ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ თბილისში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა და „ქოლცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. დალუქულია ისანში მდებარე ოფისები, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. „ქოლცენტრებიდან“ ამოღებული მტკიცებულებები კი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს ბრალი თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სკანდალური საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის გამოკვეთილი. ხმაურიანი საქმის პროკურორი აანონსებს, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება.
„მტკიცებულებები საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის წარმოდგენილი. ეს არის დოკუმენტაცია, ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველას როლი კარგად არის გამოკვეთილი და უშუალოდ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, უბრალოდ, არ ტოვებს. დაკავებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრები, თუმცა გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
მაშ ასე, ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებულია 4 ქალბატობი და 3 მამაკაცი, აქედან ერთი ისრაელის მოქალაქეა. დაკავებულებს ანა კვანტალიანს, ნანა კორსავას, ელზა დას, ნონა ფარეხელაშვილს, ლევან კობახიძეს, გიორგი ყიყიშვილს და იოსებ მჭედლიშვილს სასამართლოზე არ უთქვანთ ვინ დგას მათ სახელეზე რეგისტრირებული კომპანიებში განთავსებულ „ქოლცენტრების“ უკან. არაოფიცლაური ინფორმაციით დაკავებული მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდე ჭიკაიძესთან დაახლოებული პირია.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
„სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განჩინებაში ბევრი სავარაუდო, ბევრი შესაძლებელი იყო, მაგრამ არანაირი დასაბუთება. საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს დასაცავ პირს შემხებლობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს. ამიტომ, დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტურეს ის გარემოება, რომ დაკავებული უდანაშაულოა“, - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები, ხოლო თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები. ბრალდებული არასდროს არ ყოფილა ამ ოფისში. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ის არც ერთ ოფისში არ ყოფილა. თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური „ქოლცენტრების“ და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.
ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“ მოწყობასა და ორგანიზებას.
„ქოლცენტრების“ გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2021-2024 წლების პერიოდში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.