„ეს თანამდებობა ირაკლი კობახიძისთვის არის ერთგვარი გამოწვევა და ამავე დროს შესაძლებლობაც. მას აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურებში ადრე არასდროს უმუშავია და ამ მხრივ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მას აქვს პარტიული მშენებლობის ორგანიზატორული ნიჭი და ვნახოთ, რამდენად გამოადგება ეს უნარები პრემიერ-მინისტრის რანგში, რადგან პრემიერად მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. კობახიძეს მთავრობის გუნდში იგივე ხალხი ჰყავს, ვისთანაც ის მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდა, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო. უცხო გარემო მას არ დახვდება“, - ასე შეაფასა პოლიტიკის ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში ირაკლი კობახიძის ახალ პრემიერ-მინისტრად დამტკიცება.
ზაალ ანჯაფარიძე ახალი მთავრობის ახალი შემადგენლობის პირობებში, საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს.
ზაალ ანჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 8 თვეში, მთავრობაში საკადრო ცვლილებები კიდევ მოხდეს. ვფიქრობ, ეს არის კობახიძისთვის ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი, რომ მან თავი აჩვენოს მის ახალ ამპლუაში და როგორ აჩვენებს, ამას ჩვენ დავინახავთ მისი მოღვაწეობიდან 100 დღის შემდეგ.
თქვენ ახსენეთ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები. ვინ შეიძლება შეიცვალოს?
- ასე იდენტიფიცირება შესაძლოა გამიჭირდეს, ვინ შეიძლება შეიცვალოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომელი მინისტრი როგორ გაუძღვება თავის საქმიანობას, შექმნის თუ არა პრობლემებს მისდამი მინდობილ სფეროში. მაგალითად, ამ მეწყერთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა პრევენციული ზომების მიღება და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, თუმცა ეს არ არის აუცილებელი. ნათქვამია, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიანო. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული, შეთამაშებული სამთავრობო გუნდი და მთავარი საზრუნავი კობახიძისთვის იქნება არა მხოლოდ მთავრობის გაძღოლა ამ 8 თვეში, არამედ არჩევნებისთვის მზადება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგოს. მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამისკენ და თუკი რომელიმე მინისტრის საქმიანობაში ისეთი ხარვეზები აღმოჩნდა, რომელიც შეუთავსებელი იქნება პარტიის მთავარ პოლიტიკურ მიზანთან, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ მოხდეს.
ირაკლი კობახიძემ დაასახელა საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, - მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპარლამენტი არჩევნებზე აიღებს 60%-დან 70%-მდე. თქვენ როგორც ფიქრობთ, რამდენ პროცენტს აიღებს მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე?
- მაშინ, როცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი, პროგნოზების გაკეთება არაპროფესიონალურია, რადგან არჩევნებამდე ამ დარჩენილ თვეებში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს ქვეყანაში, მათ შორის ისეთი კლატაკლიზმები, რომლებმაც შესაძლოა, ამოაყირაოს სიტუაცია, შეცვალოს ხალხის განწყობები და პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა, ფაქტია, რომ ხვალ არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ნამდვილად აიღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, ისეთ მძიმე ფორმაში არის დღეს ოპოზიცია, მაგრამ რა მოხდება მომდევნო თვეეში, ამის განჭვრეტა რთულია. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანა ახლა უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად დააზღვიოს ყველა შესაძლო რისკი, რაც შეიძლება ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენოს.
დასავლეთის კურსზე რას მეტყვით? ოპოზიცია საუბრობს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, დასავლურმა კურსმა შესაძლოა მხარე იცვალოს...
- მე არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილება მოხდეს. ვიცით, სამთავრობო პროგრამის ხმამაღალი სათაური, „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ.“ ეს თავისთავად არის გათვლილი, როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიისთვის, რომ ქვეყნის პროევროპული კურსი უცვლელი დარჩება. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველ ვიზიტს ბრიუსელში ახორციელებს, სადაც საუბარი იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციის თემაზე.
ამასთან, ალბათ, საზოგადოება შეამჩნევდა, რომ ხელისუფლების და პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მნიშვნელოვნად იკლო ანტიევროპულმა, ხისტმა რიტორიკამაც. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მოხდეს ევროპასთან ქვეყნის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა, რაც იქნება კიდევ ერთი, დამატებითი პოლიტიკური აქტივი „ქართული ოცნებისთვის.“ ამით კი, ოპოზიციას არაფერს უტოვებს ხელში, როგორც არგუმენტს.
