თბილისი იმ ქალაქებს შორისაა, საიდანაც აშშ მოსმენებს ახორციელებს

თბილისი იმ ქალაქებს შორისაა, საიდანაც აშშ მოსმენებს ახორციელებს

თბილისი იმ ქალაქებს შორის არის, საიდანაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ტექნიკური სისტემების გამოყენებით მოსმენებს ახორციელებდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ინტერნეტპორტალმა „ვიკილიქსმა“ გაავრცელა. ამასთან, „ვიკილიქსმა“ გაავრცელა მსოფლიო ქალაქების რუკა, სადაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ მოსმენების პუნქტებია აღნიშნული.

რუკაზე ხუთი ფერით - წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი და ნაცრისფერი აღნიშნულია ამერიკელი სპეცსამსახურების ქმედება. ამ რუკაზე თბილისი 73 ქალაქთან ერთად, თეთრი ფერით არის დატანებული, რაც ლოკაციის აღმნიშვნელი ფერია. წითელი ფერი იმ ქალაქების აღმნიშვნელია, სადაც აქტიური დაკვირვებები ხორციელდებოდა, მწვენე – ტექნიკური აქტივობით გამორჩეულ ქალაქებს, ნაცრისფერი – პოტენციური დაკვირვების ქალაქებს, ყვითელი კი იმ ქალაქებს აღნიშნავს, სადაც ნაკლებად ხორციელდებოდა მოსმენები. თბილისის გარდა, „ვიკილიქსის“ მიერ შედგენილ რუკაზე, დატანილია ბაქო, მოსკოვი, რომი, პარიზი, ვენა და სხვა ქალაქები.

გასულ კვირას ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ევროპის 35 ლიდერის სატელეფონო საუბრებს ისმენდა, მათ შორის იყო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამასთან, ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა საფრანგეთში 70 მილიონზე მეტი, იტალიაში – 60-ზე, ესპანეთში კი 45 მილიონზე მეტი სატელეფონო საუბარი მოისმინეს.

უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, ბესო ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავის ეროვნული ინტერესები და ცდილობს მის გატარებას. ამ ეროვნული ინტერესების მიღწევის ერთ-ერთი ბერკეტი კი მისი თქმით, არის სპეცსამსახურები, რომელსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა მოიპოვონ საიდუმლო ინფორმაცია და მიაწოდონ თავიანთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ბესო ალადაშვილი: აშშ არის უძლიერესი სახელმწიფო, ბუნებრივია და არაა გასაკვირი, რომ მას ინტერესები აქვს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებში.

განსაკუთრებით გეოპოლიტიკურად მინშვნელოვან და ცხელ წერტილში, როგორიც არის სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო?

- რა თქმა უნდა. აქვს თავისი ინტერესი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში.

რა საშუალებით ცდილობს აშშ ამ ინტერესების გატარებას?

- ერთ-ერთი ამის ფაქტორი და გადამწყვეტი მომენტი, ეს არის საელჩო. დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც ყველა ქვეყნისთვის არის ოფიციაური ლეგალური სადაზვერვო შტაბი. თუ გავითვალიწინებთ აშშ-ს საელჩოს რიცხოვნობას, როგორც თანმშრომლების, ანუ აშშ-ის მოქალაქეების, ასევე ადგილობრივი საქართველოს მოქალაქეების, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საელჩო საქართველოში თავისი რესურსებით, რომელსაც აქვს როგორც შესაბამისი უსაფრთხოების და სადაზვერვო სტრუქტურები, ასევე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებისა. ეს არის როგორც მობილური კავშირგაბმულობის, ასევე ელექტრონული სისტემის გაკონტროლება სხვადასხვა საშუალებით. ინფორმაცია რაც „ვიკილიქსმა“ გაავრცელა დიდი ხანია ცნობილია. ახლა უბრალოდ მოხდა ამის გრაფიკული წარმოჩენა.

რუკაზე თბილისი, თეთრი ფერით არის დატანებული, რაც ლოკაციის აღმნიშვნელი ფერია. რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად ბაქოს შემთხვევაში, რომელიც ამ გრაფაში ყვითელი ფერით არის აღნიშნული და რაც იმიას ნიშნავს, რომ ნაკლებად ხორციელდებოდა მოსმენები. ბაქო აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის საინტერესო არაა?

- ეს ტექნიკურ ხარვეზად შეიძლება წარმოვიდგინოთ და რატომ იცით? ბაქო, რა თქმა უნდა, აშშ-ს სპეცსამსახურებისთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ თბილისში თავს იყრის უფრო მეტი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მას ემატება სომხეთის საელჩო და სომხეთის ფაქტორი, რასაც გასაგებია, რომ ბაქოში ვერ მიიღებს. ნუ გვაგიწყდება, რომ სომხეთი პირდაპირ მიბმულია რუსეთთან სამხედრო ეკონომიკური კავშირებით.

