რუსეთ-უკრაინის ომამდე სამიოდე თვით ადრე, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ენერგოკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შექმნიდა თავის საკუთარ გაზის მარაგებს, რათა თავი დაეზღვია რუსული გაზის მიწოდების შეფერხებებისგან (ხშირად პოლიტიკური მიზეზებით). იმავდროულად, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა გაზის და წყალბადის ბაზრების რეგულირების პაკეტს, რათა მანამდე არსებული პირდაპირ, ხანგრძლივ კონტრაქტებზე დამყარებული, ნავთობის ფასებზე „მიბმული“, „გაზპრომის“ მონოპოლიური კონტრაქტები ჩანაცვლებულიყო ევროპის გაზის ჰაბებით და თხევადი გაზის ტანკერებით (LNG) ვაჭრობით ჩამოყალიბებული უფრო მოქნილი, მოთხოვნა-მიწოდებით განპირობებული სპოტ-ფასებით. ამით ევროკავშირი ცდილობდა თავი დაეღწია რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული პირდაპირი, ხანგრძლივი კონტრაქტებისთვის, რომლებიც მოსკოვის ხელში XXI საუკუნის „ენერგო იარაღად“ იქცნენ.
ამ სტატიაში ჩვენ ვამტკიცებთ ჰიპოთეზას, რომ ომის პირობებში, 2024 წელს გაგრძელდება „გაზპრომის“ მილსადენებით ევროპის მონოპოლიური გაზმომარაგების ჩანაცვლება გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობით. ეს კი სანქციონირებული რუსული ენერგოგიგანტებისთვის 2023 წლის დასაწყისში ნავთობის ფასის ზედა ზღვრის (Price Cup) დაწესებაზე გაცილებით დიდი გამოწვევა აღმოჩნდება. ამას სავარაუდოდ, რფ-ს ენერგოპოლიტიკაში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაში, მალე ცვლილებები მოჰყვება.
ბუნებრივი აირი ისტორიულად „სულ ახლახან“, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, გადაიქცა საწვავის ერთ-ერთ მთავარ სახეობად. ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% მონოპოლისტების მილსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, დანარჩენი - ტანკერებით, თხევადი (LNG) სახით. უკვე 2021 წელს, LNG გლობალური იმპორტი, საერთაშორისო LNG იმპორტიორთა ჯგუფის (GIIGNL) ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან გაიზარდა 4,5%-ით და 513,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა (ანუ 372,3 მლნ ტონა). კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს LNG-ზე უკვე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - კვლავ მილსადენების გაზზე.
2015 წლის მაისში, ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მიღების შემდეგ, ჩრდილოეთ ევროპის მომხმარებლების ნაწილი „გაზპრომთან“ პირდაპირი, ხანგრძლივი კონტრაქტებიდან თანდათან ჰაბებიდან გაზის შესყიდვაზე გადავიდნენ.
ამავდროულად, წევრი ქვეყნების ვალდებულება მასზედ, რომ 2022 წლის 1 ნოემბრამდე გაზსაცავების მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტით შეევსოთ, გადაჭარბებით შესრულდა. 2022 წლის ბოლოს კი, საკმაოდ თბილმა ამინდებმა ევროკავშირს საშუალება მისცა ხელახლა შეევსოთ მარაგები.
ზემოაღნიშნულის შედეგად, ექსპერტების გათვლებით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაზოგეს 70 მლრდ დოლარი. მაგრამ, მათ თითქმის იმდენივე იზარალეს COVID-19 პანდემიისა და 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის გამო, - მას შემდეგ რაც ფასები სპოტ-ბაზარზე გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე თითქმის 2000 დოლარი შეადგინა. ეს დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივ სპოტ-ბაზრებზე გაზის საშუალო ფასი იყო 2021 წლის დასაწყისში. ასევე პარადოქსია, მაგრამ რუსულ-თურქული გაზსადენი „თურქული ნაკადი“ (TurkStream), რომელიც 2020 წლის 8 იანვარს გაიხსნა, იცავს მისი მარშრუტის გასწვრივ, შავი ზღვის მიმდებარე ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ცენტრალური რეგიონების ქვეყნებს, საფასო შოკისგან.
