უფუნქციოდ დარჩენილი უშიშროების საბჭო

უფუნქციოდ დარჩენილი უშიშროების საბჭო

რა ფუნქციები ჰქონდა უშიშროების საბჭოს ბოკერიას დროს და როგორი იქნება მისი პერსპექტივა მომავალში?! ყველასათვის ცნობილია, რომ ნაციონალების დროს აღნიშნული უწყება, ქვეყნის უშიშროების საკითხების ნაცვლად, მმართველი გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. სწორედ ამისთვის იყენებდა ეს სტრუქტურა გაფართოებულ უფლებებს, აგვისტოს ომმა კი ჩვენი უშიშროების საბჭოს სრული უუნარობა გამოავლინა.

უკვე ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანსა და მთელ საბჭოს ფუნქციები ეკვეცება. ამ სახის ცვლილებები ახალმა რეალობამ მოიტანა. კერძოდ, აქამდე უშიშროების საბჭო პრეზიდენტს დაქვემდებარებულ ორგანოდ ითვლებოდა, პრეზიდენტის უფლებების შეცვლასთან ერთად კი მცირდება ამ ორგანოს ფუნქციებიც.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივანს აქამდე მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, კოორდინაცია გაეწია სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობისათვისაც და ის, ფაქტობრივად, შს და თავდაცვის სამინისტროებს ზედამხედველობდა, რაც ყველანაირ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

ამიერიდან კი პრეზიდენტის სათათბირო ორგანო ძირითადად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იქნება ორიენტირებული, საგარეო და საშინაო საკითხების განხილვაში მონაწილეობის უფლება კი ჩამოერთმევა. გარდა ამისა, მას ექნება გარკვეული ფუნქციები საომარი მდგომარეობისას.

როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭოს ფუნქციები და როგორ მოირგეს ამ უწყების ფუნქცია ნაციონალებმა?! ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისთვის სრულიად გასაგებია უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული ცვლილებები, რადგან, ერთი მხრივ, კონსტიტუციით, თავად პრეზიდენტის უფლებები იზღუდება და, შესაბამისად, პრეზიდენტის სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - უშიშროების საბჭოს ფუნქციებიც უნდა შეიზღუდოს, ხოლო, მეორე მხრივ, ის ცვლილებები, რომელიც ეზღუდება თუ ერთმევა უშიშროების საბჭოს, სადღაც უნდა წავიდეს. სხვანაირად გამორიცხულია, რადგან თუნდაც იმავე შიდა უსაფრთხოების კუთხით უნდა არსებობდეს ისეთი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სტრუქტურის საქმიანობას. ამ ორგანოში თავი უნდა მოიყაროს ყველა სახის ინფორმაციამ, უნდა მოხდეს მისი ანალიტიკური დამუშავება, ამის შემდეგ მოხდება საფრთხეებისა და რისკების გამოკვეთა თუ მათი ნეიტრალიზაცია.

„ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ფუნქციები, რომლებიც ჩამოერთვა უშიშროების საბჭოს, ალბათ, სადღაც მოიყრის თავს, ან შს სამინისტროში, რაც ამ სტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევს და გაცილებით უფრო უკონტროლო გახდება. ან კიდევ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იგეგმება თავად უშიშროების საბჭოს ტრანსფორმაცია. იმ ქვეყნებში, სადაც პრემიერია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, წესით, პრემიერის ქვეშ არის მოქცეული ძალოვანი სტრუქტურები. მათ შორის, ისეთი სტრუქტურები, რომლებიც ჩვენი უშიშროების საბჭოს ანალოგია. როგორც ვიცი, ასეთი ტიპის ცვლილების განხორციელება იგეგმება. ამიერიდან უშიშროების საბჭო, რაც პრეზიდენტს დაექვემდებარება, გაცილებით უფრო შემცირებული უფლებებით იქნება აღჭურვილი, ხოლო უშიშროების საბჭოს ანალოგის შექმნა იგეგმება პრემიერის ხელმძღვანელობით. თუმცა ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ რეფორმის იდეის დონეზე და ზუსტად რა სახეს მიიღებს, ცნობილი არ არის. ისე კი, აუცილებელია, არსებობდეს ასეთი სტრუქტურა და, ალბათ, პრემიერ-მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან იმ ფუნქციების დიდი ნაწილით, რითაც აღჭურვილი იყო პრეზიდენტი, დღეს აღჭურვილია პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ბოკერიას დროინდელ უშიშროების საბჭოს, ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოში ნებისმიერი სტრუქტურის ფუნქციებს განაპირობებდნენ ის პიროვნებები, რომლებიც ამ სტრუქტურის სათავეში იდგნენ. მისი თქმით, თავის დროზე ნუგზარ საჯაიას ხელმძღვანელობით შექმნილი უშიშროების საბჭო მართლაც მნიშვნელოვანი ორგანო იყო, რომელიც, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო უსაფრთხოების საკითხებს ამუშავებდა. ასევე, კურირებდა ძალოვან სამინისტროებს. შემდგომი უშიშროების საბჭოს მდივნების პერიოდში ეს ორგანო უფრო მეტად აღიჭურვა ანალიტიკური ფუნქციით, ანუ იმ კლასიკური ფუნქციით, რაც მას აქვს იმავე აშშ-ში. ბოკერიას დროს ისევ ძალიან დიდი ფუნქციები აიღო ხელში. ბოლო წელს კი, კოაბიტაციის პირობებში, უშიშროების საბჭო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა და კლასიკური ტიპის უშიშროების საბჭოს ფუნქციას არ ასრულებდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხათუნა ლაგაზიძისთვის უფრო მისაღებია ის მოდელი, როცა უშიშროების საბჭოს აქვს დიდი ფუნქციები და რეალურად ასრულებს ქვეყნის სტრატეგიული ტვინის ფუნქციას. ექსპერტი აცხადებს, რომ იმ დროს, როცა პირადად იგი მუშაობდა უშიშროების საბჭოში, ეს საბჭო, თითქოს, ამერიკის უშიშროების საბჭოს ანალოგით ცდილობდა ფუნქციონირებას. თუმცა უფრო ადაპტირებული მოდელი იყო და ზუსტად აშშ-ის უშიშროების საბჭოს ხაზს მაინც არ მიყვებოდა.

„ვერ გეტყვით, ბოკერიას დროს რამდენად ჰქონდა ამ უწყებას ძალოვანი სამინისტროების კურირების ფუნქცია, თუმცა ის, რომ ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად მონაწილეობდა, ეს ფაქტია“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ მთავარია, ახალ რეალობაში, ახალი კონსტიტუციის პირობებში რა ადგილი ექნება უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს და მას როგორი უშიშროების საბჭო დასჭირდება თავისი ფუნქციების განხორციელებისთვის. თუმცა, ექსპერტის აზრით, მთელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა ხელახლა გვაქვს შესაქმნელი.

„უშიშროების საბჭო სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს. მაგალითად, საფრანგეთში სხვანაირად არის დანაწილებული პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის პასუხისმგებლობა ომისთვის სამზადისში. იქ ამ ტიპის ორი დონის საბჭო არსებობს - ერთი, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება და მეორე, რომელიც სამუშაო ჯგუფია და პრემიერ-მინისტრთან არსებობს. გერმანიაში მთლიანი უშიშროების საბჭო არსებობს, რომელსაც ერთი დონე აქვს, მაგრამ იქ თავდაცვის მინისტრს აქვს საბრძოლო დავალებების გაცემის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომელ მოდელს ავირჩევთ. რაც აქამდე იყო, ეს იყო პოლიტიკური ორგანო. ხშირ შემთხვევაში, ის იყო პრეზიდენტის აპარატი, რომელიც ეხმარებოდა პრეზიდენტს ძალოვანი უწყებების დამორჩილებაში და ის დანამატი იყო ამა თუ იმ პრეზიდენტის. ამდენად, თავის პირდაპირ მოვალეობებს ნაკლებად ასრულებდა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის გამოცდილებით შექმნილი ძველი უშიშროების საბჭო, ნუგზარ საჯაიას დროს, დაკავებული იყო ძალოვანების უშუალო და პირდაპირი მართვით. საჯაია, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებდა ძალოვნებს და წარმოადგენდა შევარდნაძის პოლიტიკის გაგრძელებას. ხშირ შემთხვევაში, შევარდნაძეზე დიდი გავლენაც ჰქონდა. ის დაკავებული იყო ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით, თუმცა ხდებოდა კომპეტენციის ფარგლებს გარეთაც გასვლა, განსხვავებით ბოკერიასგან, რომელიც ძირითადად დაკავებული იყო პარტიული პოლიტიკის გატარებით და მის დროს უშიშროების საბჭოში იხარშებოდა პოლიტიკური თუ პარტიული ბრძოლის სტრატეგიები.

