„ზურაბიშვილს უნდა ივანიშვილის ხარჯზე, ახლა, ოპოზიციურ ფლანგზე შეიძინოს წონადობა, თუმცა აღარ გამოუვა“

„ზურაბიშვილს უნდა ივანიშვილის ხარჯზე, ახლა, ოპოზიციურ ფლანგზე შეიძინოს წონადობა, თუმცა აღარ გამოუვა“

რატომ და რა მიზნით შეეხო სალომე ზურაბიშვილი პირველად ბიძინა ივანიშვილს და ვინ რა დაინახა მის ამ განცხადებაში? არის თუ არა ივანიშვილი ახლა პრეზიდენტისთვის ის ფიგურა, რომლის კრიტიკის შემდეგაც ოპოზიციამ ზურაბიშვილის ოპოზიციონერი ლიდერის უნდა ირწმუნოს? კიდევ ერთხელ ხომ არ ცდილობს ზურაბიშვილი ივანიშვილის დახმარებით ახლა ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების გამყარებას?

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, „ოცნების“ უკრაინასა და დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა. დროთა განმავლობაში კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და მისი იმპიჩმენტი სცადა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ მედიაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს საყვედურობდნენ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისგან თავის შეკავებას. 2023 წლის ოქტომბერშიც კი, როდესაც „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ცდილობდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა: „ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ხელი ივანიშვილს“.

სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს ივანიშვილის კრიტიკა იმის დასამტკიცებლად სჭირდება, რომ ის ოპოზიციურ ფალნგზე მყარად გადავიდეს და ამით აჩვენებს, რომ ოპოზიციის ერთიანი ლიდერობისთვის მზად არის.

„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. მესამედ შემოსვლისას, ნათქვამი - სახელმწიფოში კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე, - საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი! საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“ - განაცხადა მან პარლამენტში გამოსვლისას.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნეევს, რომ ადრე თუ გვიან, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი უნდა ეხსენებინა, შესაბამისად, მან ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნა ამისთვის საუკეთესოდ მიიჩნია. ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუკი ზურბიშვილი აპირებს, რომ ოპოზიციის ლიდერი იყოს, მაშინ მას ივანიშვილთან პოლემიკაში შესვლა მოუწევდა და სწორედ ეს გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების გამყარებას. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო და ივანიშვილთან დაკავშირებით უფრო მეტი განცხადების გაკეთება. მან ჩათვალა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა ზუსტად შესაბამისი ადგილი იყო და ასეც გააკეთა. ადრე თუ გვიან, მას მოუწევდა ამის გაკეთება. მე ვერ წარმომიდგენია, უბრალოდ, რა სახის პოლიტიკური ლიდერი შესაძლოა ის იყოს. ალბათ, ფიქრობს, რომ არაფორმალური ლიდერი იქნება, არ ვიცი. თუ მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება საქართველოში სურს, მით უმეტეს ოპოზიციურ ფლანგზე, მაშინ უკვე უნდა გადადგეს. აგვისტოში გადადგეს და ორი თვე საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ადაპტირდეს საზოგადოების წინაშე, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, ძალიან დაგვიანებული იქნება. არაფორმალური ლიდერი იყოს, ესეც ვერ იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.

გამოეხმაურება თუ არა მის განცხადებას ბიძინა ივანიშვილი და რა ფორმით? კითხვის პასუხად ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი მან ჩათვალა ზურაბიშვილი იმ დონის პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც ანგარიშგასაწევია, მასზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან გაძლიერდება და ივანიშვილი დაიწყებს მის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. თუმცა ანალიტიკოსი ამას ივანიშვილის მხრიდან არ ელის, რადგან მიიჩნევს, რომ ის ზურაბიშვილს არ მისცემს უფრო მეტ მნიშვნელობას.

