სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. თავად ვარდოსანიძე კი სუს-ის შენობაში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ბექა ვარდოსანიძის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ ელ.ფოსტაზე გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. წერილის მიღებისთანავე ტელეკომპანია „იმედი“ დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, გამოძიების ინტერესების გამო, ინფორმაციას ტელეკომპანია ამ დრომდე ვერ ასაჯაროებდნენ. ვარდოსანიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. თუმცა, ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, რას ედავებიან.
„ალტ-ინფოს“ წევრის ზურაბ მახარაძის განცხადებით, არ იცის მსოფლიო ტერორიზმის ისტორიაში ასეთი რამე გაკეთებულა თუ არა საერთოდ, ადამიანი სახელით და გვარით წერდეს, რომ აპირებს აფეთქებებს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.
„სინამდვილეში სუს-ის მიერ იმის დემონსტრაცია ხდება, რომ რაზე გვინდა იმაზე დაგიჭერთო. ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. იმდენად დისკომფორტული გახდა კონსერვატიულ ფლანგზე ვარდოსანიძე, რომ „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის აქ. „მეილის“ გამო, რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ეს ხელისუფლება სანამდე გაუბერავს, ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ეს პრაქტიკაში გაირკვევა. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - აცხადებს ზურაბ მახარაძე.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ვარდოსანიძე შემთხვევით კი არ აირჩიეს, ამ დაკავებით გააფრთხილეს და საბოლოო ამოცანა არის მათი განეიტრალება.
„დებილსაც კი ვერ დააჯერებენ, რომ ასეთი იდიოტური, აბსურდული ტექსტი ვინმემ ვინმეს გაუგზავნა. ეს არის სინამდვილეში დემონსტრაციული ნაბიჯი, ანუ ჩვენ მომსწრენი ვართ იმის დემონსტრაციის, რომ „ოცნება“ ივანიშვილის სახით მიდის პოლიტიკურ ნაბიჯზე“, - აცხადებს „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს“ ლიდერი, შოთა მარტინენკო.
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომენტარს არ აკეთებენ მმართველ გუნდში, ისევე როგორც რადიკალურ ოპოზიციაში. ანალიტიკოსების შეფასებით კი, ვითარება საყურადღებოა, რადგან საქართველო მისი გეოგრაფული მდებარეობიდან გამომდინარე, ტერორიზმის კუთხით მოწყვლადი ქვეყანაა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მისი გამოცდილების ხალხს ხანდახან დაჩლუნგებულიც კი აქვს სიფრთხილე ტერორიზმის მიმართ, მაგრამ არის ზოგადი საკითხები და კერძოდ, როცა ამ ტიპის ინფორმაცია ვრცელდება მონდომებით, შერჩეულია ადრესატები, რაც კიდევ ერთ საკითხს აყენებს - ავტორის მიზანია პანიკის დათესვა თუ არა, რაც მთელ რიგ ქვეყნებში ისჯება კანონით.
„არ შეიძლება პანიკის დათესვა. პანიკის დათესვის ინტერესი კი ბევრს აქვს, იმიტომ, რომ ხლახი თუ თუ დაპანიკდება, პირველი, ვის მიმართაც პრეტენზია გაუჩნდება, იქნება ხელისუფლება. ეს ხელისუფლებაზე შეტევის კიდევ ერთი არხია, გარდა იმისა, რაც მათი მხრიდან ნანახი გვაქვს. თუკი აღმოჩნდა, რომ გაიზიარეს ეს პოზიცია და პანიკა ატყდა ხალხში, როგორც გითხარით, ეს ხალხი მიაწყდება ხელისუფლებას და საკმაოდ დაუნდობლად. ასე რომ, ეს არის ანტისახელისუფლებო ქმედება. თვითონ აცნობიერებენ თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი რომ არის, ამას ვადასტურებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ალბათობა ტერორიზმის მოწყვლადობისკენ უფრო მაღალია, ვიდრე დაბალია. გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორია, რაც შესაძლებელია ამ ორგანიზაციებისთვის საკმაოდ კარგად იყოს გამოყენებული. შესაბამისად, როგორც კუხალაშვილი აცხადებს, ჩვენ გვაქვს „ბეგრაუნდი“ და მისი ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, დავასკვნათ, რომ საქართველოში ჩვენ გვქოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ტერიროსტები შემოვიდნენ კიდევაც ქვეყანაში, განთავსდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში და სპეცოპერაციის ჩატარებაც კი გახდა საჭირო მათი შემდეგი ნეიტრალიზაციისათვის.
„ამიტომ, არსებული ვითარება და ის საინფორმაციო ომი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და რომელსაც ჰყავს თავისი სამიზნე ობიექტები, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული ალბათობა ტერორისტული აქტების მოხდენასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობდა და დღესაც არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ იმ დონის სტაბილურობას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად ვიყოთ, რომ ტერორისტული აქტი არ განხორციელდება.
გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე წელი. ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურის ყურადღება განსაკუთრებულად გააქტიურებეული იქნება ამ წელს და თუ განვიხილავთ ზოგადად პოლიტიკური დაზვერვის მიზნებსა და ამოცანებს, მათი ქმედებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაცია. ამიტომ, ამ ლიკვიდაციის პროცესში ტერორიზმი შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელსაყრელ გარემოებად და თუ მოწყვლადობსაც გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ ტერორიზმი მარტო სიტყვიერი გამოსვლა არაა - მოწოდებაც, რასაც უნდა მოჰყვეს არეულობა, ესეც კი შეიძლება შეიძლება ჩაითვალოს როგორც შიდა ტერორიზმი.
„ჯერჯერობით ჩვენთან არ არის გამოხატული შიდა ტერორზმი. არის ცალკეული შემთხვევები, თუმცა შეიძლება მომავალში სხვა ქვეყნის ჩარევის შემთხვევაში, უფრო სერიოზული იყოს. თვითონ შიდა კონიუნქტურა ისეთია, იგივე დაპირისპირება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, არ გადავა ტერორიზმის ხარისხში. ბუნებრივია, ოპოზიციას ესმის, რომ რაღაცა საზღვრის გადალახვა შეუძლებელია და ამას არ გააკეთებენ, მაგრამ არის კიდევ რაღაც ჯგუფები, რომლებიც ნაკლებად კონტროლირებადია. მათი მომავალი შემოქმედება როგორი იქნება, ძნელი სათქმელია. ამიტომ, ეს შიდა ტერორიზმი მაინცდამაინც საფრთხეს არ წარმოადგენს“, - ამბობს ნებიერიძე.
რაც შეეხება საერთაშორისო ტერორიზმს, მისი თქმით, იმ შემთხვევაში დაგვემუქრება თუ ქვეყანა გააქტიურდება ანტიტერორისტულ კოალიციაში ჩართულობის კუთხით.
„გარემოცვა გავქვს ისეთი, რომ გარკვეული ლოიალობა უნდა შევინარჩუნოთ, თან არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი არ ითვლება ტერორიზმის მომხრე ქვეყნებად. პირიქით, იქაც არაა გამოკვეთილი საფრთხეები. არის ასევე ჩეჩნეთის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან იქ აბსოლუტურად უკონტროლო პროცესია კადიროვის გარშემო და ამან შეიძლება სასაზღვრო პრობლემები შექმნას. ეს საკითხი უფრო რუსეთთან მიმართებაში დგას. პროცესები საკმაოდ გართულდა. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში ამ წუთას პირდაპირი საფრთხე არ ჩანს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.