2024 წლისთვის ენერგოკრიზისი ყველაზე რელიეფურად ევროკავშირის წევრ სკანდინავიის ქვეყნებში იგრძნობოდა, რომლებმაც თავის დროზე სწრაფად გაატარეს ენერგეტიკული რეფორმები და უმეტესწილად სპოტ-ვაჭრობაზე გადავიდნენ; ევროპის სამხრეთის და ცენტრის ბევრმა ქვეყანამ კი, „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, შეინარჩუნა გრძელვადიანი კონტრაქტები „გაზპრომთან“ და ომის წინ ჰაბებზე სპოტ-ფასების რყევებისგან უკეთ დაცულები აღმოჩნდნენ. 2024 წლის დასაწყისში სკანდინავიის რეგიონი ე. წ. „ენერგეტიკული ტრილემის“ წინაშე დადგა. ესაა სამი გამოწვევა: უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგომომარაგება. აშკარაა, რომ ენერგორესურსებზე უპრეცედენტო ფასებისა და გეოპოლიტიკური რისკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიწოდების ჯაჭვები, ელექტროქსელები, ნედლეული და დამზოგავი ტექნოლოგიები, რათა საზოგადოების მოთხოვნები გრძელვადიან პერსპექტივაში დაკმაყოფილდეს.
2023 წლის ბოლოს შვედი ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სახელწოდებით „ჩრდილოეთის ენერგო ტრილემა“, განხილულია ფაქტორები, რომლებმაც ევროპის ჩრდილოეთში ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. მასში იდენტიფიცირებულია ენერგეტიკული გადასვლის რისკები და შეფასებულია ზომები ამ რისკების შესამცირებლად იქ, სადაც ასეთი ზომები არ არსებობს. ასევე შემოთავაზებულია ქმედებები ხარვეზების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული რეკომენდაციები განსაზღვრავენ ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ქმედებებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნის გაზრდის მიზნით, რათა სკანდინავიური საზოგადოებები მომავალი ენერგეტიკული კრიზისებისთვის მზადყოფნაში იყვნენ. აღნიშნული კვლევის მე-6 თავში, სადაც რისკებია განხილული, აღნიშნულია, რომ „...ევროპაში რუსული ენერგიის ექსპორტის შემცირება მიუთითებს ერთი ქვეყნიდან ენერგომომარაგებაზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობაზე. მსგავსი სიტუაციები შეიძლება განიხილებოდეს მომავალში და ხდებოდა წარსულში“.
მონოპოლიური მილსადენის გაზის პარალელურად, ფასების რყევა ევროპულ ჰაბებშიც შეიმჩნეოდა. მაგალითად, ამ პერიოდში საორიენტაციო ევროპული კონტრაქტი, რომელიც ჰოლანდიური გაზის ჰაბის Title Transfer Facility (TTF)-ის ფიუჩერსია, იყიდებოდა $55,81-ად მეგავატ-საათში. ერთი წლით ადრე, 2022 წლის აგვისტოში, ფიუჩერსებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - დაახლოებით 343 ევროს მეგავატ-საათში! თუმცა ევროპამ, რომელიც კონფლიქტის გამო რუსეთიდან გაზმომარაგების შეწყვეტით სერიოზულად დაზარალდა, როგორღაც მოახერხა 2023 წლის ცივ სეზონზე მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე გადარჩენა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ევროპული ბუნებრივი გაზის ბალანსის სტრუქტურული დეფიციტი ჯერ კიდევ არ არის აშკარა. ისინი 2025 წლამდე არ ელიან, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისი იმდენად გამწვავდება და რომ ისევე როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, კვლავ დაიწყება გლობალური თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) დეგაზაცია-რეგაზაციის ტერმინალების მასობრივი მშენებლობების ახალი ტალღა.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-სთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან LNG იმპორტის რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმეს. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში, QatarEnergy-მ გააფორმა რამდენიმე ხელშეკრულება გერმანიაში წელიწადში 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე. ასევე, აშშ-ში იგეგმება გაზის გათხევადების გიგანტური ქარხნის მშენებლობა, რომელსაც დღეში თითქმის 2,1 მილიარდი კუბური ფუტი ბუნებრივი აირის გადამუშავების და წელიწადში 15 მილიონი ტონა LNG-ის ექსპორტის წარმადობა ექნება.
ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ არა მხოლოდ მილსადენის გაზის იმპორტზე დამოკიდებულება, არამედ ჰაბების ფასების რყევაც იწვევს ბუნებრივი აირის ფასების რყევას მთელს ევროპაში, რაც გაზზე გლობალური ბაზრის ფასის არარსებობის და რეგიონალურ ჰაბებზე დამოუკიდებელი ფასწარმოქმნის შედეგია. გრაფიკიდან ჩანს, რომ ბუნებრივი გაზის ევროპული ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა 2022 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლის აგვისტოში (იხ. გრაფიკი 1). მაგრამ რუსული მილსადენი გაზის ემბარგო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ მხოლოდ 2023 წლიდან დაიწყო (?!).
ევროპის მრავალი ქვეყანა 2023 წლამდე დიდწილად ეყრდნობოდა გაზის იმპორტს აღმოსავლეთის მეზობლისგან. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალი იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. შედეგად, თუ ბუნებრივი გაზის საშუალო ყოველთვიური ფასი 2023 წლის ოქტომბერში შეერთებულ შტატებში გაიზარდა მხოლოდ 2.99 აშშ დოლარამდე მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (BTU), აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასებმა დაახლოებით ხუთჯერ გადააჭარბა აშშ-ს ფასებს. ზოგადად, ევროპის კონტინენტზე ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია ვიდრე აშშ-ში, რადგან ეს უკანასკნელი 2013 წლიდან, ამ ნახშირწყალბადის მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში. 2023 წლიდან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების ძებნა, რის გამოც შემცირდა რუსული მილსადენი გაზის იმპორტი ევროკავშირში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა იქ გაზის ფასი. FRED-ის მონაცემები გვაჩვენებს ბუნებრივი აირის ფასების საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკას 1991 წლიდან, როცა ეს მონაცემები ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში პირველად აიღეს. ამ დროიდან 2008 წლამდე გაზის ფასი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს თითქმის იდენტური გახლდათ. 2008 წლიდან 2020 წლის შუა პერიოდამდე შესამჩნევი იყო არათანაბარი და შედარებით მცირე განსხვავება ფასებში. ამის შემდეგ, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, უკვე საგრძნობი განსხვავება შეინიშნება. ეს განსხვავება იმის გამოა, რომ ბუნებრივი გაზის უმეტესობის მიწოდება თავის ბუნებრივ, აიროვან მდგომარეობაში ხდება რეგიონალური მილსადენებით და ტანკერებით ტრანსპორტირება გლობალურად არ
ხდება, როგორც ეს ნავთობის შემთხვევაშია. ასე რომ, ძნელია მისი მსოფლიო ფასის დადგენა და ფასები, ჯერ-ჯერობით, რეგიონალური გაზის ჰაბებზე ყალიბდება. მაგრამ მსოფლიო ბაზარი ნელ-ნელა მაინც იქმნება თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების და მისი სპოტ-ვაჭრობის ზრდის კვალობაზე.
ამიტომაა, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ბუნებრივი აირის ფასს შეერთებულ შტატებში დიდი ცვლილება არ განუცდია. ამის საპირისპიროდ, ევროპაში ენერგომატარებლების ფასები სტაბილურად იზრდებოდა; 2024 წლისთვის ისინი 70%-ით მაღალია ომის დაწყებისას არსებულ ფასებთან შედარებთ. თუმცა, ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლების კომბინაციამ და შედარებით შემცირებულმა მოთხოვნამ ევროპაში სიტუაცია შეცვალა და ამ საქონლის ფასიდაასტაბილურა. მაგრამ, ყველა პროგნოზით, 2024 წელს ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება და სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც ევროპის სანქციონირებული ყოფილი მთავარი მიმწოდებელი - რუსეთი მონაწილეობს, გაგრძელდება.
