„მე რაც გავიგე, ის არ აპირებს პრეზიდენტობიდან წასვლას და სწორედ ამ პოსტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოპოზიციას არჩევნების დროს დაეხმაროს“

„მე რაც გავიგე, ის არ აპირებს პრეზიდენტობიდან წასვლას და სწორედ ამ პოსტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოპოზიციას არჩევნების დროს დაეხმაროს“

როგორც ხელისუფლება ამბობდა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური კარტი გახსნა და პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს, ოპოზიციას ტრიბუნიდან ერთიანი პლატფორმის შექმნა შესთავაზა. მან ოპოზიციას ერთიანობის და გამარჯვების ფორმულის მოფიქრება ორბელიანების სასახლეში შესთავაზა. მალე პრეზიდენტის ეს რეზიდენცია პოლიტიკური კონსულტაციების ცენტრად გადაიქცევა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ელოდება ყველა პროევროპულ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ფიქრობს, რომ ერთიანობა ევროპული მომავლისთვის აუცილებელია. ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ახალი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა, ოპოზიციას კი უთხრა, რომ ერთმანეთის ლანძღვას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ.

ახლა მთავარი კითხვაა, შეიქმნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ დიდი პოლიტიკური ცენტრი და რა გეგმა აქვს პრეზიდენტს ვადის ამოუწურვის შემდეგ? ამის პარალელურად, მყისიერად, მეხუთე პრეზიდენტს მხარდაჭერა მესამემ - მიხეილ სააკაშვილმა „ვივა-მედიდან“ გამოუცხადა. სააკაშვილი პარტიებს ურჩევს, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდენენ და ირიბად მიანიშნა, რომ ეს სალომე ურაბიშვილი უნდა იყოს.

მოსალოდნელი ე.წ. ერთობა „ოცნებისთვის“ გასაკვირი არ აღმოჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშში საინტერესო არაფერი იყო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო – მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახლა კი საინტერესოა, რომელი ოპოზიცხიური პარტიები აპირებენ ამ ერთობის პლატფორმაში გაერთიანებას. უკვე ცნობილია ვინ მივა და ვინ არა ათონელის რეზიდენციაში.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა“, - ამ განცხადებას ალეკო ელისაშვილი აკეთებს.

ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი დაესწრება პრეზიდენტის პლატფორმას, თუმცა პესიმისტურადაა განწყობილი შედეგების მიმართ. როგორც ელისაშვილი ამბობს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას გეგმავს ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, თუნდაც მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით - „რას ვუკეთებთ მურუსიძეს, როგორ აღარ იქნება ის მოსამართლე?“, - აღნიშნავს ის.

 „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობას არ მიიღებს. გიგი წერეთლის თქმით, გუნდში ამ თემაზე კონკრეტულად არ უმსჯელიათ, თუმცა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, შედეგის მოლოდინი არ აქვთ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიღებს მისი გუნდი მონაწილეობას პრეზიდენტის დაანონსებულ პლატფორმაში.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, ისინი ენმ-ს გვერდით არ დაჯდებიან, მით უმეტეს იქ, სადაც მმართველი პარტია არ იქნება. როგორც ლილუაშვილი ამბობს, პრეზიდენტის ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“: „მზად ვართ, განვიხილოთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა“, - ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების თანხმობის შემთხვევაში, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება სავსებით შესაძლებელია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, ოპოზიციურ ლიდერად გამოაცხადა თავი. თუმცა არ გამართლდა ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ ის არჩევნების წინ გადადგებოდა და ოპოზიციურ რომელიმე პარტიასთან ერთად პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობდა. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს უფრო ამბიციური და შორსმჭვრეტელი მიზნები აქვს, ვიდრე რიგით ოპოზიციონერობაა.

„მე რაც გავიგე, ის არ აპირებს პრეზიდენტობიდან წასვლას და სწორედ ამ პოსტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ოპოზიციას არჩევნების დროს დაეხმაროს. მას შემთხვევით არ უხსენებია, სასამართლო, იუსტიციის საბჭო, პროკურატურა და ა.შ. რა თქმა უნდა, ის რომ გადადგეს და რიგითმა ოპოზიციონერმა დაიწყოს ბრძოლა, მის სიტყვას არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორიც პრეზიდენტობის შემთხვევაში ექნება. ის აპირებს არჩევნების დროს ამ პოსტის და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას.

მან პირდაპირ ღიად განაცხადა, რომ სურს ერთიანი ოპოზიციის ლიდერობა, რაც ჩემთვის ნაკლებად წარმოსადგენია. ალბათ, შეიქმნება ასეთი პლატფორმა, რომლის სათავეშიც თავად იქნება და დასავლეთის თვალშიც გამოჩნდება მნიშვნელოვან ფიგურად, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებას განაგრძობს. ანუ ხელისუფლების ისევ პრორუსულ ძალად წარმოჩენას შეეცდება და პროდასავლურობის ხაზს გააგრძელებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება ახალგაზრდებისთვს მოწოდებას და მათ ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში, ანჯაფარიძემ ეს აღიქვა მოწოდებად, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან ახალგაზრდების აჯანყების წახალისებაა. ანუ დაუმორჩილებლობის და რაღაცა დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, თუკი არჩევნების შედეგები ოპოზიციისთვის მისაღები არ იქნება.

„ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს პირდაპირ ამბოხისკენ მოუწოდა და რაღაცა ისეთი განცხადება გააკეთა, რაც ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო. მისი ამბიციები რამდენად არის სხვა პოლიტიკურ პარტიების ლიდერებთან შესატყვისი, ეს არის საინტერესო. რამდენად მისცემენ მას საშუალებას, რომ ერთიანი ოპოზიციის ლიდერი იყოს. მეორეც, საინტერესოა ზურაბიშვილს დაუსვან კითხვა, რამდენად მიიჩნევს ის ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და სხვა ნაციონალების გამოყოფილ პოლიტიკურ ფიგურებს პროდასავლურ ძალად.

ასევე, რამდენად არის მისთვის მისაღები „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა. ჯერ არავინ იცის ოპოზიციურ ფლანგზე რა და როგორ გადალაგდება. არ ველი, რომ ზურაბიშვილს ვინმე მთავარ ლიდერად დაისვამს. ჩვენთან ოპოზიციაში ყველას იმხელა ამბიციები აქვს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მის იდეას ყველასგან დადებითი შეფასება მოჰყვეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ ერთი, სააკაშვილს საკუთარ პარტიაშიც კი არავინ აღარ უსმენს. მეორეც, ის არის უკრაინის მოქალაქე და მას არავინ არაფერს ეკითხება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ინიციატივები ისევე გაქრება, როგორც სხვები აქამდე დაანონსებული გაქრა, რადგან სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა, პარტიაშიც კი ვეღარ მართავს პროცესებს. ამიტომ მისი ინიციატივა ვერ გახდება სერიოზული პოლიტიკური განხილვის საგანი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეცდება ნელ-ნელა ოპოზიციურ ფლანგზე გადალაგდეს. მისი აზრით, ზურაბიშვილი ახლა ვითომ ამ პლაცდარმის შექმნით ცდილობს ოპოზიციისგან ლეგიტიმაცია მოახდინოს.

„მე იმასაც კი ვუშვებ, რომ შესაძლოა, პოლიტკური ინსუნაციებისთვის მან სააკაშვილის შეწყალების თემაც კი გამოიყენოს. ოპოზიციის რადიკალური ფრთა ზურაბიშვილთან სიმფონიაში ჟღურტულებს. აქებენ მის გამოსვლას და ამ პალტფორმაში გაერთიანებაზე უარსაც არ ამბობენ. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ზურაბიშვილს აღებული აქვ გეზი, რამენაირად საპრეზიდენტო მანდატი ზაფხულამდე გამოიყენოს, შემდეგ კი საარჩევნო კამპანიის პროცესში ან გადადგეს, ან სხვა ფორმით ჩაერთოს. თქვა კიდევაც, რომ რაღაცა პლატფორმის შექმნას აპირებს.

მისი გამოსვლა იყო უსუსური და აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი დელიკატური ნიუანსი, ქალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, წარმოიდგინეთ, ბარბაროსული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილ უკრაინაზე, რომელიც სუს-მა გამოააშკარავა, ერთი განცახდებაც კი არ გააკეთა. რაღაცა ოდიოზური და სეპარატისტულ შარლ მიშელის დოკუმენტებზე ვაჭრობდა“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, მან ერთი განცხადებაც კი არ გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სოციალურ მდგომარეობაზე. ქადაგიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ ზურაბიშვილს ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

„ტრიბუნასათნა იდგა არა პრეზიდენტი, არამედ რიგითი ბოკუჩავა, სამადაშვილი, ნაცვლიშვილი, გვარმია და სხვა ოდიოზური ოპოზიციური ლიდერები. მას არაფერი ეტყობოდა, რომ პრეზიდენტის რანგში საუბრობდა. დავწერე კიდევაც და კიდევ ვიტყვი, რომ სააკაშვილს ორი წარმომადენელი ჰყავს, ქუჩაში სოფო ჯაფარიძე, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებაში ჰყავს გამოდებული. ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობის“ ლიდერივით საუბრობდა. როგორი ფორმით, რანაირი იურიდიული სტატუსით იქნება ის ახლა ვთქვათ - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი თუ პარტნიორის როლში იქნება, ეს უკვე გემოვნების საკითხია. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების 98% გავლენების ბენეფიციარები არიან. გახარია იქნება, ხაზარაძე თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, რასაც დაუკვეთავენ და უბრძანებენ, იმას გააკეთებენ, თუკი ეტყვიან, რომ ზურაბიშვილი უნდა იყოს ე.წ. ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, ყველა მათგანი თანახმა იქნება. ამიტომ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის წინ და ზურაბიშვილმა პირველი კარტები უკვე გახსნა“, - ამბობს ქადაგიძე.