მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, რუსთაველზე აქციებისკენ მოუწოდა და დახმარება აღუთქვა.
შედგება თუ არა ყოფილის და მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური ქორწინება? - ხელისუფლებამ ეს განცხადება სააკაშვილის მხრიდან ღია დესტაბილიზაციისკენ მოწოდებად აღიქვა. მათი აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტი ქვეყანაში დესტრუქციული კერების შექმნას ურჩევს, რაც არც ერთს და არც მეორეს არ გამუვათ.
„არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას. უბრალოდ, ვეტყოდი, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახლის პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთი და იგივე ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს, გვერდიდან როცა უყურებ. ფართო თავისუფლების მოედანი დაპატარავდა, სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, ჩვენ მხარს დავუჭერთ,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მმართველი გუნდიდან სააკაშვილის ამ მოწოდებას უკვე გამოეხმაურნენ. მაგალითად, პარლამენტის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა და „მეორე სერია იქნება ის, რომ მოუწოდებს თავს დაესხან სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - აღნიშნა მან.
„ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში, ერთი და იგივე შედეგია“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
რაც შეეხება ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის პოზიციას, მისი აზრით, ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.
კობახიძის თქმით, საარჩევნოდ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არანაირი შანსები არ აქვს.
„ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ისე, არც ასე, ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია“,-ამბობს პრემიერი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის განცხადება დესტრუქციისკენ ღია მოწოდებაა. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, ზურაბიშვილმა და სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ სიტუაციის რადიკალიზება სცადონ, თუმცა ეს რამდენად გამოუვათ საკითხავია.
„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს სალომე ზურაბიშვილი გამოიყენოს და ქვეყანაში ახალი დაპირისპირების ან პროვოკაციების კერა შექმნას. ფაქტია, რომ ზურაბიშვილს სურს ოპოზიციის ლიდერი იყოს და თავის მხრივ, სააკაშვილიც ცდილობს მხარი აუბას. რაც უფრო იაქტიურებს სააკაშვილი ზურაბიშვილის მისამართით, მას მით უფრო დააზიანებს. გვახსოვს, ალბათ, როცა „ლელო“ პოლიტიკაში პირველად შემოვიდა, მის მიმართ საზოგადოების ნაწილში ნდობის მომენტი ნამდვილად იყო. თუმცა, როგორც კი ისინი ნაციონალების ქოლგის ქვეშ მოხვდნენ, პოლიტიკურად განულდნენ. ამიტომ ზურაბიშვილს ურჩევნია, მისგან დისტანცირებული იყოს, სხვაგვარად ჯერ ისედაც რა რეიტინგი აქვს და უარესი იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს დაკვეთა „გლობალური ომის“ პარტიიდან შესაძლოა მოდიოდეს. ძალიან გაურკვევლად არიან, არ იციან ქართულ პოლიტიკაში ფსონი ვისზე დადონ. ამიტომ ხან „ლელოს“, ხან გახარიას, ხანაც ზურაბიშვილს ტესტავენ. ასევე მცდელობა ჰქონდათ ნინო ლომჯარიაზე. ამიტომ არაფერია გამორიცხული, თუკი ზურაბიშვილს მიუთითებენ, ის დაკვეთას შეასრულებს და სააკაშვილთან ტანდემშიც ითამაშებს, მას ამის პრობლემა არა აქვს“, - ამბობს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, წინასაარჩვენოდ დაძაბულობის შექმნის მიზნით, ზურაბიშვილმა სააკაშვილი რამდენიმე საათით ან დღით შეიწყალოს. შესაძლოა, ამას ჰქონდეს ინსცენირებული სახე და რუსთაველზე მართლაც აქციაზე სააკაშვილი მიიყვანონ. ამით კი ქვეყანაში მღელვარების პატარა კერის შემქნას შეეცადონ. თუმცა არაფერი გამოუვათ, რადგან სააკაშვილი უკან სხვა საქმეების გამო ციხეში შებრუნდება.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, მაღლა პოლიტიკურ ნაპირზე იტივტივოს. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხოველი, ამიტომ სადაც დაინახავს, რომ ვიღაც აქტიურობს, ცდილობს თავადაც ამ პროცესებში ჩაერთოს და თამაშგარეთ არ დარჩეს.
„ამათი გავსებული რუსთაველი რა იყო და როდის იყო, ყველამ კარგად იცის. ის კი არა, გავსებული რუსთაველის მართვაც აღარ შეუძლიათ და ხალხი მათ არაფრად აგდებს. სააკაშვილი რაც უფრო მეტს ისაუბრებს აქციაზე, რევოლუციურ სცენარებზე, გადატრიალებაზე და ა.შ. მით უფრო უკეთესია, რადგან ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როცა ხალხი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც ახალ რელსებზე გადავიდა, დაინახეს ახალი, მშვენიერი, კონსტრუქციული პრემიერი დაინიშნა და ყველა არჩევნებისთვის ემზადება, რა დროს რუსთაველზე აქციებია?
ამ ცამოწმენდილზე, როცა კანდიდატის სტატუსიც კი მოგვცეს, ხალხი რუსთაველზე რატომ გამოვა? ამიტომ სააკაშვილი ამით მგონია, ცდილობს პროცესების ავანგარდში იყოს. უნდა ზურაბიშვილის გამოყენება და იმედია, მოქმედი პრეზიდენტი თავს არ გამოაყენებინებს. ვიღაც ჭკვიანი მრჩეველი მაინც ეყოლება და სააკაშვილის ამ განცხადებას გაემიჯნება. სააკაშვილი ზურაბიშვილს ასწრებს და ეუბნება, აგერ, პოლიტიკურ ქორწინებას გთავაზობ და რას იტყვიო. ზურაბიშვილი წინასწარ გასცა და მისი გეგმები გამოაშკარავა“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, დაშვების დონეზე შესაძლოა ვისაუბროთ, რომ თუკი ზურაბიშვილს დიდი ძმები, ანუ „გლობალური ომის“ პარტიის წევრები ეტყვიან, სააკაშვილსა და მას შორის პოლიტიკური ქორწინება უნდა მოხდეს, პრეზიდენტი ამაზე წავა. ქადაგიძე არც იმას გამორიცხავს, რომ რაღაცა სიტუაციის დაძაბვის მცდელობები იყოს, თუმცა ქართველი ხალხის მხრიდან ამაზე პასუხი უარყოფითი იქნება.