[მანანა ნოზაძე]
თვენახევრის წინ მექსიკაში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა “ნისანის” მარკის ელექტრომანქანა პირადად გამოსცადა. “ტესტ-დრაივის” დროს პრეზიდენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე უმშვენებდნენ მხარს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს შეამცირებს. პრეზიდენტმა ელექტრომანქანები „წარმოუდგენელ რევოლუციად“ მოიხსენია, რადგან მათი დატენვა შეიძლება, არც ხმა აქვს და მარტივად სატარებელიცაა.
თავდაპირველად პრეზიდენტი ამ ნოვაციის დანერგვას სამთავრობო დონეზე აპირებდა, შემდგომი ეტაპი მთავარ ავტობანებზე ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნებოდა, საბოლოოდ კი პრეზიდენტს ქართველი ხალხის იმედი ჰქონდა, რომლებიც დროთა განმავლობაში ძველ მანქანებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებდნენ.
მართალია, ელექტრომანქანები ამსტერდამსა და კოპენჰაგენში მუნიციპალურ დონეზე უკვე დაინერგა, მაგრამ საქართველოს სოციალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ელექტრომანქანები ოცნების სფეროს განეკუთვნება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ერთი საინტერესო ფაქტის მოტანა შეიძლება – ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია, რომ აკუმულატორები შინაც დამუხტოს, სანამ მანქანა ფარეხში დგას. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო შტეფსელით დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, აკუმულატორები სრულად შეივსება.
ავტოექსპერტი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე შალვა ობგაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო პარკის ელექტრომობილებით შევსება ჯერ ნაადრევია, რადგან მისი შეძენა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილის. მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობა მის შეძენას ვერ შეძლებს და აღნიშნულ პროგრამაში თანხა უაზროდ დაიხარჯება. მისი აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს ავტოპარკის ელექტრომობილებით შევსების ნაცვლად, ჰიბრიდული (ბენზინსა და ელექტრონზე ერთდროულად მომუშავე მანქანა) ავტომობილებით შევსება უფრო რეალურია, რადგან ,,მომავალი 10-15 წელი ჰიბრიდული ავტომობილებისაა, ხოლო ელექტრომობილები უფრო შორი მომავლის პერსპექტივაა”.
ამასთან, ავტოექსპერტი ელექტრომობილების შესაძლო შემოყვანის საკითხის ბუნდოვანების აცილების მიზნით მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს მაქსიმალურად ვრცელი ინფორმაცია მიაწოდოს.
ელექტრომობილების შემოყვანა თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ხელშემწყობი ხომ არ გახდება? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ "თანხას ჰაერში არ გაისვრიან?“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შალვა ობგაიძე კონკრეტული პირებისგან ელის და ტელედებატებში იწვევს მეორე მხარეს.
მისი თქმით, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოს ავტოპარკი მოძველდა. მისი უმეტესი ნაწილი იმ ავტომანქანებს მოიცავს, რომლებიც ექსპლუატაციაში აქამდეც იყო. გარდა იმისა, რომ ძველი ავტომანქანები ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს, ისინი საგზაო ავარიების სიხშირესაც იწვევენ. კარგა ხანია, დასავლეთში ავტომობილების საწვავის მაღალ ხარისხს იყენებენ. ამ დროს კი საქართველოში საწვავის გაუმჯობესება მხოლოდ საკანონმდებლო დონეზეა ასახული. ელექტრომობილების დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ პრესაჯი.ტვ. შალვა ობგაიძეს გაესაუბრა.
შალვა ობგაიძე: თავისთავად, ელექტრომობილები ძალიან კარგია და მის უპირატესობებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ელექტრომობილების პრიორტეტია ნულოვანი გამონაბოლქვი, რადგან საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი. ბენზინი არ იხარჯება, უხმაუროა და ა.შ. მაგრამ კითხვის ნიშნებს აჩენს სხვა რამ. ეს ინიციატივა მოდის ქვეყნის პირველი პირისგან, ხოლო, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, მათგან სიჩუმეა. საინტერესოა, რამდენი ავტომობილის შეძენას ვაპირებთ, რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს, ვისთვის იქნება ეს ავტომობილები განკუთვნილი, ვინ იღებს მათ შეძენაზე პასუხისმგებლობას, გამოცხადდება თუ არა ტენდერი? ესაა შეკითხვების არასრული ჩამონათვალი. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მიერ გავრცელდა, 150-160 მილიონი დოლარის მანქანა უნდა შეიძინონო. სავარაუდოდ, 3 თუ 4 ათასი ავტომობილის შეძენას აპირებენ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს თანხა მიზანმიმართულად დაიხარჯება? როგორც გადასახადის გადამხდელებს, თითოეულ ჩვენგანს უნდა უჩნდებოდეს ეს ლეგიტიმური კითხვები. ამ დროს კი ამის პასუხი გასაიდუმლოებულია, არც არავინ იცის. რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკურ მხარეს, ნურავის ექნება იმედი, რომ სამი გაჩერების გარეშე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა ელექტრომობილით მოსახერხებელი იქნება. თუმცაღა, ქალაქში ძალიან კარგია მოკლე მანძილებზე სასიარულოდ.