რუსული მილსადენი და გათხევადებული გაზის (LNG) ექსპორტის შემცირება
„ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნით წევრი ქვეყნების არასაკმარისი ტემპით, გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობის გადასვლის მიუხედავდ, ექსპერტების უმრავლესობას მაინც მიაჩნია, რომ ევროპის გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია - მილსადენების გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების შეზღუდვა, დროის მოთხოვნაა. „როიტერის“ მონაცემებით, უკვე 2023 წელს რუსული მილსადენით გაზის ექსპორტი ევროპაში 56%-ით შემცირდა. რა მოხდება, თუ მოსკოვი მთლიანად შეწყვეტს ევროპაში გაზის მიწოდებას?
უკრაინაში ომამდე, რუსული გაზი ევროპის მოთხოვნის 35%-დან 40%-მდე ფარავდა, მაგრამ ცალკეული ქვეყნების „გაზპრომზე“ დამოკიდებულების ხარისხი განსხვავდებოდა. კერძოდ, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, თითქმის არ იღებდნენ რუსულ გაზს, ხოლო სხვები, როგორებიცაა გერმანია, იტალია და ნიდერლანდები, ყიდულობდნენ ამ გაზის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამ სამმა ქვეყანამ 2020 წელს იყიდა შესაბამისად 56,3 მილიარდი, 19,7 მილიარდი და 11,2 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი.
მნიშვნელოვანია არა მარტო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდია რუსული გაზის წილი მოცემულ ბაზარზე, არამედ ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ალტერნატივები. მაგალითად, გერმანია რუსულ გაზზე მოთხოვნის თითქმის ნახევარს იკმაყოფილებდა, ბულგარეთი 100%-ს, იტალია კი - 46%-ს. Reuters-ის მონაცემებთ, 2023 წელს რუსული ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის“ (GAZP.MM) მიერ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 55,6%-ით შემცირდა და 28,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე (მლრდ კუბ.მ) დაეცა, ამ სტატისტიკით, რომელიც ეფუძნება ევროპული გაზის გადამცემი ჯგუფის Entsog-ისა და „გაზპრომის“ ყოველდღიურ მონაცემებს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ, აჩვენა, რომ რუსული გაზის საშუალო დღიური ექსპორტი ევროპაში შემცირდა 77,6 მილიონ კუბურ მეტრამდე (მლნ. კუბ.მ) 2023 წელს, 2022 წლის 174,8 მლნ. კუბ.მ-დან. „გაზპრომის“ მონაცემებით და “როიტერის“ გათვლებით, 2022 წელს რუსეთმა სხვადასხვა მარშრუტით ევროპას სულ დაახლოებით 63,8 მილიარდი კუბური მეტრი მილსადენის გაზი მიაწოდა. “გაზპრომს” არ გამოუქვეყნებია საკუთარი სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისიდან. ასევე, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა “როიტერის“ კომენტარის მოთხოვნას.
სავარაუდოდ, „გაზპრომში“ მოერიდნენ ჟურნალისტების ისეთ კითხებზე პასუხს, როგორიცაა ინფორმაცია რფ-ს „ენერგეტიკული სტრატეგიის“ შესაბამის თავში დასახული გაზის მოპოვებისა და ექსპორტის ამოცანის ფაქტიურად შესრულების შესახებ, სადაც წერია: „…Показателем решения задачи гибкого реагирования на динамику мирового рынка газа является место в тройке мировых лидеров по экспорту газа: 2018 год - 1 место; к 2024 году - 1 или 2 место; к 2035 году - 1 или 2 место. ... Решение задач газовой отрасли потребует поддержания добычи газа в период до 2024 года в диапазоне 795 - 820 млрд. куб. Метров“.
ამ დროს, 2023 წლის ათი თვის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში გაზის მოპოვება 2022 წლის ათ თვესთან შედარებით 9,6%-ით შემცირდა და „სტრატეგიაში“ დასახულ ამოცანაზე თითქმის 2-ჯერ ნაკლები - 430 მლრდ კუბ. მეტრი შეადგინა.
