„სააკაშვილი ციხეში ზის ზუსტად იმისათვის, რისთვისაც უნდა იჯდეს - ის სასჯელს დამსახურებულად იხდის!“

„სააკაშვილი ციხეში ზის ზუსტად იმისათვის, რისთვისაც უნდა იჯდეს - ის სასჯელს დამსახურებულად იხდის!“

6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ამის ფონზე, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა. პოლიტიკოსები, ოპოზიციური ფლანგიდან, იმედს გამოთვქამენ, რომ ზურაბიშვილი მისი პრეზიდენტობის ბოლო წელს ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს და ეს იქნება ერთგვარი რევანში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გააკეთა განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ, რადგან სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას, მისთვის მნიშვნელოვანია მოისმინოს, აპირებს თუ არა იგი გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ წლიური ანგარიშის წარდგენისას, ზურაბიშვილის მხრიდან იყო კრიტიკა, ერთგვარი მიმართვებიც, მთავარსარდალს არც კი უხსენებია ყოფილი ლიდერის შესაძლო შეწყალების საკითხი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტისგან „ყველაფერია მოსალოდნელი“ და თუკი, ზურაბიშვილს უბრძანებენ, ის აუცილებლად შეასრულებს ამ ბრძანებას.

„ე.წ. პრეზიდენტისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. ის დამოუკიდებლად არაფერს გადაწყვეტს. მას თუ უბრძანებენ იქიდან, სადაც მას პატრონები ჰყავს, მაშინ შესაძლებელია. სწორედ იქიდან ყვიროდა, რომ ცოცხლად დაწვით პოლიციელებიო, რომლთა დაცვის გარანტორი თავად უნდა ყოფილიყო. როგორც 7-8 მარტს ამ ყველაფერს მათი დავალებით აცხადებდა, ისევე თუ მისცემენ მას ამ დავალებას, დღესვე გააკეთებს ამას (შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს).

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუკი მას გარედან უბრძანებენ, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიის წევრებს“. ისინი აგზავნიდნენ საქართველოში იმათ, ვისაც სურს საქართველო რუსეთთან ომში ჩართონ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ასევე მიმართა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტზე შეჯერება უნდა შეძლოს.

„მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას! თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია!

ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გვენეტაძის შეფასებითვე, დღეს ოპოზიციის ლიდერების ერთგვარ გაერთიანებას, თუნდაც პრეზიდენტთან, აზრი არ აქვს:

„რაც არ უნდა გაერთიანდეს „მეხუთე კოლონა“, გნებავთ პრეზიდენტთან, გუბაზასთან თუ შალიკოსთან, მე ვიტყოდი ასეთ რამეს, ეს იგივე იქნება რაც „მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე მიმათრიეო“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია გამორიცხავს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების საკითხს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის.

„როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, ის სააკაშვილს არ შეიწყალებს. თეორიულად დაუშვა, რომ შესაძლოა, ეს საკითხი განიხილებოდეს, მაგრამ არ მგონია, რომ მან სააკაშვილი შეიწყალოს, რადგან ის იყო მისი პირადი პოლიტიკური მტერი, ასევე მან კარგად იწვნია სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი. მის შეწყალებას გამოვრიცხავ. სააკაშვილი ციხეში ზის ზუსტად იმისათვის, რისთვისაც უნდა იჯდეს და უნდა იყოს ციხეში. სააკაშვილს არაფერი აქვს შესაწყალებელი, რადგან სასჯელს დამსახურებულად იხდის“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგმა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეები ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ გვარამიას საკითხი განსხვავებული იყო.

„რაც შეეხება ნიკა გვარამიას, არის შესაძლებელი ბევრ რამეზე შეედავო, მისი პროკურორობის პერიოდის გამო. ჯობდა, „ქართული ოცნების“ დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებს ეს გამოეძია და ამაში დაედოთ რეალური ბრალი, ვიდრე არასამართლებრივად გაუმართლებელ საქმეზე. ეს ორი განსხვავებული ქეისია“, - დასძინა პოლიტოლოგმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ ყველაზე მეტად იმ ხალხის არ ესმის, ვინც ამბობს „პრეზიდენტი იყო და ალბათ, რაღაცას დააშავებდა“. მისი თქმით, მას არ დაუშავებია არაფერი, რაშიც ადანაშაულებენ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სანამ პირში სული უდგას, არც ერთი წამი არ შეწყვეტს ბრძოლას ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის.