მეხორბლეები და მეწისქვილეები იმპორტირებულ ფქვილზე მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. 1 თვეში სპეციალური დადგენილების ვადა იწურება, შესაბამისად, ფქვილის იმპორტს ისევ დიდი გასაქანი მიეცემა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და გადამამუშავებელ საწარმოებს პრობლემებს შეუქმნის.
სწორედ, ამიტომ, მარცვლეულის ბიზნესით დაკავებული მეწარმეები მთავრობას აქედანვე თხოვნით მიმართავენ. წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი და იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, საიმპორტო გადასახადი აბალანსებს რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს, რის შედეგადაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები აგრძელებენ მუშაობას, ხორბლის მწარმოებლებმა კი 2023 წლის ივნისიდან, 50 000 ტონა ხორბალი ჩააბარეს.
„პირველ რიგში, საიმპორტო გადასახადი დამაბალანსებელი გადასახადი იყო, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის საპირწონედ. მას საკმაოდ დადებითი შედეგი მოჰყვა, გადასახადით ბიუჯეტში 22 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, სულ ხორბლის მწარმოებლებმა 50 000 ტონა ქართული ხორბალი ჩააბარეს და წისქვილკომბინატებმა მუშაობა დაიწყეს“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა.
ის ასევე საუბრობს პურის ფასზე და ამბობს, რომ პური არც გაძვირებულა და თუ ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 52 ლარს არ ასცდება, არც გაძვირდება.
„ჩვენი შეთანხმება შემდეგნაირი იყო - 1 ტომარა 50 კგ-იანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი თუ არ იქნებოდა 52 ლარზე ზევით, საბოლოო პროდუქტის, იგივე პურის ფასი არ გაიზრდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფასი ძირითადად 50 ლარის ფარგლებში მერყეობდა და შესაბამისად, ის არ გაძვირებულა“, - განაცხადა გადაცემაში „საქმე“ წისქვილკომბინატის დირექტორმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან ამას კიდევ უფრო კარგი შედეგი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში და ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე დადებითად აისახება.
„ეს საიმპორტო გადასახადი ბევრი დადებითი ეფექტის გამო აუცილებლად უნდა გახანგრძლივდეს, ვინაიდან იგი აბალანსებს რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის დამატებით გადასახადს, ხოლო იაფი ფქვილის იმპორტმა შეიძლება ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა.
გადასახადის გაგრძელების აუცილებლოაზე საუბრობენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაშიც. მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 1-ელ მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესებას დადებითი ეფექტი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დადგენილება კიდევ უნდა გაგრძელდეს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ ფქვილის და ხორბლის იმპორტის სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმმა ე.წ. „ხორბალზე მცურავი ბაჟმა“ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული არათანაბარ პირობებში ჩააყენა საქართველოს წისქვილების მუშაობა ფქვილის იმპორტთან შედარებით, შედეგად 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა - წისქვილკომბინატების გაჩერების პარალელურად ფქვილის არაპროგნოზირებადი და აგრესიული იმპორტი განხორციელდა, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივი წარმოების ფქვილი მთლიანად ჩანაცვლებულიყო იმპორტირებული ფქვილით, შესაბამისად, ქართული ხორბლის მოსავლის რეალიზაცია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ამ ფონზე პრობლემას წარმოადგენდა ხორბლის გარდამავალი მარაგები.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ, წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1-ელ მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა - რომლის მიზანი იყო, საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახდო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა - ქართული ხორბლის ძველი და ახალი მოსავლის რეალიზაცია, პურის ფასის სტაბილურობა და ქვეყნის გარდამავალ სტრატეგიულ მარაგების შევსება.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში ბაზარი გარკვეული გამოწვევებით ხასიათდებოდა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა:
- აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის;
- შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა;
- დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი;
- აღდგა ხორბლის იმპორტი და დღეს საშუალოდ ყოველთვიურად ქვეყანაში შემოდის 20დან 25 ათას ტონამდე ხორბალი;
- ამასთან გრძელდება ფქვილის იმპორტი, თვეში საშუალოდ 8 დან 12 ათას ტონამდე;
- მთელი ამ დროის განმავლობაში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში;
- ფქვილის აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ დღეს გამოწვევები არ არსებობს;
- წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში;
- დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი(რომელიც ადრე არ არსებობდა);
- წისქვილკომბინატების მუშაობით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია უწყვეტი გარდამავალი სტრატეგიული მარაგებით ხორბლად (გაეროს რეკომენდაცია), რაც ქართული ხორბლის სეზონური მოსავალთან ერთად ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კრიტიკულ შემთხვევაში 100%-იანი სასურსათო უსაფრთოების გარანტიას იძლევა (უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მარაგების შექმნა სრულად ვერ ხერხდება).
ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე თანაბარი კონკურენციის პირობების შესანარჩუნებლად, საპირწონე მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ კვლავ გამოყენებული იქნას“ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური“, რომლის ოდენობაც პერიოდულად განისაზღვრულ იქნას ბაზარზე დაკვირვების მონიტორინგის შესაბამისად და ბაზრის შემდგომი პროგნოზირებადი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის მიზნით 2024 წლის 1-ელ მარტის შემდგომაც გაგრძელდეს აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურად ფქვილის იმპორტი 32%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2023 წელს ქვეყანაში 137 695 ტონა (37,410 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წელს 181 706 ტონა (68,109 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება თვიურ მონაცემებს, 2023 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით (როდესაც საიმპორტო გადასახადი ამოქმედდა) ფქვილის იმპორტი 13 953 ტონიდან 7 753 ტონამდე შემცირდა, თანხებში 3,517 მლნ აშშ დოლარიდან 1,742 მლნ აშშ დოლარამდე.
გასულ წელს იმპორტირებული 137 695 ტონა ფქვილიდან 98,3% რუსეთზე მოდიოდა.