ამრიგად, რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელიც მისი ძირითადი ბაზარი იყო, მკვეთრად შემცირდა უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური შედეგების გამო. ანალოგიური მდგომარეობაა გათხევადებული რუსული გაზის (LNG) ევროპასა და აზიის ბაზრებზე ექსპორტის თვალსაზრისითაც.
კერძოდ, LSEG-ის მონაცემებით რფ-დან LNG ექსპორტი შემცირდა არა მარტო ევროპის, არამედ აზიის ბაზრებზეც. რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ექსპორტი ევროპაში 2023 წელს 1,9%-ით დაეცა და 15,8 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო აზიაში LNG-ის ექსპორტი 11%-ით შემცირდა და 14,9 მილიონი ტონა იყო. 2023 წელს ევროპამ გაზარდა LNG-ის შესყიდვები სხვა გლობალური მწარმოებლებისგან მას შემდეგ, რაც მკვეთრად შეამცირა რუსული მილსადენი გაზის იმპორტი უკრაინაში კონფლიქტის საპასუხოდ. მთლიანად LNG-ის რუსეთიდან ექსპორტი 2023 წელს 6%-ით შემცირდა და 31 მილიონი ტონა შეადგინა. თავიდან ამის მიზეზი ზაფხულში ქარხნებში გეგმიური რემონტი გახლდათ. ამის შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში, რუსეთის LNG ექსპორტმა მიაღწია რეკორდულ დონეს - 3.2 მილიონ ტონას, საიდანაც 1.9 მილიონი ტონა Yamal LNG-ს პროდუქცია იყო. ექსპორტის ძირითადი ნაწილი LNG-ს რუსეთის უმსხვილესმა კერძო მწარმოებელმა, Novatek-მა (NVTK.MM) უზრუნველყო. LSEG-ის წინასწარი მონაცემებით, Novatek-მა 18,7 მილიონი ტონა გადაზიდა Yamal LNG პროექტიდან არქტიკის გზით და 800,000 ტონა - კრიოგაზ-ვისოცკის ქარხნიდან ბალტიის ზღვით.
რუსეთის წყნარი ოკეანის რეგიონში „გაზპრომის“ ხელმძღვანელობით მოქმედმა პროექტმა “სახალინ-2“ 2023 წელს ასევე შეამცირა LNG-ის ექსპორტი 10%-ით - 10,1 მილიონ ტონამდე. 2022 წლის სექტემბერში დაწყებულმა, საშუალო ტონაჟის Gazprom LNG Portovaya პროექტმა 2023 წელს გაიტანა 1,4 მილიონი ტონა LNG, ძირითადად თურქეთსა და საბერძნეთში, და შემდეგ სამი პარტია გადატვირთა ჩინეთში, აქედან ერთი - არქტიკის გავლით.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხრილში აღნიშნული მიწოდების შემცირებაზე ჟურნალისტების კომენტარის თხოვნას, არც „გაზპრომის“ და არც „ნოვატეკის“ წარმომადგენლებმა უპასუხეს. ენერგოკომპანიებმა თავი აარიდეს ისეთ კითხვებზე პასუხს, როგორიცაა ინფორმაცია რფ-ს „ენერგეტიკული სტრატეგიის“ შესაბამის თავში დასახული LNG-ს წარმოების და ექსპორტის ამოცანის შესრულების შესახებ. იქ გარკვევით წერია: „....Показателем решения задачи развития производства и потребления сжиженного природного газа, вхождения Российской Федерации в среднесрочной перспективе в число мировых лидеров по его производству и экспорту является объем производства сжиженного природного газа: 2018 год - 18,9 млн. тонн; к 2024 году - 46 - 65 млн. тонн; к 2035 году - 80 - 140 млн. тонн“. ამ დროს, 2023 წლის ათი თვის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში გათხევადებული გაზის წარმოება შემცირდა 4%-ით 2022 წლის ათ თვესთან შედარებით („....Производство СПГ снизилось на 4%“). ზემოაღნიშნული მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ დავასკვნათ:
