პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, შს მინისტრი - ანზორ ჩუბინიძე

პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, შს მინისტრი - ანზორ ჩუბინიძე

პრემიერ-მინისტრის პოსტს ძალოვანი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრის თანანმდებობას კი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.

აღნიშნულის შესახებ for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობაში განუცხადეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად - დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშილის კანდიდატურები განიხილებოდა, მაგრამ კოალიცია ფსონს ძალოვან მინისტრზე დადებს.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანანმდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე მოიაზრება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირია.

დაწინაურდებიან თუ არა ირაკლი ღარიბაშვლი და ანზორ ჩუბინიძე, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი, ხვალ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება, სადაც მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის თაობაზე იმსჯელებენ.

კერძოდ, ივანიშვილი თავის შემცვლელს სწორედ ხვალ, დაასახელებს. თუმცა, მანამდე პრემიერი შეხვედრას უმრავლესობასთან გამართავს, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშილის გაპრემიერების შესახებ პოლიტიკურ წრეებში საუბარი დღეს, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პრემიერობის საკითხზე მასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, კოალიციაში ბევრი ღირსეული კადრია, რომელსაც აღნიშნული თანამდებობის დაკავება შეუძლია.

საგულისხმოა, რომ მომავალი პრემიერის კანდიდატის ვინაობა ცნობილია, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარისთვის, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის ვინაობას ასაიდუმლოებს და ამბობს, რომ ახალი პრემიერის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას, 22 ნოემბერს გეგმავს. კოალიციის ლიდერი საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში აპირებს.