„ქართული ლეგიონის წევრების მხრიდან არაერთი მუქარა იყო და რისკი იმისა, რომ საქართველოს დივერსიების პლაცდარმად გამოიყენებდნენ, იყო და კვლავ არსებობს“

„ქართული ლეგიონის წევრების მხრიდან არაერთი მუქარა იყო და რისკი იმისა, რომ საქართველოს დივერსიების პლაცდარმად გამოიყენებდნენ, იყო და კვლავ არსებობს“

ხმაურიანი სპეცოპერაცია - სუს-მა რუსეთში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა. ლილუაშვილის უწყება უკრაინას საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალებების საქმეში 12 პირი იყო ჩართული, მათ შორის საქართველოს შვიდი მოქალაქე, სომხეთის 2 და უკრაინის  3 მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ზელენსკის პარტიის წევრი, ანდრეი შარაშიძე უწევდა ორგანიზებას. გამოძიების მტკიცებით, ძლიერი ფეთქებადი საშუალება „სი-4“ ოდესიდან ორი ქვეყნის გავლით გადმოიტანეს საქართველოში.

რატომ დატოვეს ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილი თბილისში? - კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის ბაჩა მგელაძის განმარტებით მათ აქვთ ვერსია, თუ რატომ და რა მიზნით დარჩა 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში. მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და, ამ ეტაპზე, დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს.

მარშრუტი, რომლითაც „სი-4“ უკრაინიდან საქართველოში შემოვიდა - სად უნდა მომხდარიყო აფეთქება?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთები, ელექტროავტომობილისთვის განკუთვნილი აკუმულატორებია, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, კონტეინერის ფუნქციას ასრულებდა და მათში ექვს ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავდნენ. ირკვევა ისიც, რომ ამანათი საქართველოს ტერიტორიაზე სარფის გამშვები პუნქტის გავლით მოხვდა და მისი გატანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იგეგმებოდა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებით, გამნაღმველების ჯგუფმა კონტეინერებიდან ასაფეთქებელი ნივთიერება - „სი 4“ ამოიღო, მის ნაცვლად მულაჟი მოათავსა და კონტეინერებს პირვანდელი ვიზუალური მდგომარეობა დაუბრუნა.

თავდაპირველი მარშრუტით, საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოსული ასაფეთქებელი ნივთიერები, საკონტროლო გამშვები პუნქტის - დარიალის გავლით, რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად, ვორონეჟში უნდა მოხვედრილიყო. მოგვიანებით, დამკვეთმა გეგმა შეცვალა და ერთი კონტეინერი, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას - „სი-4“-ს. მისი მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტროდეტონატორისა და სპეციალური ტაიმერის საშუალებით, რომელიც 2 საათის შემდეგ აფეთქების რეჟიმზე იყო დაპროგრამებული. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. მოწყობილობა აფეთქებისა და დაზიანების ფართო რადიუსზე იყო გათვლილი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებაში საქართველოს ტერიტორიის გამოიყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანას ამ სქემის განხორციელება და დაგეგმა დაბრალებოდა.

ორი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ სქემაში ჩართულ ადამიანებს ამოძრავებდათ

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნულ ტრვირთს უნდა აეფეთქებინა არა მარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, არამედ სერიოზული საგარეო პოლიტიკის აფეთქება უნდა გამოეწვია.

„ამ ტვირთმა გამოიარა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ბულგარეთი, რუმინეთი, შემოვიდა თურქეთში. თურქეთიდან კი სარფის გავლით, საქართველოში შემოაღწია. ჩვენი საქართველოს სპეცსსამსახურების პროფესიონალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ დროულად მოხდა ამ ტვირთის კონტეინერებიდან ამოღება, რათა არ მომხდარიყო, ან თვითაფეთქება ან მისი სპეციალურად განადგურება. ამის საშუალება მოწინააღმდეგეს არ მისცეს, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებისგან და დეტონატორებისგან გამოცვლილმა ტვირთმა გააგრძელა მოძრაობა, რათა გამოვლენილიყო ამ სპეცოპერაციის კიდევ სხვა მონაწილეთა ვინაობა.

გაირკვა, რომ ნაწილი უნდა გადასულიყო რუსეთის ტერიტორიაზე დანიშნულების ადგილი იყო ვორონეჟი, ხოლო ნაწილი დატოვებული იქნა თბილისში. აქედან გამომდინარე, ჩანს უკვე, რომ რუსეთისკენ მიმავალ ტვირთს უნდა გამოეწვია სერიოზული პრობლემები. გამომგზავნი მხარე, ანუ უკრაინა, მომენტალურად არ დამალავდა იმას, რომ ამ ასაფეთქებლებმა რუსეთში სწორედ საქართველოს გავლით შეაღწია.

დაადანაშაულებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტვირთის განზრახ გატარებაში, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს შეუქმნიდა იმ პრობლემებს, რომელსაც ორი წელია უკრაინიდან ცდილობენ შეგვიქმნან“, - ამბობს ქართველიშვილი.

კითხვაზე შესაძლოა მზადდებოდა თუ არა ეს ტერორისტული აქტები იმის გამო, რომ საქრთველო რუსეთთან რაიმე სახის კონფროტაციაში ყოფილიყო ჩათრეული, ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ჯგუფის და მათი დამკვეთების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.

„რა თქმა უნდა, ეს არის, ისევ და ისევ, იმის მცდელობა, რომ ვიღაცებს საქართველოში სიმშვიდე ვერ აძინებთ და კვლავ მეორე ფრონტის გახსნის ოცნება აქვთ. მეორე იყო ასევე შიდა მოხმარებისთვის, რომელსაც ნებისმიერ მომენტში თბილისში ან საქართველოს სხვა ადგილებში, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის სერიოზულად დაზიანება შეეძლო. ეს არის ჩვენი ნავთობსადენები, გაზსადენები, ელექტროგადამცემი ბოძები და ა.შ. ეს კი საქართველოში შიდა არეულობას შეუწყობდა ხელს, მით უმეტეს ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდია.