ძალიან დიდი ყურადღებას მე არ მივაქცევდი ამ ფერებით აღნიშვნას, მთავარია რა ხორციელდება. რა თქმა უნდა, აშშ-ს ხელისუფლება ამ ყველაფერს უარყოფს, რაც ხდება იგივე ევროპაში ლიდერების მოსმენებსთან დაკავშირებით, პირდაპირ დადასტურებას ნაკლებად უნდა ველოდოთ. თუმცა, ფაქტია, რომ საელჩოს მეშვეობით ხდება და ასეც არის ყველა ქვეყანაში და მათ შორის თბილისშიც - ტექნიკური საშუალებით სხვადასხვა სახის ელექტრონული და მობილური კავშირების მიყურადება.

გამორიცხავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც ყოფილიყო მიყურადება? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა საფრანგეთში 70 მილიონზე მეტი, იტალიაში – 60-ზე, ესპანეთში კი 45 მილიონზე მეტი სატელეფონო საუბარი მოისმინეს...

- მოსმენებს რაც შეეხება, იგივე - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი - აქ საუბარია არა მხოლოდ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ მოსმენაზე, არამედ ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს აქვთ თანამშრომლობის ხელშეკრულება და ისინი ინფორმაციას აწვდიან როგორც ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს, ასევე ეროვნული სააგენტოს სპეცსამსახურებს. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია ეს ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა გააკეთოს.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას, რა თქმა უნდა, ეს აშშ-ს უმთავრესი ინტერესის სფეროა და ჩვენ ვნახეთ იგივე 2010 წელს აშშ-ს ელჩის დეპეშები, რომელიც „ვიკილიქსმა“ გაასაჯაროვა. ასე რომ, საქართველო არის ყურადღების ცენტრში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესწავლის ობიექტია საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

ეს რამდენად შესაძლოა გახდეს სკანდალის საფუძველი?

- იმ შემთხვევაში გახდება, თუ დასაბუთებული ინფორმაცია გაჟონავს. მე არ გამოვრიცხავ, რომ აშშ აქვს მეტი ინფორმაცია და ასეც იქნება, მოსმენების ტექნიკური დაზვერვის საშუალებით, ვიდრე ჩვენ ვიცით. იგივე სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერების მოსმენაზე, იგივე „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ეს არაა შემთხვევითი თანხვედრა. ეს ემსახურება აშშ-ს და მისი საგარეო პოლიტიკის კომპრომეტირებას. ამ მოსმენებს არა მარტო აშშ და მისი საელჩო აწარმოებს, არამედ, თითქმის, ყველა ქვეყანა, ვისაც აქვს ამის სურვილი და ფინანსები, აკეთებენ ამას.

იგივე - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი წარმატებით უსმენდნენ ამერიკელ დიპლომატებს ათენში და ანკარაში. საბერძნეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა უსმენდა აშშ-ს დიპლომატებს. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ქვეყნის დიპლომატებსაც უსმენდნენ. მაგრამ, საგულისხმოა ის, რომ ხდება აშშ-ს პოლიტიკის ზოგადი კომპრომეტირება.

რაც, ალბათ, ხელს აძლევს ორ ძირითად ქვეყანას, რუსეთს და ჩინეთს...

- რა თქმა უნდა, იგივე სნოუდენის რუსეთში შეფარება და მისი მფარეველობა რუსეთის მხრიდან, ეს უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს. რა თქმა უნდა, იგივეს აკეთებს რუსეთი მოსმენის კუთხით. მას ამჟამად საქართველოში არ აქვს საელჩო, მაგრამ სხვა ქვეყნებში რუსეთის საელჩოები ასევე აღჭურვილია ამ ტექნიკური საშუალებით, რითაც ხორციელდება მიყურადება. იგივეს აკეთებდა და აკეთებს რუსეთი.

თუმცა, აფიშირება ხდება მხოლოდ აშშ-ის და არა რუსეთის...

- ეს შედის რუსეთის ინტერესებში. საგარეო პოლიტიკაში მუშაობს ასეთი ფაქტორი, დაუშვებელი მეთოდებით მოწინააღმდეგის კომპრომეტირება, ეს არის რუსეთის ტაქტიკა. შეგახსენებთ, რომ პეტერბურგში გაიმართა დიდი ოცეულის შეხვედრა, სადაც, ყველა მონაწილე ქვეყნის ლიდერებს და ტექნიკურ პერსონალს, რუსეთის მხარემ საჩუქრად გადასცა ე.წ. ფლეშკები, ტელეფონის დამტენები და სხვა ნივთები. არის ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ეს „საჩუქრები“ აღჭურვილი იყო მიყურადების სქემებით. მიაქციეთ ამას ყურადღება, ძალიან საინტერესო თემაა. ამ თემით უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და დღეს უნდა მომხდარიყო იტალიის სპეცსამსახურების მიერ ამ „საჩუქრების“ შემოწმება, რომელიც ისეთი სისტემით იყო აღჭურვილი, რომელიც შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურებს მისცემდა საშუალებას, რომ მოეხსნათ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერიდან თუ მობილური ტელეფონიდან.