პრეზიდენტი, რომლის მმართველობა პიარტექნოლოგიებმა აცოცხლა და პიარტექნოლოგიებმა მოკლა
საქართველოს მომხიბვლელობაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. 1947 წელს მწერალი ჯონ სტეინბეკი საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა და არაერთხელ გაიგონა, როგორ ახსენებდნენ რუსები „საქართველოს ჯადოსნურ სახელს“. „ისინი ქართველებზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ზეადამიანებზე, მაგარ მსმელებზე, მაგარ მოცეკვავეებზე, მაგარ მუსიკოსებზე, მაგარ მშრომელებზე და საყვარლებზე“, წერდა მაშინ სტეინბეკი.
მაგრამ მხოლოდ 2004 წელს პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ მიშა სააკაშვილმა შეძლო ამ მომხიბვლელობის აყვანა გრანდიოზული სტრატეგიის სიმაღლეზე და ისიც იმისთვის, რომ ზოგადად დასავლეთის, განსაკუთრებით კი ჯორჯ ბუშის თეთრი სახლის გული მოეგო და ამით საქართველოში ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამ სტრატეგიამ, საბოლოოდ, მარცხი განიცადა, რაც პრინციპში გარდაუვალი იყო. სულ რაღაც ერთი წლის წინ, სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოიგებდა საპარლამენტო არჩევნებს და მისი გუნდი ხელისუფლებაში თითქმის უსასრულოდ დარჩებოდა. მაგრამ 2013 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ და ამის შემდეგ მისი მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამომზეურებამ, მისი პოპულარობა გააცამტვერა. გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველთა 57 პროცენტს სააკაშვილი არ მოსწონს, და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი იწონებს მის საქმიანობას. მან ცხრა წელი იბატონა ქვეყანაში და ბოლო 12 თვის განმავლობაშიც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩებოდა, თუმცა რეალურად ის უკვე ირელევანტური იყო.
მაგრამ სააკაშვილს ყოველთვის ეგონა, რომ პოპულარობა დასავლეთში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოპულარობის შენარჩუნება შინ. გარკვეული თვალსაზრისით, ის კი არ უნდა ვიკითხოთ, თუ რატომ განიცადა მარცხი მისმა ამ სტრატეგიამ, არამედ ის, თუ რატომ გაძლო ამან ყველაფერმა ასე დიდხანს. და პასუხის გაცემა ამ კითხვაზე მხოლოდ სააკაშვილის დასავლელ „კეთილისმსურველებს“ შეუძლიათ.
მთავარი PR სტრატეგი
სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის შეფასებისას მითისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, რადგან მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე ის განზრახ შლიდა ზღვარს პოლიტიკურ რეალობასა და მის PR ძალისხმევას შორის. სააკაშვილის მმართველობის დიდი ნაწილი რებრენდინგის მცდელობა იყო, რომელიც წააგავდა ტონი ბლერის 90-იანი წლების კამპანიას „მაგარი ბრიტანეთი“.
2003 წლის „ვარდების“ სახალხო რევოლუცია, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში, საკმაოდ რეალური იყო. ამ რევოლუციით დაემხო მისი ყოფილი პატრონის, ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება. ორი თვის შემდეგ სააკაშვილი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურად იქცა ევროპაში და მანვე დანიშნა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავრობა, რომელიც ძალიან იყო მოწადინებული სახელმწიფოებრივი რეფორმების ჩატარებაში.
მაგრამ შემდგომში სააკაშვილი მხოლოდ ეპიზოდურად ერთვებოდა მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი მთავარი მოვალეობა ორი როლის შესრულება იყო: იდეების გენერატორისა და მისი რეფორმების სეილსმენის როლი. სააკაშვილმა ეს როლი ენთუზიაზმით მოირგო და დაუღალავად უწევდა რეკლამას იდეას, რომლის თანახმადაც, „ვარდების რევოლუციის“ წყალობით, საქართველომ „მენტალურ რევოლუციას“ დაუდო სათავე, რომ ქართველებმა რეალურად გადალახეს საკუთარი ისტორია, შეუერთდნენ დასავლეთს და ერთი პოლიტიკური ძალისხმევით განახორციელეს პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია.
