„ივანიშვილი ზურაბიშვილზე მტერს და მოღალატეს არ იტყვის, რადგან ავანსცენაზე თავად არის და პრეზიდენტისთვის ამ დონის პოლიტიკური მნიშვნელობის მიცემა არც არაფერში სჭირდება“

„ივანიშვილი ზურაბიშვილზე მტერს და მოღალატეს არ იტყვის, რადგან ავანსცენაზე თავად არის და პრეზიდენტისთვის ამ დონის პოლიტიკური მნიშვნელობის მიცემა არც არაფერში სჭირდება“

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა კვლავ გაჩნდა - გაუწევს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს ანაგრიშს და ხელისუფლებას დაუპირისპირდება თუ არა ისევ მწვავედ?

თავად ივანიშვილმა 30 დეკემბერს საჯაროდ გამოსვლის დროს მედიასთან ზურაბიშვილის კრიტიკისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ პრეზიდენტი მკვეთრად ოპოზიციის მხარეს გადაიხარა.

ახლა საინტერესოა რას იტყვის თავად სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას ივანიშვილზე. გაუხსნის თუ არა მას პირველ ცეცხლს და პოლიტიკურად რაში სჭირდება ეს მას?

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლო წლიური ანგარიში იქნება.

„ახლა მისი  ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში“, - ამბობს „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

„დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს იტყვის პრეზიდენტი. პრეზიდენტს ბოიკოტი საზოგადოებამ გამოუცხადა, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია - მას შემდეგ, რაც თვითონ გამოუცხადა ჯერ ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და კონსტიტუციას ბოიკოტი. ახლა, გასაგებია, ფორმალური მხარეა მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უჭირს იმის თქმა გაუწევს თუ არა ზურაბიშვილი ივანიშვილს ანგარიშს და, ალბათ, ეს 6 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო გამოსვლაში გახდება ცნობილი.

„ზურაბიშვილი მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება ღარიბაშვილის მეთაურობით უპირისპირდებოდა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ახლა, როცა სტატუსი მივიღეთ, რაზე შეიძლება მან ისევ ეს კონფლიქტი დაიწყოს? რთული სათქმელია. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.

6 თებერვალს, როცა პრეზიდენტი პარლამენტში მივა, მეტ-ნაკლებად, გამოიკვეთება და გამოჩნდება თუნდაც მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიმართ. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ სხდომა საერთოდ არ შედგეს, უმრავლესობა არ მივიდეს და ქვორუმი არ შედგეს, სხდომა ჩაიშალოს. ამ შემთხვევაში ზურაბიშვილი რა გზას აირჩევს, ამაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობა როგორ გაგრძელდება. მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილს არ გაუწევს იმხელა ანგარიშს, როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უწევდა. პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. ამიტომ აზრსაც ვერ ვხედავ, რატომ უნდა გააგრძელოს აქ პოლიტიკური მოღვაწეობა“, - ამბობს ძაბირაძე.

თუმცა კითხვაზე თუკი ზურაბიშვილი ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში, გადადგება პრეზიდენტობიდან და გადაწყვეტს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა გართულდება.

„მაშინ აქ მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე საუბარი არ იქნება. აქ იქნება უკვე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბარი. თუ ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის პოსტი არ დატოვა, მაშინ არ მგონია მან თავისი აქტიურობა შეცვალოს. ვფიქრობ, ზურაბიშვილი არჩვენების დროსაც იქნება იმ პოზიციაზე, რასაც ჩვენი პარტნიორები დაიკავებენ. რაც შეეხება ივანიშვილს, რომელიც პრეზიდენტს არ შეეხო დიდად, მისი მხრიდან ძალიან სწორი და ტაქტიკური სვლაა. ამ ეტაპზე, ზურაბიშვილი, მაგალითად, გიორგი გახარიასგან განსხვავებით, ივანიშვილისთვის პოლიტიკური მეტოქეს არ წარმოადგენს. ამიტომაც ახსენა უფრო მწვავედ გახარია და არა პრეზიდენტი. მისთვის ამ ეტაპზე, გახარია წარმოადგენს საფრთხეს, რომელიც „ოცნების“ ხმებს მიითვისებს. ამიტომაც ივანიშვილისთვის პრობლემა ის არის. ივანიშვილი არ არის გამოუცდელი პოლიტიკოსი, რომელიც გათვლას ვერ აკეთებს. რატომ უნდა გაიჩინოს ზედმეტი მტერი, ან აიძულოს ზურაბიშვილი, რომ მის ნათქვამს გამოეხმაუროს და რეაქცია ჰქონდეს, როცა ეს არაფერში სჭირდება?! ზურაბიშვილზე მტერს და მოღალატეს არ იტყვის, რადგან ავანსცენაზე თავად არის და პრეზიდენტისთვის ამ დონის პოლიტიკური მნიშვნელობის მიცემა არც არაფერში სჭირდება“,-ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, წესით, სალომე ზურაბიშვილს არაფერში უნდა აწყობდეს ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება. თუმცა, ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ მას ხელისუფლების საკვანძო ფიგურებთან, ორივე ირაკლისთან ძალინ ცუდი სიტუაცია აქვს, ამიტომ არ ელის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში რაიმე შეიცვლება.

„არ ველი რომ უშუალოდ ან ივანიშვილი ან ზურაბიშვილი ამ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. უფრო კინკლაობა იქნება ისევ ირაკლებთან. მას ამ ორ ახალგაზდა კაცთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. ალბათ, ბევრი რამ ნამდვილად 6 თებერვლის გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული - რა გზას აირჩევს ზურაბიშვილი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინა პერიოდია, როცა უკვე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სიტუაცია კიდევ უფორ გამწვავდება, ვის მხარეს დაიკავებს ის.

თუ ზურაბიშვილი გადადგა, მაშინ მას და ივანიშვილს ერთმანეთზე განცხადებების გაკეთება მოუწევთ. თუმცა აქაც ერთი „მაგრამ“ არსებობს, გააჩნია ზურაბიშვილი რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნება, რა სახის პოლიტიკური წონადობა ექნება, ივანიშვილი მას ამის მიხედვით ახსენებს. შესაძლოა, მასთან დაპირისპირება საჭიროდაც არ ჩათვალოს და თქვას, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. მე მაინც ველი, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის საკმაოდ მძიმე პერიოდი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.

 

Gami ძაბირაძის აზრით, გახარია ბიძინას პოლიტიკური მეტოქეაო!!! დააბით ეს მაჩვი.
9 თვის უკან
ლევკოთეა ანუ, 155-160 ხმას წაართმევსო, ეგ იგულისხმა.
9 თვის უკან