ვინ იქნება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი? - ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება, რადგან უმრავლესობაში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ ინფორმაციას - მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დავით სერგეენკო დაიკავებს თუ ირაკლი ღარიბაშვილი.
for.ge-სთან კულუარულ საუბარში მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გაპრემიერების დიდი შანსი ჯანდაცვის მინისტრს აქვს, თუმცა, თუ პრემიერის თანანმდებობა ძალოვანმა მინისტრმა დაიკავა, შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნოს.
თუ ვინ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამის თაობაზე კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები დღეს, ბიძინა ივანიშილთან ერთად იმსჯელებენ, კანდიდატურის შესახებ ინფორმაციას კი, შაბათს, უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებს გააცნობენ, რის შემდეგაც, მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის საზოგადოებისთვის წარდგენა მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი პრემიერის წარდგენის გარდა, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტშიც განხორციელდეს. თუმცა, როგორც მმართველ ძალაში აცხადებენ, ეს უკვე მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
თუ რომელ მინისტრს მოუწევს პოსტის დატოვება, ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი არ ფლობს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში აღნიშავს, რომ „თავისუფალი-დემოკრატების“ წარმომადგენლებს ცვლილებები არ შეეხებათ.
ცაგარეიშვილის შეფასებით, რეიტინგების მიხედვით, თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია მინისტრთა ხუთეულში შედიან, რომელთა მიერ გატარებული რეფორმები თვალში საცემია.
„მათი საქმიანობა ხელისგულზე დევს და მათ მიერ გატარებული რეფორმები თვალში საცემია. მთავრობაში „თავისუფალ-დემოკრატებს“ კიდევ ორი სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი და კოტე სურგულაძე გვყავს. პრემიერი პეტრიაშვილს ყოველთვის აქებს. ხოლო, სურგულაძე მუხლჩაუხრელად მუშაობს და მას დიდი კვალიფიკაცია გააჩნია“, - აღნიშნავს დეპუტატი.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ინფორმაციას არ ფლობს თუ ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს, თუმცა, ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში არჩევანი დიდია.
„პრემიერი კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობს, მაგრამ 99 პროცენტით მინისტრთა გადანაცვლება მოხდება. როგორც პრემიერმა თქვა, ის პოსტიდან ვინმეს გათავისუფლებას არ აპირებს, მაგრამ არ გამოვრიცხავს, რომ ახალ პრემიერს სხვა ხედვები ჰქონდეს. თუ რომელიმე მინისტრი საკუთარ ვალდებულებას ვერ, ან არ ასრულებს, ეს აქამდეც უნდა გამომჟღავნებულიყო. მინისტრთა საქმიანობაში ჩავარდნები და საგანგაშო ნაბიჯები არ მახსენდება, პრობლემა სოფლის მეურნეობაში იყო და მინისტრი გათავისუფლდა. პრემიერს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს და შეიძლება რაიმე ცვლილება განხორციელდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშილი მინისტრთა კაბინეტს კულუარული წესით არ მართავს, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ. ბატონი ბიძინა გულწრფელი ადამიანია და მინისტრების მიმართ კრიტიკაც ხშირად გესმით კიდეც“, - განაცხადა კანონმდებელმა.
გიორგი ცაგარეშვილის მსგავსად, მომავალი პრემიერის ვინაობას არ აკონკრეტებენ - თინა ხიდაშელი და ზაქარია ქუცნაშვილი.
ქუცნაშვილი გვირჩევს, რომ სულსწრაფები ნუ ვიქნებით, რადგან მომავალი პრემიერის ვინაობა შესაძლოა, შაბათ-კვირას გახდეს ცნობილი.
„ქართველები, სულსწრაფობას ნუ გამოვიჩენთ! თქვენი ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ პოლიტიკოსის მხრიდან სულსწარფობა ეს არის ის, რომ მოვლენებს გაუსწრო და საზოგადოების თვალში მნიშვნელოვანი როლი შეინარჩუნო. ეს ფორმა კი, სწორად არ მიმაჩნია და მოვლენებს არ ვუსწრებ“, - განუცხადა for.ge-ს ქუცნაშვილმა, რომლის მსგავსადაც, ხიდაშელიც აღნიშნულ რჩევას გვაძლევს.
„ახალ პრემიერის კანდიდატურას იმ კვირაში წარვადგენთ. ცოტა ხანიც მოითმინეთ და ყველაფერი გეცოდინებათ“, - აღნიშნავს ხიდაშელი.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის თაობაზე, ბიძინა ივანიშილთან დღეს, კონსულტაციები დღის მეორე ნახევარში გაიმართება, რადგან პოლიტსაბჭოს წევრები - ირაკლი ჩიქოვანი, დავით უსუფაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ძიძიგური არიან, რომლებიც ქუთაისში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრებს უნდა დაესწრონ, ვინაიდან, უმრავლესობას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო აქვს დასაძლევი.