აღარაა საჭირო იმის ხსენება, რომ ეს მესიჯი ბევრი დასავლელისთვის მომხიბვლელი იყო, განსაკუთრებით, პოლიტიკური და მედიაელიტისთვის, რომელიც ასე იყო მოწყურებული ისეთ პოსტსაბჭოთა წარმატებულ ამბავს, რომლის აღწერაც შესაძლებელი გახდებოდა, როგორც „ანტირუსეთის“. (ვლადიმერ პუტინმაც შეუწყო ხელი ამ მესიჯის პოპულარიზებას იმით, რომ საშინლად ეწინააღმდეგებოდა მას.) სააკაშვილი დასავლურ მედიას ხშირად ხვდებოდა, განსაკუთრებით ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა Financial Times, The Economist, The Wall Street Journal და ისინიც მადლობას იმით უხდიდნენ, რომ უხვად უთმობდნენ ყურადღებას მისი მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს. სააკაშვილი შესაძლოა ერთადერთია, ვინც ორჯერ გამოჩნდა რუბრიკაში „ლანჩი FT-სთან“.
მაგრამ სააკაშვილს ყველაზე საბედისწერო ურთიერთობა მედიასთან კი არა, არამედ თავის კოლეგასთან, ჯორჯ ბუშთან ჰქონდა. როდესაც 2004 წლის თებერვალში სააკაშვილი ვაშინგტონში ჩავიდა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთი ნახვით შეყვარება შემდგარიყო. თეთრ სახლში სტუმრობისას მან ენთუზიაზმით მოცულ აუდიტორიას თავის სწრაფ, შესანიშნავ ინგლისურზე განუცხადა, რომ როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, „შინ დაბრუნების განსაკუთრებული“ განცდა აქვს. ამბობენ, რომ ერთი საათით ადრე, სანამ ბუშს შეხვდებოდა ოვალურ კაბინეტში, ის ნაჩქარევად სწავლობდა ბუშის იმ გამოსვლის ტექსტს, რომელიც მან ერთი თვით ადრე წარმოთქვა კონგრესში. როდესაც პრეზიდენტს პრივატულად ხვდებოდა, მან რამდენჯერმე მოიყვანა ციტატა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ბუშის გამოსვლიდან, რასაც ბუში და მისი გუნდი აღფრთოვანებით ისმენდა.
აი, ამ მომენტიდან გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ბუშმა, რომ სააკაშვილი „ჩვენი კაცი“ იყო. საჯარო კომენტარში მოგვიანებით ბუშმა უთხრა სააკაშვილს – „მე ვამაყობ იმით, რომ შემიძლია მეგობარი გიწოდო“.
სააკაშვილი იდეალურად უხდებოდა რეფორმატორი ლიდერის ბუშისთვის სასურველ იმიჯს: ის ახალგაზრდა იყო, კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად, იცოდა რეფორმებისა და დემოკრატიის ლექსიკა, და რაც სულაც არ იყო უმნიშვნელო, მზად იყო მხარი დაეჭირა აშშ-ის პოლიტიკისთვის ავღანეთსა და ერაყში. მათზე შთაბეჭდილება იმანაც მოახდინა, რომ ის ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობის იდეას ერთგულებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი წელი, დიდი წარმატების ისტორიას წარმოადგენდა. ძალიან სწრაფად ამოძირკვა საბჭოთა ეპოქის ბიუროკრატია საქართველოში და შექმნა ახალი საგზაო პოლიცია, საგადასახადო და მუნიციპალური სამსახურები. დაბალ დონეზე მექრთამეობა აღმოიფხვრა. ყველაფერი, დაწყებული სასკოლო სისტემიდან, ეროვნული დროშით დამთავრებული, შეიცვალა.
