ევროკავშირი არწმუნებს საქართველოს არ დააპატიმროს სააკაშვილი

ევროკავშირი არწმუნებს საქართველოს არ დააპატიმროს სააკაშვილი

ბრიუსელი – ევროკავშირი არწმუნებს საქართველოს არ დაიწყოს სამართლებრივი დევნა მისი მიმავალი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაშინ როცა ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

29 ოქტომბერს, ბრიუსელში სააკაშვილის გვერდით მდგომმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა: „საქართველოს და ყველა ქართველის ინტერესშია პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა პოლიტიკური გზით, მაგალითად, არჩევნებით და არა სასამართლოებით“.

მან დასძინა: „ჩვენ ველით, რომ საქართველო შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლოები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად იმუშავებენ. ჩვენთვის, აბსოლუტურად მიუღებელია შერჩევითი სამართალი ნებისმიერი ფორმით“.

სააკაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს დღევანდელი პრემიერმინისტრი მემუქრება სასამართლო პროცედურებით ბევრ საქმეზე. მან ბრალდებებიც კი თქვა და ისიც ახსენა, თუ რომელ ციხეში მოვხვდები… ეს ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ჩვენ ევროპულ მისწრაფებებს“.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს 10 წლის განმავლობაში უძღვებოდა, საპრეზიენტო იმუნიტეტს ნოემბრის შუა რიცხვებში დაკარგავს, მას შემდეგ რაც ქვეყნის ახალი მეთაურის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

ახალი მმართველი პარტია საქართველოში, ეგრეთ წოდებული კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, უკვე აწარმოებს სამართლებრივ დევნას სააკაშვილის პერიოდის რამდენიმე მინისტრის წინააღმდეგ ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დატაცება.

პრეზიდენტ სააკაშვილის ექსცესების შესახებ საქართველოში უამრავი ანეკდოტი დადის.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა EUobserver-ს უთხრა, რომ ერთხელ სააკაშვილმა წარმოადგინა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მთის აფეთქების გეგმა, რომელიც ზრდიდა ნალექის ოდენობას მისი საყვარელი პროექტის თავზე: შავი ზღვის სათამაშო სახლზე ბათუმში.

მისი მმართველობა ხასიათდებოდა ასევე პოლიციის სისასტიკით ოპოზიციური დემონსტრანტების მიმართ, პატიმრების წამებითა და საკუთარი მოქალაქეების ელექტრონული თვალთვალით.

მაგრამ მეორე მხრივ, მას მიიჩნევენ მმართველად, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს გათავისუფლებას რუსეთის გავლენის სფეროსგან; მან დიდწილად გაწმინდა ქვეყანა ორგანიზებული კრიმინალისგან და კორუფციისგან დაბალი რანგის ჩინოვნიკებსა და პოლიციაში.

ევროკავშირის ჩინოვნიკები შიშობენ, რომ თუკი სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, ეს ცუდ ატმოსფეროს შექმნის ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მონაწილეობით იმართება.

ამ სამიტზე ევროკავშირი და საქართველო პოლიტიკური ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას გეგმავენ.

მაგრამ ყოფილი ლიდერების მიმართ „შერჩევითი სამართალი“ უკვე უქმნის საფრთხეს ანალოგიური შეთანხმების ხელმოწერას ვილნიუსში უკრაინასთან.

თავის მხრივ, გიგა ბოკერია, სააკაშვილის პარტიის წამყვანი პოლიტიკოსი, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს უნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, რომ შემდეგ ქვეყანა კულისებიდან მართოს.

არსებობს ასევე შიშები იმის თაობაზეც, რომ ივანიშვილი ხელს აძლევს რუსეთს ისეთი განცხადებებით, როგორიცაა ახლახანს თქმული „რატომაც არა?“ რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ.

„ქართველი ხალხი ღრმად პროევროპელია. მას რომ ეთქვა, რომ ჩვენ საბაჟო კავშირს შევუერთდებით, უმალ ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყებოდა“, თქვა ბოკერიამ.

foreignpress.ge