ელექტრომანქანებს დატენვა სჭირდება. საამისო ბაზები ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს და სად უნდა დაიტენოს?
- მსოფლიო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, როგორც წესი, ასეთი დასამუხტი ადგილები არის ჩქაროსნული მაგისტრალის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურაში, ეს იქნება სავაჭრო ცენტრი თუ საწვავგასამართი სადგური.
დატენვა დიდხანს სჭირდება?
- სრულად, 100%-ით დატენვას სჭირდება 8 საათი, ხოლო 80%-ამდე რომ დაიტენოს, მინიმუმ ერთი საათი მაინც სჭირდება. მართალია, ტექნიკურ მონაცემებში კი უწერია, თითქოს ნახევარ საათში იტენება, მაგრამ მანდ მწარმოებლები ცოტას ცუღლუტობენ ხოლმე.
გამოდის, დროის მოგების მხრივ ეს მაინცდამაინც მისაღები არაა.
- დიახ, თუ სულ რაღაც 15 წამში ჩაასხამთ 20 ლიტრ ბენზინს, ელექტრომანქანას სჭირდება მინიმუმ ერთი საათი, რომ 80%-ით აღიდგინოს აკუმულატორმა თავისი თვისებები.
მოგეხსენებათ, ქართველების სისწრაფისადმი მისწრაფება. რამდენად ჩაჯდება ჩვენს ხასიათში ამდენი ხნის მანძილზე მანქანის დატენვის მოლოდინი ?
- მოდით, ვთქვათ ასე, ქართველებს კი არ უყვართ სისწრაფე, არამედ თანამედროვე ავტომობილები და კარგად აგებული გზები იძლევა საშუალებას, რომ მინიმუმ 100-110-ით იარონ. საკმარისია, ელექტროავტომობილმა გადაბმულად ამ სიჩქარით იაროს, ის 160 კილომეტრს ვერ დაფარავს. მაქსიმუმ, ეს მანქანა გაივლის 100-110 კილომეტრს. მერე კი უნდა დავტენოთ. როგორც მობილური ტელეფონის შემთხვევაში. რაც მეტს ლაპარაკობ, მალე განიმუხტება. რაც უფრო სწრაფად დადიხარ ავტომობილით, რაც მეტი ტვირთი გაქვს და მეტი აღმართი შეგხვდება, მეტი დატენვა სჭირდება. თუ ნათურაც ჩაურთე, ელექტროღუმელი ან კონდიციონერი, ჩათვალეთ, რომ ელექტროენერგიის ნახევარი უკვე ამას მიაქვს. რაც შეეხება დედაქალაქს, რომლის მასშტაბით სულ რაღაც 20 ოციოდე კილომეტრით გიწევთ გადაადგილება და მიხვედით დანიშნულების წერტილამდე, სანამ შენობიდან გამოხვალთ, ამასობაში დაიტენება კიდეც ელექტრომანქანა. დიდ ქალაქებში ეს კარგია, მაგრამ რამდენად მსყიდველობითუნარიანია ჩვენი ხალხი, ეს სხვა საკითხია. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მსყიდველუნარიანნი არ არიან.
რატომ არის 21-ე საუკუნე ჰიბრიდული ავტომობილების ეპოქა?
- მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ავტობაზარზე ავტომობილების განახლება მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 10%-ით (უკეთეს შემთხვევაში) ხდება. ეს არის ნულოვანგარბენიანი ავტომობილები, ხოლო დანარჩენი გახლავთ მეორადი ავტომობილები ამერიკის აუქციონიდან, ნაწილობრივ ევროპიდან. მანქანების მცირე ნაწილი კი შემოდის დუბაისა და იაპონიიდან. ამერიკიდან შემოსული მანქანების უზარმაზარი რაოდენობა საწვავით გაუმაძღარი ძრავებით არის აღჭურვილი.