ექსპერტის აზრით, ნაკლებად იგრძნობოდა, რომ ბოკერია დაკავებული იყო ძალოვანებით ან უსაფრთხოების პრობლემატიკით. მისი თქმით, ფაქტობრივად, ვანო მერაბიშვილს გააჩნდა სრული ავტონომია შს სამინისტროში, ბაჩო ახალაიას - სრული ავტონომია თავდაცვის უწყებაში. აქედან გამომდინარე, ბოკერიას ზემოქმედება, თუკი ასეთი არსებობდა, გამოიხატებოდა, ალბათ, სააკაშვილისთვის რჩევის მიცემაში. თუმცა გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ ეს ფუნქციაც დაიკარგა და უშიშროების საბჭო ზემოქმედებას ვეღარ ახდენდა უმაღლეს მთავარსარდალზე, როცა ის გადაწყვეტილებებს იღებდა. კერძოდ, ეს გამოჩნდა 2008 წელსაც, როცა სააკაშვილი, ალბათ, უჯერებდა ყველას და ყველაფერს, გარდა უშიშროების საბჭოსი, რომლის სხდომებიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. უფრო მეტიც, პარტიული ლიდერების ვიწრო წრეში თათბირის დროს წინასწარ იყო გადაწყვეტილი ყველაფერი.

„უშიშროების საბჭო არ იღებდა საჭირო ღონისძიებებში მონაწილეობას, რისი კომპეტენციაც გააჩნდა. ამიტომ ამ საბჭოს რეფორმირება აუცილებელია და უშიშროების საბჭომ უნდა დაიბრუნოს თავისი როლი, რადგან ასეთი საბჭო აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში. ეს ის რგოლია, რომელმაც სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია უნდა გასწიოს საგანგებო სიტუაციებში ან ომის დროს. ამისთვის მზადება მშვიდობიანობის პერიოდში უნდა ხდებოდეს. გარდა ამისა, ბევრი ნიუანსური ამოცანა აქვს უშიშროების საბჭოს აპარატს, რომელიც ყოველდღიურად უმზადებს უმაღლეს მთავარსარდალს ანალიზს, თუ რა ხდება ამ მიმართულებებით. გასაგებია, რომ ამ საბჭოს უკვე ჩამოშორდება საგარეო საკითხების კომპეტენცია, რადგან პრეზიდენტს აღარ აქვს აღმასრულებელი ფუნქციები და პრემიერ-მინისტრი აგებს პასუხს მშვიდობიანობის დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. ეს ფუნქცია თუ მოაკლდება უშიშროების საბჭოს, დიდი დანაშაული არ იქნება, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, - კომპეტენციის გამიჯვნა,“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და აინტერესებს, მშვიდობიანობის დროს ვინ იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის მზადყოფნაზე სამხედრო თვალსაზრისით?!

მისი თქმით, უმაღლესი მთავარსარდალი პასუხისმგებელია, ომის პერიოდში უხელმძღვანელოს თავდაცვის სისტემას, მაგრამ საინტერესოა, მშვიდობიანობის დროს პრემიერ-მინისტრს ექნება ეს ვალდებულება?!

ამიტომ, ექსპერტის აზრით, სამუშაო მეტად რთულია და პრემიერ-მინისტრსაც უნდა ჰქონდეს გარკვეული უწყება, რომელიც მას დაეხმარება ამ მიმართულებით, და პრეზიდენტსაც უნდა დარჩეს ეს უფლება, რადგან ომის დროს აუცილებლად დასჭირდება საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო უფლება.