ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, გარკვეულწილად, შეცვლის. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული, ოპოზიციური პარტიები იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, უბრალოდ, სახელშეცვლილი.
2024 წელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წელია და საქართველოს პარლამენტი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა დაკომპლექტდეს. ამის ფონზე, პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს და პარტიებს შორის დაპირისპირებაც იზრდება. პოლიტიკურ დუღილს ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებამ.
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ, ოპოზიციურ სპექტრში, გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. შედეგად, მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილება, მათ შორის კონკრეტული, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ განცალკევების მცდელობაც.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდნენ. როგორც ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარტია გაძლიერდება, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ჩაძირავს.
„ოპოზიციურ ფლანგზე აუცილებელია გაერთიანება იმისათვის, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, 5%-იანი ბარიერის პირობებში. გახარია და „ლელო“, ფაქტობრივად, იმ ამომრჩეველზე მუშაობენ, ვისაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა.“ შესაბამისად, ეს უკვე ამომრჩევლების ჯგუფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ წამოსულ პარტიებს მხარს არ დაუჭერს.
გახარია და „ლელო“ ან კონკურენტები იქნებიან და ამ შემთხვევაში, არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები, ანდა ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. უფრო მეტიც, თუ რომელიმე მათგანმა სეროზული გაძლიერება დაიწყო, ის მეორე ჯგუფს ჩაძირავს. ვფიქრობ, თუ არის მცირე შანსი, რომ ეს ჯგუფები გაერთიანდნენ და უარს იტყვიან პრემიერობაზე როგორც გახარიამ, ასევე ხაზარაძემ, თანაც პარტიისთვის მისაღები მესამე კანდიდატს მოძებნიან, ეს იქნება ყველაზე კარგი სიტუაცია, მაგრამ ჯერჯერობით, ამის შესაძლებლობა არ ჩანს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიებს შორის რეიტინგული მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან:
„ოპოზიციურ ფლანგზე, ოპოზიციურ ლიდერებს შორის რეიტინგული სხვაობა დიდი არ იქნება. არ ვთვლი, რომ გვარამიას დიდი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. თუ საუბარი არის მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ცალკე გაერთიანებაზე, გვარამია ამ გაერთიანებას ბევრს ვერაფერს შემატებს, სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ მისცემს საშუალებას, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებად მონათლოს. გვარამია, წინა ხელისუფლების პირობებში, პროკურორი გახლდათ და ამის გაპიარება „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება“, - დასძინა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ გაერთიანებას შედეგი არ ექნება. ამასთან, პარტიის სახელწოდებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ.
„პოლიტიკოსები სიტუაციას ადეკვატურად არ აფასებენ. მათ ჰგონიათ, რომ გაერთიანებას ექნება ისეთი ეფექტი, როგორც ფრაზა „ძალა ერთობაშია“-ს. ზოგიერთმა პარტიამ გადაწყვიტა ერთმანეთთან დანათესავება, იმ დროს, როდესაც ამომრჩეველმა შესაძლოა, არ მოისურვოს ასეთ გაერთიანებას ხმა მისცეს. ამ შემთხვევაში, ეს პარტიები დაკარგაგავენ იმ რეიტინგსაც, რაც აქვთ.
შესაძლოა, ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეშეცვლილი ვარიანტებია. პარტიის სახელს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამომრჩეველს არ უნდა გარკვეული პოლიტიკური პარტია. მმართველი პარტია ამის პედალირებას აკეთებს, რომ ეს პარტიები ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“, თუმცა, შეცვლილი სახელით. ჯერჯერობით, ამის კონტრარგუმენტი ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოიყვანეს. შესაბამისად, არც აქვთ 2-3%-ზე მეტი რეიტინგი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
მისი შეფასებით, დღეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას შედეგი აღარ ექნება:
„წინასაარჩევნო ვითარება არ არის გადამწვეტი. იმის მომწიფება, თუ ვის მივცეთ ხმა, იწყება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე და არჩევნები ბოლო ფრაგმენტია. საუბარი იმაზე, რა შეიძლება გააკეთონ ამ პარტიებმა ახლა, ძალიან გვიანია. უკვე ჩამოყალიბებულია მათ მიმართ დამოკიდებულება, რაც გამოჩნდა სოციალოგიური კვლევებში. ძალიან დიდი კლატაკლიზმები უნდა მოხდეს, რომ ამ პირობებში, რომელიმე პარტიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს“ - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.