საქართველოს ვაშინგტონი

საქართველოს ვაშინგტონი

ალბათ, მხოლოდ თანამებრძოლებს შეუძლიათ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტკივილის გაზიარება. საქართველოს პრეზიდენტი ძალაუფლებას არაპოპულარული და დაუფასებელი ტოვებს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ისტორია უფრო კეთილი მსაჯული იქნება.

ათწლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მთავარ საკითხებში ის სწორად მოქმედებდა. კოლუმბიის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, 36 წლის სააკაშვილი 2003 წელს მშვიდობიან და დემოკრატიულ „ვარდების რევოლუციას“ გაუძღვა. მან ენერგია და იდეები ჩადო თავის პატარა, ომისგან განადგურებულ ქვეყანაში, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა რუსეთის კლანჭებისგან გადარჩენას.

მან სამსახურიდან დაითხოვა საგზაო პოლიცია და წვრილმანი კორუფცია აღმოფხვრა; გააიოლა ბიზნესის წარმოება და პატიოსანი გზით ფულის შოვნა უფრო მეტად, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც დროის რამდენიმე განსხვავებული სარტყელი გადის. მისი მმართველობის დროს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. მან თქვა, რომ საქართველოს ადგილი ნატოსა და ევროკავშირშია. „დემოკრატია ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მუდმივად უნდა აღემატებოდე, სხვა შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში ხარ“, გვითხრა მან 2007 წელს. „და ეს ასეც უნდა იყოს“.

ღარიბი დემოკრატიული ტრადიციის მქონე ერის ქარიზმატული ლიდერი სააკაშვილი ზედმეტად ხისტი იყო. მან გადაჭარბებულად ირეაგირა ანტისამთავრობო გამოსვლებზე 2007 წელს და ნაციონალური მაუწყებლობა დახურა. ის გადარჩა ვლადიმერ პუტინის რუსეთთან ომში 2008 წელს, თუმცა ომის შედეგად საქართველომ შეიძლება ორი გამოყოფილი რეგიონის დაბრუნების შანსი დაკარგა.

ხელისუფლებაში ათწლიანი ყოფნის შემდეგ, მან თავისი პოზიტიური კაპიტალი მთლიანად გახარჯა. მისმა მილიარდერმა მტერმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ოპოზიციური მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომელმაც შარშან საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის მმათველი პარტია ხელისუფლებიდან გააძევა. ივანიშვილი გაბრაზებული გამარჯვებული აღმოჩნდა, პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა და მისი რამდენიმე მოკავშირე კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა.

სააკაშვილმა პრეზიდენტობის მეორე და ბოლო კონსტიტუციური ხუთწლიანი ვადა დაასრულა. კვირას ქართველებმა ახალი პრეზიდენტი, ივანიშვილის მოკავშირე აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი დატოვებს თანამდებობას, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც დემოკრატიას საფუძველი ჩაუყარა იმ რეგიონში, სადაც არჩეული ლიდერები ხშირად დიქტატორები ხდებიან ხოლმე. ივანიშვილს შეუძლია, პატივი სცეს ამ მიღწევას და პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმით, შეინარჩუნოს საქართველო, როგორც რეგიონის სანიმუშო ქვეყანა.

foreignpress.ge