მაგრამ ამერიკელებს, როგორც ჩანს, არ აწუხებდათ ის ფაქტი, რომ სააკაშვილის მართვის სტილი უფრო ავტორიტარული იყო, ვიდრე მისი ლიბერალური რიტორიკა. მისი მთავრობა მოდერნიზაციას ზევიდან ქვევით ატარებდა, სულ უფრო სასტიკად და სულ უფრო მეტად უგულებელყოფდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტის მთავარი ძალოვანი იყო. მერაბიშვილს დამსახურებულად აქებდნენ ორგანიზებული კრიმინალის ძლევამოსილი ბატონების განადგურების გამო. მაგრამ მანქანამ, რომელიც მან შექმნა, საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია. ტოტალური თვალთვალი ჩვეულებრივ ამბად იქცა. სამართალდამცავი ორგანიზაციების ქსელი ისეთი დიდი იყო, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროპაში ყველაზე დიდი საპატიმრო პოპულაცია ჰყავდა. ამ სტატისტიკაში არ არის ასახული ის ათასობით ადამიანი, რომელიც მუდმივ საფრთხეში ცხოვრობდა საპროცესო გარიგების მანკიერი სისტემის გამო. ეს ადამიანები ნებისმიერ წუთში, სასამართლოს გარეშე, შეიძლება დაეპატიმრებინათ. ქვეყნის საპატიმროებში კი მთავრობამ წამება ინსტიტუციურ პრაქტიკად აქცია, ადგილად, სადაც პატიმრებს ციხის მცველები აუპატიურებდნენ.
დასავლეთის ფრონტზე სიწყნარეა
2007 წლისთვის საქართველოს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ან მარგინალიზებულად გრძნობდა თავს, ან განდევნილი იყო სააკაშვილის პროექტებიდან. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ასევე მეტი სკეპტიციზმით განიმსჭვალნენ. მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერთა უმეტესობა შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, მისი ერთგულნი რჩებოდნენ. ამერიკული მხარდაჭერა მას ქვეყნის შიგნით კრიტიკისგან იცავდა – მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ მხარდაჭერამ დაღუპა ის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებიც და ქართველებიც მიეჩვივნენ სიტყვას „მოკავშირე“, როდესაც ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ, ამ ორ ქვეყანას შორის არასდროს დამყარებულა ოფიციალური ალიანსი. სააკაშვილმა დაუშვა ის, რომ ბუშის თეთრი სახლის მხურვალე მხარდაჭერამ მას რეალობის განცდა დააკარგვინა.
სააკაშვილის შეცდომები გააშიშვლა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულმა ომმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო დაიწყო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომი სააკაშვილის გადაწყვეტილებამ გამოიწვია – ის თავს დაესხა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს, ცხინვალს. მარცხისთვის განწირულმა ამ მცდელობამ, რომლის მიზანი იყო ძალის გამოყენებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი, შედეგად ის გამოიღო, რომ რუსეთმა კარგად მომზადებული და მასიური თავდასხმა განახორციელა მის ქვეყანაზე. სააკაშვილს, ალბათ, სჯეროდა, რომ თუ ცხინვალს დაიპყრობდა, შეერთებული შტატები მას რუსეთისგან დაიცავდა. ინტერვიუში, რომელიც ომის შესახებ BBC-ის მისცა, ის ცდილობდა აეხსნა თავისი არგუმენტები: „იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაიღვიძებს, ჩვენ ძალებს ვიკრებთ, ჩვენ სიტუაცია გარდავტეხეთ, რამდენადმე“. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს მისი შეცდომა იყო, თუ ვაშინგტონელმა მხარდამჭერებმა პრივატულად დააიმედეს. ნამდვილად ცნობილია ის, რომ მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, არ მიემართა სამხედრო ძალისთვის. 2005 წელს ბუშმა პირადად უთხრა სააკაშვილს, რომ თუ რუსეთთან ომს დაიწყებდა, „ჰორიზონტზე ამერიკული კავალერია არ გამოჩნდებოდა“. და როდესაც ომი დაიწყო, აშშ მართლაც არ ჩარეულა.