თუმცა, იქ არის გარკვეული ნიუნანსები, რამაც შესაძლოა ევროპასთან წინააღმდეგობა შექმნას. ეს განსაკუთრებით ეხება სასამართლო სისტემას და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებას, რაზეც „ქართულ ოცნებას“ აქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ასეთმა ნიუანსებმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ხელი შეუშალოს პროცესს.“
ასევე მინდა შევეხოთ საკითხს მოქმედი პრეზიდენტის და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთგვარი შეთავაზება გააკეთა, ერთობლივ პლატფორმასა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე. ასევე სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია უნდა შეჯერდეს პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს. თითქოს ერთგვარად მიანიშნა სალომე ზურაბიშვილზე და თქვა, რომ მან იცის ეს კანდიდატი ვინ შეიძლება იყო დღეს. რამდენად არის შესაძლებელი ოპოზიციის და პრეზიდენტის ერთგვარი გაერთიანდება მოხდეს და ვიხილოთ ზურვბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატად?
- ეს სცენარი ბოლომდე გამორიცხული არ არის, მაგრამ რამდენად შესრულებადია, ეს სხვა საკითხია. იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს, ჯერ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, რისი ნიშნებით ჯერჯერობით არ იკვეთება. ამასთან, სააკაშვილის განცხადებები ბევრს არაფერს ნიშნავს. მართალია, ის ყოფილი პრეზიდენტია, სტატუსიც აქვს, რომ ის არის „ნაცმოძრაობოს“ დე-ფაქტო ლიდერი, მაგრამ ის არის უკრაინის მოქალაქე და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აძლევს სააკაშვილს იმის საშუალებას, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს და პოლიტიკურად იაქტიუროს. შეიძლება ეს „ქართული ოცნების“ გათვლილი ნაბიჯია, რომ სააკაშვილის სახით საფრთხობელა დაუსახოს საქართველოს ამომრჩეველს.
რაც შეეხება კითხვას პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით, მისი მიზანია, ხელი შეეწყოს ევროპულ ინტეგრაციას. იგივეს გაკეთება არის შესაძლებელი სამუშაო ჯგუფებში და საპარლამენტო კომიტეტებზე. ზურაბიშვილი ამით ცდილობს საკუთარი როლის წარმოჩინებას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მას ეკუთვნის მთავარი როლი და ამ ინიციატივით ზეპარტიული ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობს.
ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი. ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება იქნებოდა ერთგვარი რევანში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი წავა ამ ნაბიჯზე?
- ამის შანსები არის 50-50-ზე. ზურაბიშვილი მთლიანად არის დამოკიდებული იმ მითითებზე და ინსტრუქციებზე, რასაც ის გარე ძალებიდან იღებს. შესაბამისად, თუ ის მიიღებს მითითებას, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, შეიწყალებს. მან კარგად იცის, რომ სააკაშვილის შეწყალებისთვის მას რაიმე ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს. სასამართლო პროცესი გრძელდება, განაჩენები არ დამდგარა და თუ გადადგა ეს ნაბიჯი და შეიწყალა, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია სააკაშვილი ისევ ციხეში შეაბრუნოს. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას და დესტაბილიზაციას. არ მგონია, ეს მის ინტერესებში შედიოდეს.
ვის გულისხმობთ გარე ძალებში?
- იმ გარკვეულ წრეებს დასავლეთში, რომლებიც არიან დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილი იყოს გათავისუფლებული, თავიანთი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. იმ წრეებსაც კი, ვისაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოყენებისთვის, არ უნდა აწყობდეთ საქართველოში დესტაბილიზაცია. თუ ქვეყანაში ისევ დაიწყო მაიდანიზაციის პროცესი და სააკაშვილის გამოშვებას აუცილებლად მოჰყვება ეს, ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან კონტრ-ზომების მიღება არის გარდაუვალი. არ მგონია მათ ეს სცენარი უნდოდეთ მაშინ, როდესაც ჯერ უკრაინაში არ დაუსრულებიათ საქმე და საქართველოში მეორე ფრონტზე იომონ. სააკაშვილის შეწყალების კუთხით, ჯერ აზრი ჩამოყალიბებული არ არის.