ბერიკაშვილი თუ ხურცილავა, ამას პარლამენტი 18 ნოემბერს გადაწყვეტს

ბერიკაშვილი თუ ხურცილავა, ამას პარლამენტი 18 ნოემბერს გადაწყვეტს

უშიშროების საბჭოს გენერალი ირინა იმერლიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების შესრულებას იგი 17 ნოემბრიდან შეუდგება. როგორც For.geს უშიშროების საბჭოში განუცხადეს, გიგა ბოკერიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა აზუსტებენ, რომ ბოკერია განცხადებას პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაწერს.

ირინა იმერლიშვილი პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა. მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრად მუშაობისას ის მისი მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილის პოსტზე მან რამდენიმე წელიწადი იმუშავა, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციაში განაგრძო საქმიანობა, შემდეგ კი „რესპუბლიკურ პარტიაში“ გადაინაცვლა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, იმერლიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.

რაც შეეხება სპეციალურ სახელმწიფო წოდებას, რომელიც მას პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა, ეს არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის, იუსტიციის გენერლის წოდება. ის ერთადერთი ქალია საქართველოში, ვისაც ეს წოდება აქვს. ის არის ერთადერთი ქალი, რომელიც მოხვდა წიგნში, საქართველოს გენერლებს შორის ჩამონათვალში, პეტრე პირველიდან დღემდე. იმერლიშვილს გენერლის წოდება 30 წლის ასაკში მიენიჭა.

ირინა იმერლიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იქნება თვისობრივად სხვანაირი უშიშროების საბჭო, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, მისაღებია კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ და, პირველ რიგში, ზუსტად ამ ცვლილებებზე იქნება მუშაობა და შემდეგ უკვე უშიშროების საბჭოს ახლებურად ფორმირება გაგრძელედება.

რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, მას პარლამენტი პლენარულ სესიაზე აირჩევს. იმერლიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პლენარულ სესიაზე უნდა მოხდეს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობა მის შემცვლელს აირჩევს.

„არ ვიცი, ვინ შემცვლის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ალბათ, პარლამენტის უმრავლესობა მოითათბირებს, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, თუმცა მე მანამ არ დავტოვებ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ვიდრე არ მოხდება ინაუგურაცია, არ აირჩევენ ახალ პრეზიდენტს და ახალი პრეზიდენტი არ დამნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით ირინა იმერლიშვილს პარლამენტში, სავარაუდოდ, მანანა ბერიკაშვილი ჩაანაცვლებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, იმერლიშვილის ადგილმონაცვლე მანანა ბერიკაშვილია, რომელსაც ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი ბერიკაშვილი დაკავებულ თანამდებობას სადეპუტატო მანდატზე არ გაცვლის და კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომაზე უარს იტყვის, მაშინ იმერლიშვილს პარლამენტში ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა შეცვლის.

თავად ბერიკაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის თავს უფრო კულტურის სფეროში ხედავს. ინფორმაცია, რომ ირინა იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ, საარჩევნო სიით სწორედ მას უწევს დეპუტატობა, დღეს გაიგო და ამბოს, რომ ამაზე ნამდვილად არ უფიქრია.

„ალბათ, იქ ვიქნები, სადაც საჭიროა. დავფიქრდები, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემს თავს უფრო კულტურის სფეროში ვხედავ“, - აღნიშნა მანანა ბერიკაშვილმა.