საკრებულოს იგნორირების შემთხვევაში, გიგი უგულავას იმპიჩმენტით ემუქრებიან

საკრებულოს იგნორირების შემთხვევაში, გიგი უგულავას იმპიჩმენტით ემუქრებიან

საკრებულოსა და ქალაქის მერის თანაცხოვრება კრიტიკულ ფაზაშია. თუ ქალაქის მერი შეფარულად შეეცდება, საკრებულოსა და თბილისელების მიმართ საბოტაჟი განახორციელოს, საკრებულო მის იმპიჩმენტს მოითხოვს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. უფრო მეტიც, ირაკლი შიხიაშვილი თვლის, რომ საზოგადოებას ნებისმიერი პირის გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეს, მათ შორის, - თბილისის მერის. ამდენად, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა ჩაწერილი კანონში თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, თუ მერსა და საკრებულოს შორის სწორი თანამშრომლობა იარსებებს და მერი საკრებულოს მიმართ საქმიანი იქნება, ამ შემთხვევაში, მას არანაირი იმპიჩმენტი არ ემუქრება.

„ჩვენ არ გვინდა, კანონში ცვლილება იმიტომ შევიტანოთ, რომ ბერკეტი გაგვაჩნდეს მერის მიმართ. ჩვენ გვირჩევნია, მერმა იმუშაოს საკრებულოსთან ერთად და საკრებულომ მერთან ერთად. ჩვენ არ ვართ ისეთი ბრიყვები, რომ ვინმეს მიმართ ანტიპათიას გადავაყოლოთ საკუთარი ქალაქის სიყვარული და მის წინაშე ვალდებულება. დედაქალაქში ერთპიროვნული მმართველობა არ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. დედაქალაქის მერი არ უნდა ქმნიდეს სსიპ-ებს და შპს-ებს და, ასევე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ უნდა აუქმებდეს მათ. არ უნდა არსებობდეს ერთი ადამიანის დიქტატი“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

მანვე სამომავლო ინიციატივების შესახებ აღნიშნა. კერძოდ, საკრებულოს დაგეგმილი აქვს ცხარე დებატები ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით. ამიტომ მისი სურვილია, თბილისელებს პრობლემები არ შეექმნათ და ქალაქის მერმა ითანამშრომლოს საკრებულოსთან.

რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია „დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი არიან.

რას ფიქრობენ დედაქალაქის მერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრები, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭრაძე აცხადებს, რომ დღესდღეობით სამართლებრივად არ რეგულირდება ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხი. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილისა და საკრებულოს წევრების მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, რომ ზოგადად, კანონში უნდა იყოს იმპიჩმენტის საკითხი. თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დასაშვებია, მაშინ მერის იმპიჩმენტიც შესაძლებელი უნდა იყოს და აქ კონკრეტულად გიგი უგულავას შესახებ არაა საუბარი.

თუ რატომ არ არის ეს კანონში ჩაწერილი, დავით ჯინჭრაძის აზრით, ეს წინა ხელისუფლების ბრალია. დღეს კი საკრებულო იმ უფლებამოსილების დაბრუნებას ითხოვს, რაც მას 2006 წლამდე ჰქონდა და ამის შემდეგ მისი უფლებამოსილება დააკნინეს.

„ფაქტობრივად, 2012 წელს დასრულდა საკრებულოს დაკნინება და თავიდან ბოლომდე ქალაქ თბილისის მერზე, ერთ პიროვნებაზე იყო მორგებული ნორმატიული აქტები, თბილისის შესახებ კანონი და ურბანული კანონი. ამიტომ ვითხოვთ ამ კანონში ცვლილების შეტანას. ქალაქის მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის. თუ ჩვენ გვინდა, შედეგი წლის ბოლოს დაიდოს და ვიცოდეთ ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ, აუცილებელია ამ სახის თანამშრომლობა. ხშირ შემთხვევაში, მერიის მხრიდან ამ მზაობას ვერ ვხედავთ. ისინი არც კონსულტაციებზე არიან თანახმა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნოემბერში დაგეგმილი ბიუჯეტის პროექტი თბილისელებზე, მათ სოციალურ პაკეტზე, ინფრასტრუქტურაზე იყოს მორგებული“, - აღნიშნა დავით ჯინჭრაძემ For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრებს აინტერესებდათ სამეთვალყურეო საბჭოების დაფინანსების წესის შესახებ, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დანიშნულნი და, რეალურად, არაფერს აკეთებდნენ. ეს სიამოვნება კი ყოველთვიურად მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა. ამიტომაც მათ მიმართეს თბილისის მერს სამეთვალყურეო საბჭოების საჭიროებასა და მის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მერიამ საერთოდ იგნორირება გაუკეთა საკრებულოს დადგენილებას. ამის შემდეგ, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს წევრებმა დაიბარეს თბილისის მერი, მასთან კითხვები ჰქონდათ ახალგაზარდული ორგანიზაციების პარტიული ნიშნით დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაგრამ მერიიდან სხდომაზე არავინ მისულა.

ამდენად, დავით ჯინჭარაძის აზრით, თუკი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, დაახლოებით თვის ბოლომდე შესაძლებელი იქნება იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში გადაწყვეტა.

„ქართული ოცნება - თბილესელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე იხენებს, რომ საკრებულოს ბოლო სხდომაზე ქალაქის მერს გაეგზავნა 18 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წერილი, რის საფუძველზეც ისინი ითხოვდნენ, გიგი უგულავა საკრებულოში მისულიყო და რამდენიმე შეკითხვისთვის გაეცა პასუხი. თუმცა ის არ მისულა. ამის მიუხედავად, გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ სხდომაზე მიუსვლელობა არ შეიძლება გახდეს გიგი უგულავას იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი.

„საკრებულოს რეგლამენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქალაქის მერს ეკისრება ვალდებულება, წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩააბაროს საკრებულოს. საკრებულომ უნდა დაიცვას რეგლამენტი და გონივრულ ვადაში გაუგზავნოს წერილი მერს და მისგან მოისმინოს ამ წლის ანგარიში. ვფიქრობ, ეს უკეთესია გაკეთდეს წლის ბოლოს. იმპიჩმენტის საფუძველი უნდა იყოს სამართლიანი და დასაბუთებული. მართალია, ამდენი თვის განმავლობაში ქალაქის მერი საჭიროდ არ თვლიდა საკრებლოსთვის ანგარიშის ჩაბარებას, მაგრამ, ახალი რეალობის დადგომის შემდეგ, საკრებულოში შექმნილი ახალი უმრავლესობა მისგან ითხოვს კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულების განხორციელებას. საკრებულო უნდა ამაღლდეს პოლიტიკურ ამბიციებზე და უნდა მივმართოთ ქალაქის მერს კონკრეტულ საკითხზე პასუხის გასაცემად“, - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე არ გამორიცხა ქალაქის მერის იმპიჩმენტი, თუ ის მაინც არ ითანამშრომლებს და რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ შეასრულებს. მით უფრო, რომ არსებობს უნდობლობის განცდა გიგი უგულავას მიმართ, რადგან ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯები გამოაშკარავდა და ამ საკითხის ირგვლივ სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩანიშნულია მომავალი კვირის ორშაბათს, 16.00 საათზე, სადაც, სავარაუდოდ, ქალაქის მერისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებაც იმსჯელებენ.