- აშშ-ის სანქციები დიდ დაბრკოლებას უქმნის რუსეთის გეგმებს, გაზარდოს საზღვაო გზით თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი, რათა აინაზღაუროს ევროპაში მილსადენის გაზის ექსპორტის შემცირება;
- რფ-ს „სტრატეგიიდან“ ჩანს, რომ მსოფლიოში მეოთხე უმსხვილეს LNG-ს მწარმოებელს შეერთებული შტატების, კატარისა და ავსტრალიის შემდეგ - რუსეთს, აქვს ამბიცია გაზარდოს თავისი წილი გლობალურ ბაზარზე გამოშვების გასამმაგებით, დაახლოებით 8%-დან 20%-მდე, ანუ 140 მილიონ ტონამდე 2030-35 წლისთვის.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა წარმატებით გადაიტანა 2022 წლიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების საექსპორტო ფასის შეზღუდვა (Price Cup), LNG-ზე შეზღუდვების გავლენა უფრო მძიმე იქნება გაზის ტანკერების შედარებით მცირე რაოდენობის, ასევე ტექნოლოგია-ფინანსების ხელმისაწვდომობის გამო;
- შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ენერგომომხმარებლისკენ - ჩინეთისკენ რუსული გაზის გადამისამართების მცდელობები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე გაჭიანურებული მოლაპარაკებები ჩინეთში გაზის გაყიდვების გაორმაგებაზე ახალი რუსული „ციმბირის ძალა 2-ის“ (Power of Siberia 2) მილსადენის მეშვეობით, არ დასრულებულა. აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმება ჯერ ვერ ხერხდება;
- ამავდროულად, ღია წყაროებში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, Arctic LNG 2, რომელსაც აკონტროლებს Novatek, რუსეთის უმსხვილესი LNG მწარმოებელი, სანქციების სენსიტიურობის გამო, შეფერხების წინაშეა. ამ წყაროების ცნობით, კომერციული LNG მიწოდება ამ პროექტიდან მოსალოდნელია არაუადრეს 2024 წლის მეორე ნახევრიდან ან კიდევ უფრო გვიან მაშინ, როცა Novatek აცხადებდა, რომ ის პირველ კვარტალში დაიწყებდა პროდუქციის გადატვირთვას. ამ კომპანიის Arctic LNG 2 ქარხნის წლიური სიმძლავრე (სამი ტერმინალით), უნდა ყოფილიყო 19,8 მილიონი ტონა LNG და 1,6 მილიონი ტონა სტაბილური გაზის კონდენსატი;
- ეს Novatek-ს აქცევდა რფ-ს ენერგეტიკულ შემოსავლებში ლიდერად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „გაზპრომის“ მილსადენის გაზის ექსპორტი ევროპაში განახევრდა და 2023 წელს 100 მლრდ. კუბ.მ-ზე ცოტა მეტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა, ვინაიდან 2023 წელს რუსეთის მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 57% და მთლიანი შიდა პროდუქტის 27% ნახშირწყალბადების ექსპორტმა უზრუნველყო.
