩინა მან თავი ამ ომში, გარდა იმისა, რომ ბახმუტის დაკარგავსთან არის ასოცირებული? მას ე.წ. „მეხორცედაც“ მოიხსენიებენ, რომელიც უფრო უხეშია და ჯარში მკაცრი გენერლის სახელით არის ცნობილი.
- სირსკის კისერზეა ბახმუტის დათმობა და კი ბატონო, ის როგორც ამბობენ, არ გამოირჩევა კარგი ხასიათით. უფრო ხისტი პიროვნებაა. მაგას სჯობდა აერჩიათ გენერალი შატავა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო. თუმცა ის ზალუჟნის კადრია და, როგორც ჩანს, ზალუჟნის კადრი არ სურდათ. სიტუაცია ფრონტის ხაზზე ისევ ძალიან რთულია. ავდიევკაში ოპერატიულად უმძიმესი მდგომარეობაა. არ არის გამორიცხული, რუსებმა 2015 წლის დებელცევოს სცენარი გაიმეორონ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში მოაქციეს და სამწუხაროდ, გაანადგურეს. სწორედ სირსკის სახელთან არის ეს ტრაგიკული ოპერაციაც დაკავშირებული. ავდიევკაში სწორედ ეს საშიშროება არსებობს. იმედია, რომ ახალი სამხედრო ხელმძღვანელობა ამაზე გავლენას იქონიებს.
ამერიკის ჰაერში გამოკიდებულ დახმარებაზე უნდა გკითხოთ. მას შემდეგ რაც 7 თენერვალს ჩავარდა კონგრესში უკრაინის დახმარების კანონპოექტი, დემოკრატებმა სენატს ახლა 8 თებერვალს წარუდგინეს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავდა საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხებოდა. სენატმა მხარი უკვე მეორედ კი დაუჭირა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დაბრკოლება - კანონპროექტს, სანამ ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია. ამიტომ არ არსებობს დიდი იმედი, რომ მხარდაჭერას მიიღებენ. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და რამდენად აზიანებს ეს უკრაინის წინსვლას ფრონტის ხაზზე?
- ეს ჩავარდნა ნამდვილად ძალიან ცუდად მოქმედებს უკრაინის ომში განვითარებულ მოვლენებზე. ღმერთმა იცის ამ კანონპროექტს საბოლოოდ დაუჭერენ თუ არა მხარს. ტრამპს აქ კიდევ უფრო დიდი გავლენები აქვს და როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის სენატორებს პირადად ურეკავდა და კანონპროექტზე მხარდაჭერისგან თავის შეკავებას ურჩევდა. მათ აშინებდა და შურისძიებით ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, უკრაინა ფრონტის ხაზზე ძალიან მოწყვლადია. მართალია, ევროკავშირმა 50 მილიარდიან პაკეტს მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს 4 წელზე გადანაწილებული დახმარებაა. გამოდის, რომ უკრაინა ამ წელს 12-დან 13 მილიარდ დახმარებას მიიღებს. ერთი შეხედვით კი არის სოლიდური დახმარება, მაგრამ მაინც ყველაფერი ამერიკის დახმარებაზეა აწყობილი. ეს არის „ლენდლიზი 2“-ის დახმარება, რომელიც ამერიკამ ბაიდენთან დაიწყო გასული წლიდან მოყოლებული. ამიტომ არ ვიცი რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს. საუბარია, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით მიაწოდოს ამერიკამ უკრაინას დახმარება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი.
აქვს თუ არა ახლა რუსეთს იმის რესურსი, რომ უკრაინაზე კონტრშეტევა დაიწყოს? ყოველთვის იყო ბოლო დროს საუბარი იმაზე, რომ ის ელოდებოდა სწორედ ამერიკის მხრიდან ამ დახმარების ჩავარდნას. რომელი მიმართულება შესაძლოა რუსეთის სამიზნე აღმოჩნდეს?
- სამწუხაროდ, რუსეთს ამის რესურის აქვს. ყუმბარების გამოყოფის რესურსი, დაახლოებით, 1/10-ზე მივიდა. პირობითად, თუკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია 2000 ერთეული ყუმბარის გასროლა, რუსებს შეუძლიათ ათი ათასი და ცხრა ათასი ყუმბარის გასროლა. რუსეთს ამის გათვალისწინებით შეუძლია მოახდინოს თავისი შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება და ძირითადი იერიში ლიმანი - ხარკოვის მიმართულებაზე მიიტანოს. მეორე იქნება დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე შეტევა, რითაც ოკუპაციის პლაცდარმის გაფართოვებას შეძლებს. ყველა ვარიანტში შეძლებენ ლიბანი-ხარკოვის მიმართულებით წარმართონ და დაიბრუნონ პოზიციები. რუსებმა თავის შეცდომებიდან ისწავლეს უკვე და ხდება რუსების შეიარაღებული ძალების რეფორმირება. პლუს კიდევ, რუსებმა „ვაგნერის“ და სხვა საბრძოლო კომპანიები გადაიფორმეს. სიტუაცია, ამიტომ, შესაძლოა, ფრონტის ხაზზე უკიდურესად კრიტიკული გახდეს.