ამ სიცივეში, თუნდაც საკუთარი მოსახლეობის საფრთხის წინაშე დაყენება, ქუჩის აქციების მობილიზებას ხელს შეუწყობდა, სადაც ხელისუფლებას უუნარობაში დასდებდნენ ბრალს. იტყოდნენ, რომ სპეცსამსახურები არ გვყავს და სისტემა ჩამოშლილია. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამ ყველა შესაძლო კითხვას, თავისი გამოკვეთილი და მყისიერი პასუხი გასცეს. პროფესიონალური თვალსაზრისით, ეს მართლა უნიკალური სპეცოპერაცია იყო. მისი საკმაოდ მოკლე დროში და სისწრაფეზე გათვლილი მოქმედება, თავიდანვე ჩვენი სპეცამსახურების კონტროლის ქვეშ იქნა აყვანილი“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება მთავარ დამკვეთს და ამ ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრია შარაშიძეს, ქართველიშვილი ამბობს, რომ თვეების განმავლობაში, მათ შორის „ხალიხს ძალა“, საუბრობდა იმ მუქარებზე, რომელიც უკრაინიდან მოდიოდა. ამ სპეცოპერაციით კი დგინდება, რომ ისინი სიმართლეს ამბოდნენ და საფრთხე რეალური იყო.

„ე.წ. ქართული ლეგიონის წევრების მხრიდან ხელისუფლების მისამართით, არაერთი მუქარა იყო. ისინი ქართველებს გვპირდებოდნენ და გვემუქრებოდნენ, ხან ტანკებით შეოსვლით, ხანაც ბოძებზე ჩამოკიდებით და განადგურებით. რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ საქართველოს დივერსიების პლაცდარმად გამოიყენებდნენ, ეს რისკები იყო და არსებობს. ჩვენ უკრაინიდან ჩამოსული მეომრები დავინახეთ ასევე, შარშან, რუსთაველზე მარტის აქციებზე. ისინი პერიოდულად ჩამოდიან და სადაზვერვო ღონისძიებებს ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები შეეცდებოდნენ საქართველოს რუსეთთან საფრთხის ქვეშ დაყენებას. ეს გამოიკვეთა სუს-ის სპეცოპერაციების ჩატარების შედეგად. მეორეც, ისინი შეეცდებოდნენ შიდა დივერსიის შედეგად, თავიანთი რადიკალური და დესტრუქციული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას.

 2024 წელი ქართული პოლიტიკისთვის, ხელისუფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება. დიდი ალბათობით, ბოლო დღეებში 112-ში შესული ზარები ასაფეთქებლების შესახებ ბათუმსა და თბილისში ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ამას სწორედ ჩვენი სპეცსამსახურების ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად აკეთებდნენ. ხოლო ამ ფეიკ შეტყობინებებით, უმძიმეს დივერსიას გეგმავდნენ“, - ამბობს ქართველიშვილი.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე ფაქტია და კარგია, რომ ამის ლიკვიცდაცია მოხდა. არეშიძე ამბობს, რომ ასაფეთქებლები შესაძლოა შემოტანილიც იყოს და აქ დამზადებულიც. მნიშვნელოვანი ის არის, ეს ავტმობილი რა ნომრებით მოძრაობდა და რომელი ავტომობილით აპირებდნენ მის გატანას.

„ეს ამბავი მახსენებს იმ ტერაქტს, რომელიც ყირიმის ხიდთან იყო დაკავშირებული და მაშინაც საქართველო იყო ნახსენები. თავისთავად, რასაკვირველია, ეს ამბავი ძალიან საფრთხილო და საქებარია, რომ სპეცსამსახურმა ასე ოპერატიულად და პროფესიონალურად იმუშავა. საინტერესო ისაა, ვისი გაკეთებულია ეს, ჯერჯერბით ჯობია გამოძიებამ გვითხრას.

ეს არის უკრაინული სპეცსამსახრების ჩანაფიქრი, თუ რომელიმე მესამე ძალის, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს დისკრედიტაციაზე. ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ ვიღაცა ძალიან ცდილობს საქართველო რაღაცა უბედურებაში გახვიოს და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს. მე მგონია, რომ ეს საქართველოში ტერაქტზე არ იყო გათვლილი. უფრო ეს იქნებოდა რუსეთში ტერაქტი, რომელიც საქართველოს უნდა დაბრალებოდა“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ეს დიდი ხნის განმავლობაში დაწყებული სპეცოპერაციაა და ასაფეთქებელი საშუალება აქ მესაზღვრეებს არ აღმოუჩენიათ. არეშიძე ვარაუდობს, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ ამ მარშუტის შესახებ და ის საზღვარზე გადმოატარეს, რათა ამ დანაშაულებრივ ჯგუფის სხვა წევრებიც დაედგინათ.

„მე ვფიქრობ, ჩვენს სპეცსამსახურებს ამაზე უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ და ეს არ არის საზღვარზე გადმოტანის დროს აღმოჩენილი. ასეთი ტიპის ოპერაციების დროს ხდება ხოლმე რომ კვალს მიჰყვებიან. შესაძლოა, იცოდნენ, რომ საზღვარზე შემოდიოდნენ, ამის უფლება მისცეს და გაჰყვნენ. ამიტომაც, ჯამში, დააკავეს 12 ადამიანი და გამოძიება სხვების დადგენაზე კიდევ მუშაობს“, - ამბობს არეშიძე.