თხილის მოსავლიანობა ხარისხი ნელი ტემპით უმჯობესდება. იგივე შეიძლება ითქვას ფასთან დაკავშირებითაც. ახლო მომავალში კი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის რეალიზაცია შესაძლოა, შეფერხდეს და ამის მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოწვევებია. მაგალითად, თურქეთში, რომელიც მსოფლიოში თხილის უმთავრესი ექსპორტიორია, ეს პრობლემა უკვე იგრძნობა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას თქმით, თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას ფერმერები შარშანდელის მსგავსად, წელსაც შეძლებენ. ამით კი მოსალოდნელია, რომ მოსავლიანობა კიდევ გაიზარდოს, ხოლო ხარისხი გაუმჯობესდეს.
2023 წელს ქვეყანამ უხვი ნალექის გამო დაბალი ხარისხის მოსავალი მიიღო, რამაც შეამცირა ფერმერების შემოსავალი.
„ეს ვითარება დააკომპენსირა იმან, რომ 1 კილოგრამ თხილის გულზე შარშან ფასი გაიზარდა. ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე ის 17-იდან 18 ლარამდე ღირს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 12 ლარი ღირდა. საერთაშორისო ბაზრებზე ამჟამად, 1 კილოგრამი ფასი 8 დოლარია“, - განმარტა ჭითანავამ.
თხილზე გაზრდილმა ფასმა ფერმერებს სტიმული მისცა, რომ თხილის ბაღები გააფართოონ და დამატებითი ინვესტიცია ჩადონ.
„უცხოურ ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს. გარდა ამისა, იზრდება თხილის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტიც“, - აღნიშნა ჭითანავამ.
ქვეყანამ 2023 წელს თხილის ექსპორტიდან 50 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, თუმცა გასული წლის მოსავლის ნაწილი ჯერ კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ქარხნებში, ამიტომ, ექსპორტის პროცესი გრძელდება.
საქართველოში შესაძლოა, თხილი მოსავალიც და ხარისხიც გაუმჯობესდეს, მაგრამ პრობლემამ იჩინა თავი საერთაშორისო მასშტაბით. გლობალურ ბაზრებზე თხილზე მოთხოვნა აშკარად შემცირდა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომმა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა სიტუაციამ ბაზარი ისე გაადაწყო, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციის გარდა, ინტერესი თითქმის ყველა საქონელზე შენელდა. გამონაკლისი არც თხილია, მათ შორის, თურქული პროდუქტიც კი, რომლის რეალიზაციასაც აქამდე თითქმის არასდროს შექმნია პრობლემა, თუმცა დღეს თხილის უმთავრეს მწარმოებელ ქვეყანას ამ მხრივ საკმაოდ გაუჭირდა.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, ექსპორტი შემცირდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესის გამო. შესაბამისად, მოთხოვნამ იკლო თხილზე ევროპაში, ამაზე ბევრმა გარემოებამ იმოქმედა.
„მსოფლიოში არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და სხვა კრიზისები, გლობალურ ბაზრებზე ნეგატიურად აისახა. ასევე სავალუტო მიმართულებითაც არასტაბილურობაა, ევრო დოლართან რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და ამან ფასებზე იმოქმედა.
ზოგადად პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა. ეს შეეხო როგორც თურქულ თხილს, ასევე ქართულსაც, რომლის ექსპორტიც ბოლო პერიოდში დაახლოებით 30%-ით არის დაკლებული.
გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოხდება, ამის პროგნოზირება ძნელია. თუკი გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია გამოსწორდება, სტაბილურობის განცდა გაჩნდება, თუმცა საქართველოში ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა მაინც არ გვექნება, ვინაიდან მოსავლიანობაში მატება არ არის და ახალ სეზონამდე ეს მოცემულობა შენარჩუნდება“, - განაცხადა თოდუამ.
ბოლო წლებში, ხშირი ნალექის გამო, საქართველოში თხილის მოსავალი შემცირების ტენდენციას აჩვენებს. მაგალითისთვის, 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში 55 ათასი ტონა თხილი მოვიდა, მოსავლიანობა 2022 წელს 40 ათას ტონამდე შემცირდა. 2023 წელს კი მოსავალი მცირედით გაიზარდა და 45 ათას ტონას მიაღწია. წელს კი ქვეყანა, სავარაუდოდ, 50 ათას ტონამდე თხილს მიიღებს.