ნაცებმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს - ლევან ხაბეიშვილის ჩანაცვლება ნიკა გვარამიათი. პოლიტიკაში სულ მუდამ მყოფი გვარამია კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას გეგმავს და ხაბეიშვილისთვის წართმეულ ელექტორატს ჰპირდება, რომ „ბლიცკრიგისთვის“ ემზადება, რადგან მისი პოლიტიკური პლატფორმა ფორმირების პროცესშია, მისი გუნდის მნიშვნელოვანი ბირთვი კი უკვე ჩამოყალიბებულია.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების შემდეგ გვარამია უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს და ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მისი მოკავშირეები „ნაცმოძრაობის“ მიღმა არიან. გვარამია მოელის, რომ არჩევნებში ნაცებზე მეტ ხმებს აიღებს, ამიტომ ნაციონალებთან გაერთიანებას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კოალიციას მათ გარეშე ვერ ხედავს.
აღმოჩნდა, რომ გვარამიასთვის პრიორიტეტს ახალი სახეები წარმოადგენენ, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულნი არიან. ვის თუ არა, გვარამიაზე უკეთ ვის ეცოდინება, რომ ნაციონალების ძველი სახეები თვით საკუთარ ამომრჩეველსაც არ სჭირდება, მაგრამ გვარამიას გამორჩა ერთი მთავარი რამ, რომ იმ ახლებში თავად იქნება ძველი სახე და ძველი ლოკომოტივით წაყვანილი ახალი მატარებელი ახლად ვერ აღიქმება.
გვარამიაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დაიდგმება დრამატული სცენა, თუ როგორ გაემიჯნა 1-2 ადამიანი „ნაცმოძრაობას“, როგორც ეს მოხდა გიორგი ვაშაძის შემთხვევაში, რომელიც თითქოს დასცილდა „ნაცმოძრაობას“, აკრიტიკებდა მას, თავს ესხმოდა, მაგრამ ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დასრულდა, ანუ გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობას“ კვლავ ჩაეხუტა და ისიც ჩახუტებულივით მიიღო დედა - პარტიამ.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გვარამიას ყველა განცხადება რეალობას მოკლებულია, თითქოს იგი პოლიტიკაში ბრუნდება, როცა პოლიტიკიდან არც გასულა და თითქოს სხვადასხვა შეთავაზებას განიხილავს პარტიებისგან, როდესაც პირიქით ხდება - კარდაკარ დადის და სხვადასხვა პარტიას ეხვეწება, რომ მიიღონ.
როგორც ოპოზიციაში, ისე „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ყალბია ნიკა გვარამიას მცდელობა, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნოს, რადგან გვარამია ვერასოდეს იქნება „ნაცმოძრაობის“ გარეშე, როგორც ამ პარტიის იდეოლოგი და შემოქმედი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალებს შესაძლოა, მცდელობა აქვთ, ხაბეიშვილი გვარამიათი ჩაანაცვლონ, რადგან ხაბეიშვილი ძალიან ოდიოზური ფიგურაა და საპარლამენტო არჩევნებში ხაბეიშვილის მეთაურობით გასვლა არ აწყობთ. ხაბეიშვილთან შედარებით გვარამია ერთი თავით მაღლა დგას ყველაფერში, მაგრამ გვარამია იმ სისტემის ნაწილია, რეპრესიული სისტემის ნაწილი.
„ცხადია, გიორგი ვაშაძეც „ნაციონალური“ სისტემის ნაწილი იყო, მაგრამ გვარამია უშუალოდ რეპრესიული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ბოლოს და ბოლოს, გვარამია პროკურორი იყო. ამდენად, რა აზრი აქვს, გვარამიას პარტიაში ახალი სახეების მიყვანას? ვის ემიჯნებიან ამ ნაბიჯით? საკუთარ თავს? მეორე მხრივ, ხაბეიშვილთან ერთად არჩევნებზე გასვლა, რბილად რომ ვთქვათ, ნაცებისთვის ცოტა „ტეხავს“. ამიტომ ნაცები გამოსავალს ეძებენ. რა თქმა, უნდა, ხაბეიშვილის ნაცვლად გვარამია მათთვის იდეალური ვარიანტია, ოღონდ აქ მეორე პრობლემაა, გვარამიას გუნდში ყოფნა არ ნიშნავს ნაციონალებისგან მოწყვეტას, ეს ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო თემას აძლევს. „ქართულ ოცნებას“ თუ ასეთ თემას მისცემ საარჩევნოდ, ამას რა სჯობს? ისევ დაიწყება მუდმივად ლაპარაკი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერ პირველი კონკურენტია და „ოცნება“ თუ წააგებს, მოვლენ ნაცები. ის, რომ ნაცების დაბრუნების საშიშროება არსებობს, სულ ახლახანს ჩატარებულ ყრილობაზეც გამოჩნდა, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ დაშლილია პატარ-პატარა პარტიებად“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამია ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ყოფნას აპირებს, როგორიცაა ემგიმოელი ხოშტარია და „გირჩი“ ზურაბა. ეს კი ერთ ქართულ სიბრძნეს მოგვაგონებს, „მკვდარი მკვდარსა აეკიდა, საფლავამდე მიმათრიეო“.
„ქართული კლასიკის შედევრი „ბაში-აჩუკი“ გავიხსენოთ, სადაც აბდუშაჰილს რომ წააქცევს ბაში-აჩუკი, ქართველები ამბობენ, „ახლა გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“-ო. ანალოგიური სიტუაციაა გვარამიასა და ე.წ. ტროიკის შემთხვევაში. ესენი არიან პოლიტიკურ კანალიზაციას გაყოლილი პოლიტიკური გვამები და ყეფენ ყეფისათვის. ხაბე რომ ჩაანაცვლონ, ვისით უნდა ჩაანაცვლონ? რომელი ჰყავთ უკეთესი? გვარამიაა ხაბეზე უკეთესი, ხოშტარია, თუ „გირჩი“ ზურაბა? სამივე ერთი დედის შვილები არიან. უკეთესი იქნება, ისინი გაეცალონ ქართულ პოლიტიკას. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა გარედან, დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება არჩევნებს აუცილებლად დიდი ანგარიშით მოიგებს და, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების პოლიტიკურ-სამართლებრივი გასამართლება. მათ აუცილებლად პასუხი უნდა აგონ იმ უბედურებისთვის, რაც ქვეყანას დაატეხეს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე აზრით, ასევე, პასუხი უნდა აგონ იმ აგენტებმა, რომლებიც უკვე თვითონვე აღიარებენ, ჩვენ აგენტები ვართო. ხიდაშელმა პირდაპირ თქვა, მე ვარ „ტაივანჩიკიო“, ანუ ტაივანის აგენტიო.
„ალბათ, მისი ქმარი მანჯურიის აგენტია. ეს ხალხი იყო უმაღლეს საკომანდო ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს. ერთხელ და სამუდამოდ ეს დასამთავრებელია, თორემ ასეთ რყევებს ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.