„ივანიშვილი ფრთხილი კაცია და ეცდება ზურაბიშვილს იმაზე მეტი პიარი არ გაუკეთოს, ვიდრე საჭიროა. ესეც ხომ პიარია, როცა შენზე სააუბრობენ და აქტუალური ხარ. ამიტომ მის როლს უფრო მეტად არ გაზრდის“, - ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე ვინ შეიძლება ზურაბიშვილის ამომრჩეველი იყოს და თუ ის ოპოზიციურ ფლანგზე ოფიციალურად გადავა, ვის ხმებზე ინადირებს? - ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზურაბიშვილის ელექტორატი ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველია.

„ზურაბიშვილის ელექტორატი ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველია, რომელზეც მუშაობს, გახარია, ხაზარაძე, ანა დოლიძე, ელისაშვილი, „გირჩი“. ახლა კი, თუ გამოჩნდება მელია-გვარამიას პოლიტიკური პლაცდარმი, მათი ამომრჩევლის რაღაცა ნაწილიც შუაშისტი იქნება. ამიტომ ზურაბიშვილს ძალიან დიდი კონკურენტები ჰყავს და რა სახის მხარდაჭერა ექნება, რთული გასაზომია. ის ცდილობს იყოს მედასავლეთე, ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, თუმცა თუ არ გადადგა, ძალიან რთულია პრეზიდენტის რანგში ამ ოპოზიციურ ლიდერებს აჯობოს. ყველაზე მეტი შანსი კი მაინც გიორგი გახარიას აქვს“,-ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა და განცხადებები ერთი-ერთში ჯდება რადიკალურ ოპოზიციის ნარატივთან. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზუსტად მათთან თავის დამკვიდრების მიზნით ახსენა ბიძინა ივანიშვილი.

„მისი განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ნაცოპოზიციის ველზე ფეხის მოკიდება უნდა. ახალი პლატფორმის შექმნით, ასევე ცდილობს პარტიულ-პოლიტიკური მანტია მოირგოს. არ სურს გადადგომა პრეზიდენტობის პოსტიდან იმიტომ, რომ იცის არანაირი რეიტინგი არა აქვს საზოგადოებაში და ამ პოსტის გარეშე ის არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც, ასევე, ყურადღების მიქცევის მიზნით, დაიწყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით რაღაცა განცახდების გაკეთება. არადა როგორი საინტერესოა, მაშინ არ ჰქონდა კითხვები ივანიშვილის მისამართით, როცა ხალხში იმდენად ურეიტინგო იყო, რომ ბილბოდრზეც კი ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული და მისი დამსახურებაა დღეს ის, რომ პრეზიდენტია?! ახლა ამით უნდა აჩვენოს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ვითომ ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან არაფერი საერთო აღარ აქვს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილთან თანაბარ პარტნიორებად წარმოჩენა სხვადასხვა პოლიტიკანებსაც უნდოდათ. იქნებოდა ეს გიორგი გახარია, გიორგი ვაშაძე თუ სხვები, რომლებიც რატომღაც დებატებს მხოლოდ ივანიშვილთან მოითხოვენ.

„ზურაბიშვილის მიზანია ოპოზიციის რადიკალურ ფრთად წარმოჩინდეს, ასევე უნდა აჩვენოს, რომ ვითომ წონად ფიგურას წარმოადგენს და მხოლოდ ივანიშვილთან უნდა შევიდეს პოლემიკაში. ეს არის იაფფასიანი ხრიკები, რომლის მომსწრეებიც არა ერთხელ ვყოფილვართ. რა შედეგებიც მოჰყვა ამ ხალხის სურვილს, ესეც ვნახეთ - ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ დამსახურებული იგნორი მიიღეს. შესაძლოა, მან მიღოს მოკლე კომენტარი ან საერთოდ არც მიიღოს ივანიშვლისგან პასუხი. ზურაბიშვილს უნდა ივანიშვილის ხარჯზე, ახლა, ოპოზიციურ ფლანგზე შეიძინოს წონადობა, მაგრამ ეს აღარ გამოუვა, საკუთარი რეიტინგით მოუწევს ამის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრება. შესაძლოა, ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებითაც გააკეთოს, ვნახოთ“, - ამბობს აბაშიძე.