ფარმაცევტულ ბაზარზე დარღვევების აღმოჩენისა და კონტროლის გამკაცრებას ახალი ეტაპი იწყება. ამჯერად საუბარი არანორმალურ ფასნამატთან ერთად, მედიკამენტების ხარისხზეც მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, მაღალრისკიანი ქვეყნებიდან საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტების შემოტანა და წარმოება შეიზღუდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მეშვეობით, იმ უცხოურ საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში იმპორტით შემოდის.
„ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ, 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა და დასძინა, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელებთან მიმართებაში, ხარისხი არ კონტროლდებოდა და რეფერენტული ფასწარმოქმნით იაფფასიანი მოტივაცია შეიქმნა.
„ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვინც განცხადებებს აკეთებდა, თითქოს, ჩვენ, ხელს ვუწყობდით უხარისხო მედიკამენტების ქვეყანაში შემოსვლას, თვითონ შემოჰქონდათ უხარისხო მედიკამენტები. ეს, უბრალოდ, უხერხულია და ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს, ეტაპობრივად, უკვე აღვკვეთეთ და გავაგრძელებთ პრევენციას. ზუსტად, ამ ყველაფრის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში, როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, წარმოვადგინოთ შესაბამისი ცვლილებები - სამწუხაროდ, დაფიქსირებულია ფაქტები, რომ რამდენიმე მაღალრისკიანი ქვეყნიდან, მედიკამენტების შემოტანა ხდება დაუფასოებელ და თხევად მდგომარეობაში, შემდეგ კი აქ ხდება დაფასოება. ასეთი ტიპის, საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და წარმოება შეიზღუდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასობაში ფარმაცევტულ ბაზარს სხვა მხრიდან „უტევს“ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც მორიგი დარღვევის ფაქტები აღმოაჩინა და 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევაც დაიწყო. საქმე ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.
მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.
„საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.
შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:
- იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
- იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
- იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
- იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
- იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი - ზინასენი N60;
- იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;
- იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
- იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.
მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.