მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მობილური ტელეფონის აბონენტებს სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მიუვათ. აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. ამით სარეკლამო ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება. პირველ რიგში, შემცირდება იმ კომპანიების შემოსავლები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. როგორც გაირკვა 1 მლნ სარეკლამო მესიჯის დაგზავნის ღირებულება 3000 ლარამდე მერყეობდა.
„სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.
პირს, რომლის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება. კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1-ლი მარტიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, უნდა შეცვლილიყო, რადგან არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, როცა საჯარო სივრციდან აღებული ნომრების თუ ელექტრონული ფოსტის დამუშავება ხდება პირადი მარკეტინგული მიზნით. სულ მალე სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისთვის კომპანიებს მომხმარებლების მიერ გაცხადებული თანხმობა დასჭირდებათ. ცვლილებები ეხება ყველას, ვისაც მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა ბაზა გააჩნია.
კომპანია Wifisher-ის დამფუძნებელი ნოდარ ივანიძის შეფასებით, „ესემეს მარკეტინგი“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ არხად ითვლება ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით ბაზარზე 20-მდე კომპანია საქმიანობს, რომლებიც მათ შორის საჯარო სივრცეში მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. მათ ამ გზით ბაზების შექმნას, მოქმედი კანონი არ უკრძალავთ. ახალი რეგულაციების პირობებში კი მათი შემოსავლები საგრძნობლად შემცირდება.
„კომპანიების პასუხისმგებლობაა, რომ წინასწარ გასცნობოდნენ კანონს და მომზადებულიყვნენ. ძალიან ბევრ კომპანიას შეუმცირდება, რა თქმა უნდა, შემოსავალი და გაყიდვები, ვინც ამაზე იყო დამოკიდებული და ასეთ ბაზებს ამუშავებდა.
ყველაზე დიდი დარტყმა ექნებათ კომპანიებს, რომლებიც ეწეოდნენ „ესემეს“ მარკეტინგულ მომსახურებას საჯარო სივრცეში მოპოვებულ ბაზებზე.
1 მლნ „ესემესის“ გაგზავნა 2000-3000 ლარამდე მერყეობდა. ახლა კანონს ეცნობა კომპანიების უმრავლესობა, ცოტა პანიკაც არის. ერთი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ სარეკლამო მესიჯები ამ კანონით არ იკრძალება, უბრალოდ, რაც ლაგდება და რაც არის ძალიან კარგი, ყველა მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, მისი საკონტაქტო ინფორმაცია რატომ მუშავდება და როგორ მუშავდება.
მე, მაგალითად, myauto-ზე თუ მიდევს მანქანა გასაყიდად, ჩემი ნომერი არ უნდა მოხვდეს ყველას ხელში და არ უნდა დაიწყონ ჩემზე პირდაპირი მარკეტინგული წარმოება, თუ არ მაქვს თანხმობა გაცხადებული. მარტში ვიხილავთ ამ კომპანიების შემოსავლების შემცირებას. დაახლოებით 3-5-თვიანი პერიოდი იქნება საჭირო, რომ ეს სფერო დასტაბილურდეს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ნოდარ ივანიძემ.
ახალი კანონის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად, კომპანიებმა თავიანთი მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყეს. მაგალითად, „მაგთიმ“ უკვე დააგზავნა შეტყობინებები, რომ კანონის თანახმად, ვალდებული არიან, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მომსახურების ხელშეკრულების პირობებში. კომპანიამ აბონენტებს აცნობა, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მათი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ან უარი შეუძლიათ განაცხადონ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.