ომმა მისი პირადი მომხიბვლელობის და ბრწყინვალების საზღვრებიც გააშიშვლა. მისი უცხოელი თანამოსაუბრეები ამბობდნენ, რომ მათ აშინებდათ და ღლიდათ მონოლოგებისადმი მისი მიდრეკილება. ერთმა დასავლელმა მითხრა: „მასთან შეხვედრის შემდეგ უნდა დაწვე და დალიო“. უცხოელმა ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ მისი გადაწყვეტილებები უსისტემო იყო და მას არ ანაღვლებდა თავისი მთავრობის მოსაზრებები. და, რეალურად, გადაწყვეტილებების უმეტესობას იღებდა სააკაშვილზე ახალგაზრდა (სააკაშვილი 2008 წელს 41 წლის იყო) მრჩეველთა მცირე ჯგუფი შუაღამის შემდეგ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა ვაშინგტონის დროით მუშაობდა.
სააკაშვილის არაფორმალური სისტემა ვერ უმკლავდებოდა დაძაბულობას. მარცხის იმ მიზეზებს შორის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა დაასახელეს, იყო ის, რომ ისინი ბრძანებებს მობილური ტელეფონებით იღებდნენ და არა სტანდარტული სამხედრო საშუალებებით. სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ, საქართველომ რუსეთისგან გარდაუვალი და დამამცირებელი მარცხი იგემა.
სააკაშვილის იმპულსურმა, მკვეთრმა სტილმა მას ვნებიანი თაყვანისმცემლები შესძინა, მაგრამ ამავე დროს ბევრი მტერიც, რომელთა შორის იყვნენ, როგორც ბევრი მისი ყოფილი მინისტრი, ასევე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.
2008 წლის შემდეგ მტრების ამ სიას მნიშვნელოვანი ფიგურა, საქართველოს უმდიდრესი კაცი, ბიძინა ივანიშვილიც შეემატა. იმის წყალობით, რომ რუსეთის აგრესიული ტაქტიკა ხალხს აღაშფოთებდა, სააკაშვილმა აგვისტოს ომის შტორმი გადაიტანა. მაგრამ უკმაყოფილება მატულობდა და ქართველები საბოლოოდ ივანიშვილის გარშემო გაერთიანდნენ. ივანიშვილი ადრე მხარს უჭერდა სააკაშვილის მთავრობას და ბევრ მის პროექტს აფინანსებდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ბოლომდე ცნობილი არ არის, გაბრაზებულმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.
ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ამ ორი კაცის უთანხმოება სჭარბობდა ყველაფერს. სააკაშვილმა თავიდან სცადა, ყველაფერი ეღონა იმისთვის, რომ გაენადგურებინა ივანიშვილი, წაართვა მას ქართული პასპორტი, ართმევდა ქონებას, აჩერებდა მის მედიას. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გაიმარჯვა 2012 წლის არჩევნებში, ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გაენადგურებინა სააკაშვილი, სცადა მისი აპარატის დაფინანსების შეწყვეტა და ბევრი მისი მოკავშირე დაიჭირა.
საქართველოზე ფიქრით
სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ მართალია, არ იყო დემოკრატი, მაგრამ საკმარისად ფიქრობდა საკუთარ მემკვიდრეობაზე და ამიტომ ქართველებს შეაძლებინა პოლიტიკური ცვლილების განხორციელება, რაც მათ ასე აშკარად უნდოდათ. გასული წლის განმავლობაში საქართველო უფრო ქართული გახდა, უფრო უკეთ ამას ვერ აღწერ. ის ერთსა და იმავე დროს უფრო დემოკრატიულია, უფრო ღიაა, უფრო ნაციონალისტურია და უფრო მართლმადიდებლური. ახლა უკვე ისე ჩანს, რომ სააკაშვილის „მენტალური რევოლუცია“ მირაჟი იყო. მისი ყველაზე გახმაურებული ანტისტალინური კამპანია, ამ თვალსაზრისით ნიშნეულია: კამპანიის მთავარი მომენტი იყო სტალინის უზარმაზარი ძეგლის აღება დიქტატორის მშობლიური ქალაქიდან – გორიდან, მაგრამ ეს გაკეთდა ისე, რომ საჯაროდ არავის განუხილავს. ამ აქტმა შენიღბა ის სამწუხარო რეალობა, რომ ქართველები პატივს სცემენ სტალინის ხსოვნას. (გასულ ოქტომბერს „კარნეგის ფონდის“ შეკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველთა 45 პროცენტს სტალინისადმი ჯერ კიდევ კარგი დამოკიდებულება აქვს). ახლა გორის მოსახლეობას ძეგლის უკან დაბრუნება უნდა.