საერთოდ, ამერიკული მანქანები, გარემოსდაცვითი და გამონაბოლქვის სტანდარტით, არ უახლოვდება ევროპულს. იგი საკმაოდ დაბალი კუმშვის ხარისხისა და დაბალი ხარისხის საწვავზე მომუშავე ძრავაა და მეტ ბენზინს მოიხმარს. თუ გავითვალისწინებთ ქართველების ბოლოდროინდელ გატაცებას მოსიარულე ციხე-სიმაგრეებით (დიდი ჯიპებით), რომლებიც 18-20 ლიტრზე მეტს წვავენ 100 კილომეტრზე, ძალიან სამწუხარო სურათი იხატება. ამიტომ უახლოეს მომავალში ჰიბრიდული ავტომობილებით უნდა ვისარგებლოთ, რომელიც როგორც ჩვეულებრივ საწვავზე, ასევე - ელექტროძრავაზე მუშაობს. ორივე ძრავას იყენებს, კომბინირებული, ჰიბრიდული აგრეგატი აქვს. ასეთი ავტომობილი რომ შეიძინოთ, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ შესაბამისი პირობა. ჩვეულებრივი ძრავით აღჭურვილი მანქანისგან განსხვავებით, მისი განბაჟება გაცილებით იაფი უნდა ჯდებოდეს. ხალხს ეკონომიკური სტიმული უნდა ჰქონდეს. ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მაშინ ეს ადამიანები თვითონ აირჩევენ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილ ავტომობილებს.
თავის ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით, ჰიბრიდულ ავტომობილს 50-60 %-ით ნაკლები გამონაბოლქვი და საწვავის ხარჯი აქვს. არსებობს მარტივი ფორმულა-ეკონომიურობა უდრის ეკოლოგიურობას. რამდენი საწვავიც ნაკლებად დაიწვება, იმდენად ნაკლები CO და CO 2 გამოიტყორცნება. ჰიბრიდული მანქანის გამოყენება საწვავს ანახევრებს, ელექტრომანქანას კი საერთოდ ნულამდე დაჰყავს საწვავი. ვურჩევდი ხელისუფლებას, ავანტიურაზე წავიდეს და ერთი წლის მანძილზე მწარმოებლებს საქართველოში შემოყვანილ ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებზე ნულოვანი დაბეგვრა მისცენ, ანუ საერთოდ არ დასჭირდეთ განბაჟება. ასეთ შემთხვევაში, ყველა მძღოლი ჰიბრიდულ მაქანას შეიძენს.
ელექტრომანქანების შემოყვანასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის წინადადება რეალობასთან ახლოს იყო თუ ჰიპოთეტური გახლდათ, თუნდაც იმავე ტურისტების მისაზიდად?
- ეს სააკაშვილს ჰკითხეთ. ზოგადად, ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს აქვს ხელუხლებელი კორომები, ლანდშაფტები-მესტიაში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევსურეთში, რის სანახავადაც უცხოელები ჩამოდიან. ეკოლოგიაზე ზრუნვა სახელმწიფოს კულტურას უფრო უსვამს ხაზს.
ელექტრომანქანები სად იწარმოება?
- წარმოიდგინეთ, ფორმით ეს ჩვეულებრივი მანქანაა. ოღონდ, თუ ძველებური მანქანა აღჭურვილია ჩვეულებრივი ძრავით, ბენზინიანი დიზელით, თანამედროვე მანქანები არის ან ჰიბრიდული, ან - კონცეპტუალური. „ნისანის" ელექტრომობილი "ლიფი" ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილად გამოცხადდა. პრეზიდენტი სწორედ „ნისან-ლიფის“ მანქანაში იჯდა.
სად მოიხმარენ ელექტრომანქანებს?
- სხვათაშორის, ამ ბოლო დროს ობამა სააკაშვილს ბაძავს. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2013 წელს ამერიკა გახდება პირველი ქვეყანა, სადაც 1 მილიონი ელექტრომობილი ივლის. ჯერჯერობით ერთეულია ისეთი ქვეყნები, სადაც ასეთი მანქანები დადის. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ამ მანქანებს ძირითადად მოკლე მანძილზე სასიარულოდ იყენებენ. 2011 წელს საავტომობილო წარმოებაში ერთგვარი გარღვევა მოხდება, რადგან ამ ავტომობილების შედარებით მეტ რაოდენობას დაამზადებენ.
