„ხელისუფლებამ დაუშვა გარკვეული შეცდომები. ვერ დაარწმუნა ელექტორატი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა“, - გუნუცხადა for.ge-ს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორმა კახი კახიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით ამომრჩევლის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული მუდმივად მიდის საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუტის მკვეთრ შესუსტებასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგის განცხადებით, ეს რიტორიკა გარკვეულწილად ამ ხელისუფლებამაც გააგრძელა.
ბატონო კახი, შეაფასეთ საპრეზიდენტო არჩევნები... პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ხალხი გაოგნებულია იმ პროცენტებით რაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა მოაგროვა... შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო ის შედეგი რაც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა?
- ეს პროცენტული გაანგარიშება საერთო ამომრჩევლის განწყობიდან და მათი ხმების გაანგარიშებით არ მომხდარა. ეს მხოლოდ იმ ამომრჩევლით განისაზღვრა, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ბაქრაძის მოტივირებულ ამომრჩეველს, რომ მიეღო, მაშინ 100%-ს აიღებდნენ.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ თავად დაუშვა გარკვეული შეცდომები. ვერ დაარწმუნა ელექტორატი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
გარდა ამისა 2010 წლიდან მოყოლებული მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი, რომ 2013 წლიდან პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის მოდელის მიხედვით არანაირი უფლება აღარ ექნება. თავიდან ამ ხელისუფლებამაც გააგრძელა ეს რიტორიკა. გახსოვთ - საუბრობდნენ, რომ იმდენად უუფლებო პრეზიდენტი გვეყოლება, ხომ არ სჯობს ხალხმა აირჩიოსო? ამან გარკვეულწილად ამომრჩევლის მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედა. ამ საუბრებიდან გამომდინარე ხალხის ნაწილი მივიდა დასკვნამდე რომ არჩევნებზე არ წასულიყო. მით უფრო, რომ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შიში არ ჰქონდათ.
ფიქრობთ, რომ არჩევნებზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ მივიდნენ? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ არჩევნებზე ის ამომრჩეველი არ მივიდა, ვინც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი?
- ვფიქრობ, რომ არჩევნებზე მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოტივირებული ამომრჩეველი, ასევე - „ოცნების“, ბურჯანაძის და სხვა კანდიდატების მოტივირებული ამომრჩეველი.
არ მივიდა ის, რომელიც არასდროს არ მისცემს ხმას „ნაცმოძრაობას“, მაგრამ არც „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის კმაყოფილი. არ მივიდა ხმის მისაცემად იმიტომ, რომ ამ ორ პოლიტიკური ძალიდან არც ერთს არ მისცემდა ხმას. გარდა ამისა ვერც ნინო ბურჯანაძემ ვერ დაარწმუნა, რომ წასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.
ნინო ბურჯანაძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, შედეგები გაყალბდა...
- ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, როგორშიც არასოდეს არ ჩატარებულა. იგი უდავოდ საუკეთესო იყო, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც დღეს მოქმედებს არ არის სრულყოფილი და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული. ამ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნები უდავოდ დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა გადასახედია.
სააკაშვილმა ამომრჩეველს მიმართა... როგორია თქვენი შეფასება? რა გაზავნილები დატოვა მან და როგორ ფიქრობთ გულწრფელი იყო სააკაშვილი?
- სააკაშვილი კარგი პიარ-ტექნოლოგი და პოლიტტექნოლოგია. ნიჭიერი ადამიანია, თუმცა სამწუხაროდ გულწრფელი არასოდეს არ ყოფილა. არც მაშინ როდესაც რევოლუცია მოახდინა, არც მაშინ როცა ქვეყნის მმართველი იყო და ზოგადად არცერთი მისი ქმედება გულწრფელი არ არის. იგი გუშინაც არ ყოფილა გულწრფელი. მას სურს, რომ საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინოს იმ ბოროტებისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი ხელისუფლების პირობებში. მას სურს, რომ ამომრჩეველს „რეფორმატორი მიშას“ სახელით დაამახსოვრდეს და რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყოს.
სააკაშვილმა საქართველო დატოვა. მისი პრესსამსახური ვიზიტის დეტალებს არ ასაჯაროებს. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი აღარ დაბრუნდება საქართველოში? მით უფრო რომ დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს?
- არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აღარ დაბრუნდება საქართველოში. იგი დაიწყებს საკუთარ ინდულგენციაზე ზრუნვას. ის მოივლის მთელ მსოფლიოს, რომ ეხლა მე უნდა დამაპატიმრონ, რომ ჩემი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიდის და. ა. შ. ეცდება, რომ წამყვანი პოლიტიკოსებისგან მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა იგი არ იყოს პასუხისგებაში მიცემული.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება უკვე საკმაოდ გაიწელა. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებაში?
- სიმართლე, რომ გითხრათ ამ თემაზე საუბარი აღარც კი მინდა. თუ გადაწყვეტილი აქვთ და როგორც ჩანს ეს ასეა, სჯობს რომ გვითხრან ვინ არის. თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვთ, მაშინ მინიშნებებით არ უნდა გველაპარაკონ, რომ გუშინ მოედანზე იყო, რომ კაცია და ა. შ.
პროცესის ასე გაწელვა სწორად არ მიმაჩნია. ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილია ეს ამაბავი, ფორმალურ შეთანხმებებს აჯობებს რომ საზოგადოებას აცნობონ ვინ არის პრემიერობის კანდიდატი.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდს მერობის კანდიდატურას შესთავაზებს... რას ნიშნავს ეს? თან მიდის, თან კანდიდატურებს ტოვებს?
- არაფერს არ ნიშნავს. როგორც თქვენ და მე გვაქვს უფლება რომ არჩევნების დროს მხარი დავუჭიროთ ამა თუ იმ კანდიდატს ისე აქვს უფლება მასაც რომ დაასახელოს კანდიდატურა.
- თუმცა ჩვენგან განსხვავებით ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრია...
- მერე რა... მოქმედი პრეზიდენტი უჭერდა მხარს ბაქრაძეს, მაგრამ რამე შეიცვალა. რიგით მოქალაქე ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის ხელმძღვანელიც იყო გარკვეული დროის განმავლობაში, შესთავაზოს თავისი კანდიდატურა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. არავინ არ იცის როგორი კონფიგურაციით იქნება თავად კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე.
„ოცნებაშიც“ არ მალავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა კოალიციის სუბიექტებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა, ასე რომ არავინ არ იცის საიდან იქნება წარდგენილი ის ადამიანი რომელსაც ივანიშვილი მხარს დაუჭერს.