- თუმცა, აშშ-ის სანქციები, რომლებიც რუსული წყაროების ცნობით, ასახავს ვაშინგტონის სურვილს გახდეს ლიდერი LNG-ის ექსპორტში, Novatek-ის ფორსმაჟორულ მდგომარეობას დაემთხვა. კერძოდ, გამოცხადდა, რომ რუსულ კომპანიას არ შეუძლია შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები. ამავე დროს, სანქციების შიშით, Novatek-ის უცხოელმა აქციონერებმა პროექტში მონაწილეობა შეაჩერეს და უარი თქვეს პასუხისმგებლობაზე Arctic LNG 2 ქარხნის დაფინანსებაზე და კონტრაქტებზე. Arctic LNG 2 მდებარეობს გიდანის ნახევარკუნძულზე, რომელიც შეჭრილია კარის ზღვაში, ციმბირის ჩრდილოეთით და უცხოური დახმარების გარეშე, ასეთ რთულ პირობებში, მისი ფუნქციონირება ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ Novatek, რომელიც „გაზპრომის“ ალტერნატივად ყალიბდებოდა, ფლობს Arctic LNG 2 კონსორციუმში 60%-იანი წილს. ჩინეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანიებიდან, CNOOC Ltd და China National Petroleum Corp (CNPC) თითოეული ფლობს 10%-იან წილებს, ისევე როგორც საფრანგეთის TotalEnergies, იაპონური Mitsui and Co და JOGMEC;
- გარდა ამისა, თავდაპირველად Novatek-მა განაცხადა, რომ Arc7 ყინულის კლასის 15 LNG ტანკერი, რომელთაც შეუძლია 2 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა, მალე აიგებოდა რუსეთის “ზვეზდას” ვერფებზე Arctic LNG 2-ისთვის. მაგრამ, ფრანგულმა საინჟინრო ჯგუფმა Gaztransport & Technigaz (GTT) 2024 წლის იანვრიდან შეაჩერა კონტრაქტი რუსულ გემთმშენებელ კომპანია “ზვეზდასთან”. კიდევ ექვსი Arc7 კლასის ტანკერი უნდა აეშენებინა კორეულ კომპანიას Hanwha Ocean, ყოფილ Daewoo Shipbuilding & Marine Engineering-ს, მაგრამ ეს კონტრაქტიც გაუქმდა. დასავლური წყაროების ცნობით, ასეთ პირობებში რუსეთს გაუჭირდება LNG პროექტებში GTT-ის ჩანაცვლება.
ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს დასავლურ კომპანიებს რფ-ს ენერგეტიკაში
სანქციების გამო რუსეთმა შესაძლოა დასავლური კომპანიების ენერგოაქტივების ნაციონალიზაცია განახორციელოს, ან რუსეთის ბაზარზე ჩინელი და ინდოელი ინვესტორები შევიდნენ. საერთაშორისო ნავთობკომპანიებმა, რომლებიც რუსეთში ათწლეულების განმავლობაში ოპერირებენ, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ან შეამცირებენ დაბანდებებს, ან დატოვებენ ქვეყანას. ჩნდება კითხვა - ვინ შეცვლის მათ?
Equinor-მა, Eni-მ, BP-მ, ExxonMobil-მა და Shell-მა 2023 წლის ბოლო თვეებში განაცხადეს რუსეთიდან გასვლის შესახებ. სხვებმა - TotalEnergies, OMV და Wintershall - განაცხადეს, რომ ქვეყანაში შემდგომი ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ.
ამის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ ყველა შერწყმისა და შესყიდვის (M&A) გარიგებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა, რათა უცხოური მაღალტექნოლოგიური ენერგო კომპანიების მიერ ქვეყნის სწრაფად დატოვება თავიდან აიცილოს. ეს კეთდება იმისთვის, რომ მათი წასვლის შედეგად არ მოხდეს წარმოების შეფერხება და კომპანიებსა და ბიზნესის მფლობელებს მიეცეს დრო, შეაფასონ არსებული ბაზრის მდგომარეობა და აწონონ თავიანთი გადაწყვეტილებები, რასაც კრემლი პოლიტიკურ ხასიათს აძლევს.
თუ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) გარიგებებზე აკრძალვა დაწესდება, უცხოური კომპანიების წასვლა რუსეთიდან შესაძლოა გარკვეული ხნით შეჩერდეს, მაგრამ წილების და აქციების გაყიდვები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რაც სხვა უცხოელ ინვესტორებს გაუხსნის შესაძლებლობებს.
სავარაუდოა, რომ უცხოელების საკუთრებაში არსებული თითქმის ყველა აქცია რეალურ ღირებულებასთან შედარებით უზარმაზარი ფასდაკლებით გაიყიდება. ასევე, აქციების ნაწილი შეიძლება სახელმწიფოს მიერ იქნას შეძენილი და ამ გზით ნაციონალიზებული. კრემლმა ზოგიერთი ინვესტორი გააფრთხილა კიდეც, რომ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მას არ დაემორჩილებიან, შესაძლოა აქტივები ჩამოერთვათ.
(პირველი ნაწილის დასასრული)