ამ ტიპის ავტომობილების საქართველოში წარმოება შესაძლებელია?
- პრეზიდენტმა განაცხადა, ელექტრომანქანებს საქართველოში ავაწყობთო. ამდენად, შესაძლოა, ისინი ნულიდან ავაწყოთ ან ნახევრადფაბრიკატი ჩამოვიტანოთ. ამას ჰქვია სახრახნისით აწყობა, რითაც ჩვენში სამუშაო ადგილები გაჩნდება. ექსპორტზეც გავა, მით უფრო, ამ პროდუქტზე მოთხოვნილება არსებობს. ელექტრომანქანები რატომ უნდა აეწყოს ჩინეთში? განა თბილისში ვერ ავაწყობთ, ან ლილოში, გორში, ქუთაისში? მე, როგორც ავტომობილისტი, გეუბნებით, რომ ამაში არაფერი სირთულე არ არსებობს. საამისოდ ადამიანური რესურსიც გაგვაჩნია. ძირითადი პრობლემა ისიცაა, რომ ამჟამად საქართველოში იმპორტირებული 50-60 ათასი ავტომობილის ფასების ძირითადი ნიშა 5-დან 10 ათას დოლარამდე მერყეობს. ხოლო ელექტრომანქანები 25-დან 40 ათას დოლარამდე ღირს, რასაც ჩვენი რიგითი თანამოქალაქე ვერ შესწვდება.
ელექტრომანქანების დასამუხტი საშუალება ძვირადღირებულია?
- არა, ელექტროენერგიას უერთებენ. საქართველოში დენის პრობლემა აღარაა.
მზის ენერგიის მანქანები შორეული პერსპექტივაა?
- ეს ძალიან შორეულია. ჯერჯერობით არსებობს მზის ბატარეებზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც ველოსიპედის ბორბლებითაა აღჭურვილი. “სოლარქარ“,- ასე ჰქვია ამ მანქანებს და სხვათაშორის, ყველაზე პოპულარული ავსტრალიაშია, მწვანე კონტინენტზე. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ხვალ და ზეგ არ დანერგავენ. მეცნიერება გარღვევის სტადიაშია.
კიდევ ერთი ნოვაცია საქართველოსთვის. ჰოლანდიაში ეკოლოგიურად სუფთა საშუალებით-ველოსიპედით გადაადგილდებიან. საქართველოში არის ამის შესაძლებლობა?
- ჯანსაღი ცხოვრების ნებისმიერ წესს მივესალმები. თუ ადამიანები ნაკლებად იმოძრავებენ მანქანით, კარგი იქნება. მაგრამ აქ ალტერნატივა არ არსებობს, ველოსიპედი ვერ შეცვლის ავტომობილს, ეს არასდროს არ მოხდება. ჯერჯერობით, თბილისში ველოსიპედის ბილიკები, სპეციალური პანდუსები არ არსებობს, რომელიც ტროტუარზე ასვლა-ჩამოსვლას, გადასვლას გააადვილებდა.
ავტომობილის გამონაბოლქვის მხრივ დედაქალაქის რომელ ნაწილშია საგანგაშო ვითარება?
- ავტომობილის გამონაბოლქვში საწვავის წვის პროდუქტი არის ნახშირწყალბადები. CO არის ნახშირბადი და CO 2- ნახშირორჟანგი, რომელიც საწვავის სრული წვის პროდუქტია. CO არასრული წვის პროდუქტია, რომელიც ადამიანის დაავადებას იწვევს, ბავშვებში-დაუნიზმს, სიდებილეს, სისხლიდან თეთრი და წითელი ბურთულაკების-ჰემოგლობინის გამოდევნას. განსაკუთრებით საშიშია ბავშვის გარეთ გაყვანა პიკის საათებში. მაგალითად, ბუკიას ბაღთან პატარას გაყვანა არ შეიძლება, რადგან CO განსაკუთრებით 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე ვრცელდება, სადაც ამ გამონაბოლქვის ყველაზე მეტი კონცენტრაციაა; ანუ ეტლით ბავშვის სეირნობისას მას ამ მხრივ საფრთხეს ვუქმნით. გარდა ამისა, თმის ანალიზმაც საშინელი შედეგი აჩვენა. გამონაბოლქვი, განსაკუთრებით, ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევია. ამიტომ ავტომობილები რაც შეიძლება ეკოლოგიური უნდა გავხადოთ და ისინი გარემოს მიმართ მეგობრული ტექნოლოგიით დავამზადოთ.