პრაქტიკული თვალსაზრისით ახალი მთავრობის მოღვაწეობა არაერთმნიშვნელოვანია. მან წაიწია წინ სააკაშვილის მიერ დატოვებული რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტაში. სასამართლო სისტემა განმტკიცდა და გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან. მედია უფრო მრავალფეროვანია. პარლამენტი უფრო ცოცხალია და აღარ არის პრეზიდენტის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი. აფხაზეთის საზღვარზე მთავრობის მცდელობით, მოძრაობა გამოცოცხლდა და სამხრეთ ოსეთთანაც არის მიღწევები. მაგრამ ამ მთავრობას, თავისი რკინისმუშტიანი წინამორბედებისგან განსხვავებით, რამდენადმე აკლია კომპეტენტურობა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შენელდა, და საქართველოს ყველაზე დიდი სოციო-ეკონომიკური პრობლემები – უმუშევრობა და სიღარიბე სოფლად, ივანიშვილის დაპირებების მიუხედავად, ძალაში რჩება. ამავე დროს, ზოგიერთი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ძალიან იყო დაგვიანებული, ახალი პრობლემების მიზეზი გახდა. ასე ძალიან საჭირო საპატიმრო ამნისტიამ, რომელმაც შეამცირა საქართველოს საპატიმრო პოპულაცია და შედარებით ცივილიზებულ დონემდე დაიყვანა, კრიმინალური მაჩვენებლები გაზარდა. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ფანატიზმისა და ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის რამდენიმე საძაგელ ეპიზოდს. უმცირესობები თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ პროდასავლელ სააკაშვილთან.
მიმდინარე კვირას საქართველომ ახალი პრეზიდენტი შეიძინა. მას ნაკლები საკონსტიტუციო უფლებები აქვს და ის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი მარგველაშვილია. ივანიშვილიც გადადგება პრემიერმინისტრის პოსტიდან. შედეგად, საქართველოს მალე ორი ლიდერი ეყოლება, პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, რომელთაც ქვეყნის გარეთ თითქმის არავინ იცნობს. მაგრამ დღემდე გაურკვეველია, რა ელის თავად სააკაშვილს. მთავარი კითხვა ახლა ასე ჟღერს – გაასამართლებენ მას თუ არა, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტიდან წავა. პასუხი ამ კითხვაზე აშკარად დამოკიდებულია პროკურატურაზე, შეუძლია თუ არა მას დადოს ისეთი მტკიცებულებანი, რომელიც სერიოზულად მამხილებელია. მაგრამ არსებითად ეს კითხვა პოლიტიკურია. ნიშნეულია, რომ სააკაშვილის ძალოვანი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას ჩაიდინა. საქართველოში ბევრია ისეთი ამომრჩეველი, ვინც მხარს დაუჭერს სააკაშვილის დაპატიმრებას. ამ პოზიციას, ალბათ, ბევრი იზიარებს მთავრობაში და, მათ შორის, ალბათ, ივანიშვილიც.
მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილის დაპატიმრება შელახავს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ბევრი ქართველი აღარ იხიბლება სააკაშვილით, მაგრამ მისმა მომხიბვლელობამ შესძინა მას მეგობრები იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ახალ მთავრობას კარგი ურთიერთობები სჭირდება. მოსწონთ თუ არა ეს, სააკაშვილის მემკვიდრეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილი ბევრად უფრო ცნობილია, ვიდრე ისინი, და ასე იქნება, სულ ცოტა, უახლოეს მომავალში. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, ყველაზე ბრძნული მათი მხრიდან ის იქნება, თუ წყნარი ირონიით შეხედავენ არსებულ სიტუაციას – იმ ფაქტს, რომ უცხოეთში პოპულარობამ დაღუპა სააკაშვილი, მაგრამ ამავე დროს გადაარჩინა კიდეც.
foreignpress.ge