უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გიგა ბოკერიას ირინე იმელიშვილი ჩაანაცვლებს. For.ge-სთან საუბარში ირინე იმერლიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პოსტს ახალი პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ დაიკავებს.

როგორც დეპუტატმა განგვიცხადა, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დასაკავებლად მან შეთავაზება უკვე მიიღო, რომელსაც დათანხმდა.

„უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქნები, მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიენტის ინაგურაცია გაიმართება“, - აცხადებს დეპუტატი.

იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას თვისობრივად ახალი უშიშროების საბჭო ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ირინე იმელიშვილი სანამ ახალ თანანმდებობას დაიკავებს, მანამდე, მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.

იმერლიშვილის დაწინაურებას შეფასებები პოლიტიკურ წრეში უკვე მოჰყვა.

როგორც For.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ირინე იმელიშვილი არის იუსტიციის ერთადერთი გენერალი მანდილოსანი საქართველოში, რომელიც თავისი საქმიანობით ყოველთვის გამოირჩევა.

მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პოლიტიკაში საქმიანობის დიდი გამოციდილება აქვს და მისი საქმიანობა ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

თანაგუნდელის მსგავსად, ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას მიესალმება გიორგი ცაგარეიშვილიც.

დეპუტატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანას ისეთი საბჭო არ სჭირდება, სადაც ადამიანები პარტიული ნიშნით იქნებიან შერჩეულნი.

„ირინე იმერლიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია, რომელიც არის ბრწყინავალე სამართალმცოდნე, გამოცილი პოლიტიკოსი, უერთგულესი ადამიანი და კარგი ქართველი. შესაბამისად, ის ყველა თვისებით არის შემკობილი, რაც ამ თანანმდებობაზე მუშაობისთვის არის საჭირო“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ იმერლიშვილი ახალი ხელისუფლების იდეოლოგი არ იქნება, როგორ ეს გიგა ბოკერიას შემთხვევაში იყო.

„იმერლიშვილი გაცილებით ნაყოფიერად იმუშავებს, ვიდრე ბოკერია, რომელიც ლობიზმით იყო დაკავებული. გიგა ბოკერიას წვლილი მიუძღვის ყველა იმ უბედურებაში, რაც ქვეყანას სააკაშვილმა მოსწია. ბოკერია ამ ქვეყნის ნგრევით იყო დაკავებული და შეგიძლიათ იმერლიშვილსა და მას შორის ათი განსხვავება იპოვოთ. იმერლიშვილს ხელისუფლება ხელში გაუკუღმართებული გზით არ ჩაუგდია და მას არც მკვლელებისთვის დაუფარებია ხელი. მას არც მიტინგები დაურბევია, განსხვავებით ბოკერიასგან, რომლის კისერზეც 26 მაისი და 7 ნოემბერია. მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა, იმერლიშვილს უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება უმცირესობის განწყობას, for.ge-სთან საუბარში პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მას კოლეგაზე საუბარი უჭირს.

„იმერლიშვილი ჩვენი კოლეგაა და აქედან გამომდინარე, მასთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს. მასზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ის პარლამენტში საკმაოდ აქტიური იყო“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს პოსტს 17 ნოემბრამდე დატოვებს. საქმიანობას კი, გააგრძელებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის მოქალაქე.