ნათელაშვილის ფანჩატური ორბელიანების სასახლეში გადაბარგდა

ნათელაშვილის ფანჩატური ორბელიანების სასახლეში გადაბარგდა

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. შესაბამისად, იგი მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსა საკოორდინაციო ცენტრი და შექმნა მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები უკვე დაიწყო. თუმცა, როგორ და რის გარშემო აპირებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანებას მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი და საერთოდ, რა მიზანს ემსახურება ზურაბიშვილის ინიციატივა, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციას პასუხი არ აქვთ.

პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერს „ლელო“ და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც იმ მიზნის მიღწევა უნდა რასაც ევროპა ჰქვია. „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტთან ერთად ეს შესაძლებელია.

„პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტში გააჟღერა. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი. პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად, მიაღწიოს იმას, რომ სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან. ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ მის პარტიაში ამ პროცესს უყურებენ, როგორც შესაძლებლობას ევროპულ რეკომენდაციებზე ერთად სამუშაოდ და ასევე, ფუნდამენტურ საკითხებში შეთანხმების მისაღწევად.

„შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს საარჩევნო მიზნები, ყველა ერთ პარტიაში გაერთიანდეს - ასე არ ვხედავთ ამ პროცესს, მით უმეტეს, კანონმდებლობითაც ბლოკები გამორიცხულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გამოვიყენოთ ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად სამუშაოდ და ამ პროცესში, ასევე, ვხედავ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროცესისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე მონაწილეობას მიიღებს „გირჩის“ დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი, თუმცა როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, იმდენად კრიტიკულია და იმდენად არ სჯერა პრეზიდენტის, რომ მისი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს.

„ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა - ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს. არავისთან არანაირი შეკითხვა არ მაქვს, ჯერჯერობით. დავაკვირდები, დავინახავ რამდენად იქნება ვინმე სალაპარაკოდ განწყობილი. „ქართული ოცნება“ არაფერზე ლაპარაკობს და ნაცები უცებ ჰაეროვნები გახდნენ. „ქართული ოცნების“ დუმილი და ნაცების ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება. ამის დაკვირვება და ადამიანებისთვის მოყოლა გვაინტერესებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ეჭვი ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შედეგს მოიტანს. მისი თქმით, თუ რეალურად გვინდა ცვლილებები პოლიტიკურ არჩევნებზე ოქტომბერში, აუცილებელია პროევროპული პარტიების ერთობის კონტურების რაღაცნაირი მოხაზვა.

„ვთქვი და დღეს კიდევ უფრო მეტად მიმყარდება ის აზრი, რომ აქედან არაფერი გამოვა. რატომ? ინიციატივა კარგი და დროულია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით, რაც შემდეგ არაადეკვატურობაში გადაიზრდება, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ბოიკოტს უცხადებს გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და პროცესში ჩართვას არ აპირებს. როგორც მიხეილ დაუშვილი აცხადებს, მიზეზი რატომაც მონაწილეობას არ მიიღებენ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომლებისთვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია თუ 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიშა სააკაშვილის გათავისუფლებასთან.

„ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არაფერი გვაქვს, ამიტომ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

პრეზიდენტის მიერ დაანონსებული მორიგი შეკრება რომ შედეგზე ორიენტირებული არ იქნება, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ასეთი ინიციატივა ზურაბიშვილის მხრიდან ადრეც ყოფილა გაჟღერებული, მაგრამ შედეგი არ ჰქონია.

„ხან ქალთა შეკრებები იყო ცალკე, ხან არასამთავროვების და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთი შეკრების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ დიდ აზრს ამაში ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ყველა პარტია, რომლებიც იქ მიდიან ზურაბიშვილის ინიციატივის რეალიზაციისთვის და ვინც არ მიდის, არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ევროპის საწინააღმდეგო გვაქვს რამე. ყველა მომხრე ვართ ევროპაში შესვლის და რა ქარტია უნდა შეიქმნას, როდესაც ასევე არესებობს 9-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც მოითხოვენ ჩვენი პარტნიორები და თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ გადავალთ ამ ურთიერთობის ახალ ეტაპზე.

მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ პრაქტიკაში ასეთი ინიციატივები რისი მომტანია. რა შეიძლება ამან მოგვიტანოს, ან შეცვალოს, გარდა იმისა, რომ ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის.  მოსახლეობის 80% მომხრეა, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სიტყვიერად თანახმაა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ახალი ქარტია რომ შეიქმნება, ამ ქარტიაში ახალი და მოულოდნელი რა იქნება, უბრალოდ, არ მესმის. ამიტომ, მგონია, რომ ეს შეკრებაც დასრულდება ისე, როგორც წინა ანალოგიური შეკრებები. პრაქტიკული რეზონანსი ამას არ ექნება. პიარის თვალსაზრისითაც არაფრის მომტანი არ არის“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, გასაგებია, რომ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობას არ მიიღებს „ქართული ოცნება“, მაგრამ რაც შეეხება გახარიას პარტიის ბოიკოტს, ძაბირაძე აცხადებს, რომ გახარია ცდილობს პოლიტიკურ ველზე დამკვიდრდეს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ, გახარია ყველასგან განსხვავებით საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს და საკამოდ წარმატებით.

„ამასთანავე, როდესაც ასეთი დიდი შეკრებები კეთდება, ეს ხელისუფლებას აძლებს საშუალებას თქვას, რომ ნათელაშვილის ფანჩატური გადავიდა ორბელიანების სასახლეში. ანუ, პროპაგანდისტულად ეს თუ ვინმესთვის მომგებიანია, ისევ და ისევ ხელისუფლებისთვის. პრაქტიკული შედეგი არაფერი არ იქნება, გარდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე უკეთეს ვარიანტში შეიქმნება რაღაცა დოკუმენტი, რომელსაც ყველა ხელს მოაწერს და რომლის საწინააღმდეგო არც მათ ექნებათ რამე, ვინც ხელი არ მოაწერა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინიციატივის უკან რაიმე სერიოზული ჩანაფიქრი არ იკითხება, რადგან, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავად არის განხეთქილების სიმბოლო, არ აქვს არანაირი რესურსი იმისა, რომ ვინმე გააერთიანოს.

„თვითონ იქცა განხეთქილების სიმბოლოდ, ჯერ ნაცებთან იყო და აუმხედრდა, მერე ქოცებთან იყო და იმათაც აუმხედრდა. როცა სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, იქაც არც-თუ ისე დიდი სოლიდარობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა ყოველთვის ახირების. თუმცა, საბოლოო ჯამში, ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა.

დღეს უკვე მას არავიან არ ენდობა არც ოპოზიციაში და არც მმართველ პარტიაში და არსად. ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ საკუთარი თავი პოლიტიკის მიღმა დააყენა. უბრალოდ, საუბრობს საკუთარი დასავლელი პარტნიორების გასაგონად. ცდილობს, რომ გარკვეული პლატფორმა შექმნას იმისავის, რომ როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება, უბრალოდ, სტატუსი შეინარჩუნოს, მეტი მას პოლიტიკაში არავინ არაფერს კითხავს. ამ პლატფორმის შექმნასაც არავითარი შედეგი არ ექნება. ერთადერთი საკუთარ პირად საქმეს იკეთებს. ცდილობს, რომ ბოლომდე ითამაშოს ის როლი, რომლის შესრულებაც დაიწყო როგორც კი პრეზიდენტი გახდა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

 

ლევკოთეა უბრალოდ, ზურაბიშვილმა იცის, რომ რაღაც უნდა ქნას, რომ პოლიტიკაში იტივტივოს. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს, მაგაზე აღარ ჰყოფნის ჭკუა.
ისე, ძაბირაძემ რა მალე უარჰყო ზურაბიშვილი. :) არადა, მამალს სამჯერ არც დაუყივლია ჯერ.
9 თვის უკან
ცუგო- Ოპოზიციაში გადასულ სალომეს მიშა შსს- მინისტრის მოადგილეობა რომ შესთავაზა და ესეც თანახმᲐ იყო, ეს ახსოვს ვინმეს???
9 თვის უკან
trampi რას სთხოვთ ან სხვას რას ელოდით ამ ქალისგან??
მაგის სამშობლო საფრანგეთი და არა საქართველო
ჰოოდა იმათ ბრძანებებსაც ასრულებს
9 თვის უკან