სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით დამკვეთსაც და შემსრულებელსაც უკვე თავისი წილი პრეტენზიები აქვს. ორივე მხარე ჯერ ერთმანეთისკენ იშვერს თითს, მაგრამ საბოლოოდ დგინდება, რომ ყველაფრის მიზეზი ე.წ. დაბალი ფასის პრინციპია, რომელიც უკვე უდიდეს პრობლემას ქმნის ყველ მიმართულებით, ეს იქნება სამუშაოს შესრულების ვადები, ხარისხი თუ შრომის უსაფრთხოების პირობები.
განსაკუთრებით ბოლო სახელმწიფო ტენდერებში კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოს ხარისხი ძალიან ხშირად კრიტიკის საგანია. დამკვეთი უწყებები ამბობენ, რომ პროექტები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით არ სრულდება. ტენდერებთან დაკავშირებით ბოლო სკანდალი წერეთლი გამზირის რეაბილატაციას მოჰყვა. მართალია, იქ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით არ იყო პრობლემა, თუმცა ვადები იმდენად დაირღვა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე დათქმულ ვადებში გზის საფარის დაგება ძლივს მოესწრო, ხოლო სრულად გამზირის რეაბილიტაციას კიდევ 2 თვე დასჭირდება ან შეიძლება არც ეყოს.
ერთია, დამკვეთის პრეტენზიები, მაგრამ, მეორე მხრივ, ტენდერში მონაწილე სუბიექტებს თავისი არგუმენტები აქვთ. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს სახელმწიფო შესყიდვებში არაერთი ხარვეზია, რაც კეთილსინდისიერ კომპანიებს ფინანსურად აზარალებს, ხოლო სხვა დანარჩენს ხარისხის ხარჯზე ფინანსების დაზოგვისკენ უბიძგებს
„ბლექ სი გრუპის“ დირექტორი ამირან მამუჭაძე ამბობს, რომ ტენდერით შეთავაზებული ფასი ხშირად არ ითვალისწინებს კონკრეტულ დანახარჯებს, რაც ბიზნესს აზარალებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით ძირეულ ცვლილებები და არსებულ სისტემაში საერთაშორისო ნორმების ასახვა აუცილებელია.
„დღეს სახელმწიფოში აუცილებლად ჩასატარებელია რეფორმა, უნდა შეიქმნას ერთიანი ფასწარმოქმნის პოლიტიკა უნიკალური კოდებით, რაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში არის, სადაც ყველაფერი გათვალისწინებულია. საკმაოდ კარგად არის ასახული მიმდინარე პროცესები. დღეს ვერ ხდება სწორად ხარჯების ასახვა, რადგან არ ჩატარებულა ამ მიმართულებით არანაირი რეფორმა და ნაწილობრივ წარმოქმნილი ნორმატიულ აქტებით ხდება ფასის დადგენა.
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიხარჯოს კონკრეტული ადამიანური რესურსი, უნდა გამოიყოს თანხა, რომლითაც იქნება შექმნილი ფასწარმოქმნის საერთო პოლიტიკა. მას კი გამოიყენებს ნებისმიერი უწყება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით კონკრეტული პროექტების შესყიდვაში მონაწილეობს“ - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ამირან მამუჭაძემ.
ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომსადგენელთა აზრით, სატენდერო ფასები მოძველებული მეთოდოლოგიით დგინდება, რის გამოც ხშირად კომპანიებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ, შედეგად, პროექტები უხარისხოდ სრულდება. ამაზე საუბარი ახლა არ დაწყებულა და ბოლო პერიოდში უკვე ხშირად მიმდინარეობს.
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. ამის მიზეზად იგი რამდენიმე ფაქტორს ასახელებდა, მათ შორის, სახელმწიფო ტენდერებში დასახელებულ დაბალ ფასს და შესყიდვების შესახებ კანონს, რომელიც დახვეწას საჭროებს.
როგორც ტრაპაიძე აღნიშნავდა, ელექტრონული ტენდერები კარგია, კორუფცია ტენდერების დონეზე შემცირებულია, მაგრამ მისი შესრულებისთვის სხვა მიდგომებია საჭირო, ამას კი კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება.
„სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ხარჯების 10%-ით კომპენსირება საკმარისი არ არის. ინოვაციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას ეკონომიკური ეფექტი აქვს. ჩვენ ამის შედეგად ვაღწევთ ბალანსს. სხვანაირად გაგვიჭირდებოდა“, - აცხადებდა ტრაპაიძე.
ტენდერებში მონაწილე კომპანიები მიუთითებენ, რომ დამკვეთი ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებულ ფასში ხშირად არ არის ასახული შრომის უსაფრთხოების, საინჟინრო გადაწყვეტილებების და მობილიზაციის ხარჯები, რისი გადახდაც კომპანიებს მოგების შემცირების ხარჯზე უწევთ. სწორედ ამაზე საუბრობს კომპანია „ჯეუ გრუპის“ დირექტორი გიორგი თავართქილაძე.
„ეს არის მობილიზაციისა და დემობილიზაციის ხარჯები, საინჟინრო გადაწყვეტილებების ხარჯები. უსაფრთხოების ნაწილი აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული და კომპანიებს, რომლებსაც უსაფრთხოებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თავისი მოგებიდან უწევთ ამ ხარჯების დაფარვა.
თვითონ განფასების ნაწილიც დღეს არის არა საბაზრო კვლევებზე დაყრდნობილი, არამედ 1984 წელს დადგენილი ნორმატივებით და ხშირ შემთხვევაში ფასები არის ძალიან არაადეკვატური. ძალიან ბევრ ტენდერზე ჩვენ უარის თქმა მოგვიწია იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 20-25%-ით აღემატება თვითღირებულება თვითონ სატენდერო ფასს“, - განაცხადა თავართქილაძემ.
მისი განმარტებით, იმ ტენდერებში, სადაც არარეალურად დაბალი ფასებია დამკვეთის მხრიდან შეთავაზებული და ხშირად ამ ფასად სამუშაოების შესრულება წარმოუდგენელია, კომპანიები მაინც იღებენ მონაწილეობას, ფორმდება ხელშეკრულებები, თუმცა ბიზნესი პროექტს ან ვერ ასრულებს, ან ასრულებს ფინანსური ზარალით.
მონაწილეობენ დამწყებები და აფერისტები. მოიგებენ ტენდერს და მერე იწყება იაფიანი მასალებით მშნებლობა, მაქინაციები, მუშების გადაგდება, სამშენებლო ვადების გადაცილება და ა.შ.
გასაგებია, რომ ხარისხიანად შესრულებულ საბოლოო შედეგზე საუბარი აღარ არის.