რუსეთის საგარეო უწყებაში, საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განცხადებას ელოდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამის წინაპირობა არის ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება. რაც შეეხება მშვიდობის შესახებ ხელშეკრულებას, საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ცეცხლის არგამოყენების შესახებ და როგორც მთავრობის წევრები განმარტავენ, ახლა რუსეთის ჯერია აიღოს იგივე ვალდებულება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ურთიერთობები იქნება რთული, თუმცა მასთან მიმართებით დასახულია სწორი და მტკიცე ვექტორი.
კოალიციის წევრების განცხადებით, გადაიხედებოდა ის ურთიერთობები, რომელიც დღეს არის რუსეთ-საქართველოს შორის. რა შემთხვევაში გადაიხედება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები?
ირაკლი ჩიქოვანი: რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ერთი ჭრილით. ეს არის ძალიან კომპლექსური ურთიერთობები, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე საუკუნეს ითვლის და წლების განმავლობაში საქართველო ხდებოდა იმ პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი, ამ შემთხვევაში ოკუპაციას ვგულისხმობ, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადახედვისას, ჩვენ გვექნებოდა მცდელობა, რომ დაგვერეგულირებინა ურთიერთობები რუსეთთან მიმართებაში, ამაზე იყო საუბარი.
ხშირ შემთხვევაში, ფრაზა - დავარეგულიროთ ურთიერთობები - ზოგიერთი ადამიანისთვის (ოპოზიცია მყავს მხედველობაში) წარმოდგენილი იყო, თითქოს, ხელისუფლება საქართველოს ევროპული ინტერესების ხარჯზე ცდილობდა ამის გაკეთებას. საქართველო შეეცდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას და, პირველ რიგში, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას მოლაპარაკების და გარკვეული ურთიერთობების მეშვეობით, ეს გადარუვალია. 2008 წელს მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და აქედან გამოსავალი ჩვენ უნდა ვეძიოთ.
რუსეთის გარეშე ამ გამოსავლის ძიება, ალბათ, წარმოუდგენელი იქნება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. მანამ, სანამ საქართველოში იქნება რუსეთის ფედერაციის ორი საელჩო, ამ კონტექსტში შეუძლებელი იქნება ვისაუბროთ რუსეთ-საქართველოს შორის სრულყოფილი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობის თაობაზე. ეს არის ფაქტი, ეს არის მარტივი რეალობა, რომელიც ჩვენ არაერთხელ აგვისახავს ჩვენ პოლიტიკურ ხედვაში და მათ შორის წინსაარჩევნო დაპირებებში. მაგრამ ურთიერთობების მოგავრება უნდა დაიწყოს და ამაში უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მექანიზმი, ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი რომელიც არსებობს, ეს არის ჟენევის ფორმატი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, არ ჩნდება ისეთ ეფექტურ ფორმატად, როგორიც საზოგადოებას სურს. მაგრამ, ამ ფორმატის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან არის ორი მხარე - რუსეთის ფედერაცია და საქართველო და არის ასევე საერთაშორისო ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ევროპის კავშირი. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ ფორმატის ფარგლებში შევეცადოთ იმ ხელშეკრულების პირობების შესრულება, რომელიც რუსეთის ფედერაციას გააჩნია. სხვა მხრივ, მე ვთვლი, რომ გარკვეული ნაბიჯები საქართველოს მხრიდან გადაიდგა.
რას გულისხმობთ, კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს? ეს ფორმატი ორიენტირებულია არა პოლიტიკურ ნაწილზე, არამედ ეკონომიკურ და კულტურულ ნაწილზე...
- მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ვინაიდან, ეს არის ფორმატი, რომელიც საუბრობს ძალიან კონკრეტულ საკითხებზე და ამან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. არავის არ ჰქონია იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ ფორმატით შევძლებდით ვითარების სრულად დარეგულირებას და თვითონ ბატონი ზურაბ აბაშიძეც საუბრობს ამაზე, რომ ეს ფორმატი არაა ის ფორმატი, სადაც პოლიტიკურ დარეგულირებაზე ვისაუბრებთო.
ის, რომ დღეს ქართული პროდუქცია იყიდება რუსეთის ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი. ეს არის ეკონომიკური და კულტურული მხარე, პოლიტიკურ ნაწლში ჩვენ კიდევ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჟენევის ფორმატში. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ეს არაა ერთი და ორ-დღიანი საქმე, ეს არის ძალიან სერიოზული, დაძაბული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გველის.
რუსეთის საგარეო უწყებაში ღიად აცხადებენ, რომ აფხაზეთში ელოდებიან გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, თბილისსა და სოხუმს შორის მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ცეცხლის არგამოყენების შესახებ პოზიციები არაერთხელ არის დაფიქსირებული. ეს განცხადება საქართველოს არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ ეს არის მათი პოლიტიკური მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით. მათ სჭირდებათ ორმხრივი შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ცეცხლის არგამოყენების შესახებ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - სეპარატისტულმა რეჟიმებმა საკუთარი თავი წარმოადგინონ თანაბარ სამართლებლივ სუბიექტად.
საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი და საერთაშორისო ფორმატების დახმარებით, ეს ჩვენი პოზიციაა და ამ პოზიციის ერთგულები ვრჩებით. ძალიან მნიშვნელოვანი გზა გვაქვს გასავლელი და ძალიან ბევრი ძალისმხევა უნდა დავხარჯოთ არა მხოლოდ იმაში, რომ ველაპარაკოთ რუსეთის ფედერაციას, არამედ გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ ადამიანურ კავშირებს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს. ნდობის აღდგენა და გარკვეული კავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და გამოსადეგი ბერკეტია, როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება ამტკიცებს კონფლიქტების დარეგულირების სფეროში.
რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ვითარება საკამოდ დაძაბული იყო, შეწყდა ყოველგვარი თანამშრომლობა, მოხდა კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარება და ეს რუსეთის ხელისუფლებამ სააკაშვილის მიერ წარმოებულ პოლიტიკას დააბრალა. დღეს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთმა აღიარების პოლიტიკა წაიღოს?
- მე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რისთვის ვართ მზად, ანუ - პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ უპირობო საუბარი დეოკუპაციის საკითხზე. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ძალიან ძნელია წაიღოს უკან აღიარება, რომელიც მან ძალიან არასწორად და ნაჩქარევად გააკეთა 2008 წელს, ეს არის რეალობა.