პარლამენტში, მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტისთვის კენჭისყრა ხუთშაბათს იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უმრავლესობა ახალ მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია.
ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატი მთავრობაში რამოდენიმე მინისტრის შეცვლას გეგმავდა, მათ შორის კულტურის, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ირაკლი კობახიძემ ჯერჯერობით, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეცვალა. for.ge-ს ინფორმაციით თავდაცვის მინისტრის შეცვლა პარტიის საპატიო თავმჯდომარის ინიციატივა იყო, ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრის, თუმცა ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად კობახიძის მიერ წარდგენილ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა, ისევე როგორც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას.
შესაბამისად, ამ ეტაპაზე, სამთავრობო ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრით შემოიფარგლა. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ირაკლი კობახიძის მთავრობაში სამთავრობო კარუსელი არჩევნებამდე დატრიალდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მინისტრია და თალაკვაძე ამ თანამდებობაზე იმდენს ვერ დააშავებდა, რამდენიც უკევ დააშავა მოქმედმა მინისტრმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თავისთავად ეს ცვლილება ხანმოკლეა და მას ვადა შემოდგომამდე აქვს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ დიდი მონდომებებით გადაადგილებები არც მოხდეს.
„მაშინ ჩნდება კითხვა, რა საჭირო იყო ეს როქი - ერთი ირაკლის გაცვლა, მეორეზე? ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში, იმით იხელმძღვანელეს, რომ ახლა ცვლილებები არ მოხდება, მაგრამ აი, ახალი პარლამენტის არჩევის მერე მოხდება უფრო მომზადებული ცვლილებები. როგორც წესი, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი მოულოდნელობის გამო კარგად მომზადებული არ არის ხოლმე და ყველა კანდიდატი კარგად გათვლილი არ აქვს. მე მგონია, რომ ასეთი გათვლებისათვის აიღეს ეს დრო და პარლამენტის არჩევის შემდეგ გარკვეული ექნებათ, ვინ უნდათ.
ახლა შეიძლება თვითონაც არ იციან, ვინ უნდათ ძირითად ადგილებზე და აი, ამ კანდიდატურებზე მუშაობის დროს, რომ ის პრემიერი, რომელსაც სამომავლოდაც აპირებენ რომ დატოვონ, ვგულისხმობ კობახიძეს, დაჯდეს და იფიქროს, რომელი კანდიდატურებია შესაცვლელი და ვისით. ამის მერე, როცა მოვა დრო, ავტომატურად მოხდება ეს ცვლილება. ეს გზა მესახება ლოგიკურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მმართველი პარტია არალოგიკურ ნაბიჯებს დგამს. მეცოდება მაგ დიაგნოზისთვის მმართველი პარტიაც და ქვეყანაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში განხორციელდეს სამთვრობო ცვლილება.
„არ ვარ ამ პროცესებში ჩართული და, რა თქმა უნდა, გამიჭირდება იმის თქმა, ან ძალიან კარგია, ან ძალიან ცუდია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამიზნულად დაბრუნდა პოლიტიკაში, გათვლილი აქვს ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც დღეს გვყავს „ქართულ ოცნებაში“ და საჭიროების შემთხვევაში მცირე ცვლილებები, ეს იქნება მხოლო და მხოლოდ საკეთილდღეო „ქართული ოცნებისთვის“, რომ 2024 წლის ძალიან მძიმე არჩევნები ჩვენ სამართლიანად საარჩევნო ურნასთან ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და წარმატებით მოვიგოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.
ანაალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ფაქტობრივად, ირაკლი კობახიძეს, როგორც პრემიერ-მინისტრს აქვს 6-თვიანი ვადა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაკომპლექტდეს ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა იქნებს წარდგენილი. თუმცა არ იცის „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რას გადაწყვეტეს მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება უკვე ოფიციალურად, პარტიის ახალი წესდების მიხედვით.
„შესაძლოა და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს 6-თვიანი ვადა მისცა იმისათვის, აჩვენოს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრის რანგში, როგორ გაუძღვება ის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ვიცით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ უმუშავია, ძირითადად, იყო პარტიის ლიდერი და პარლამენტში მუშაობდა. აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი სპეციფიკა აქვს და თუ კობახიძემ კარგად გაართვა თავი საქმიანობას, არ არის გამორიცხული, რომ ხელმეორედ წარადგინოს ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე“, - აღნიშნა for.ge-სთან ზაალ ანჯაფარიძემ.