„დიდ შეცდომებს უშვებს „ლელო“, პოლიტიკური პროცესებიდან ასე განდეგილობა, პარტიის თვითმკვლელობის ტოლფასია“

„დიდ შეცდომებს უშვებს „ლელო“, პოლიტიკური პროცესებიდან ასე განდეგილობა, პარტიის თვითმკვლელობის ტოლფასია“

ყველას მინუს „ლელო“ - ხაზარაძის პარტიამ მას შემდეგ, რაც 9 დათქმასთან დაკავშირებით ხელისუფლების სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა, მათ მმართველი გუნდიც აკრიტიკებს და ოპოზიციაც. განდეგილი „ლელო“ ორივე მხრიდან განკიცხვის ქარცეცხლში მოხვდა. 29 იანვარს ევროკომისიის 9 დათქმაზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია დაესწრო, „ლელოს“ გარდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ლელომ“ პარლამენტში, სამუშაო შეხვედრაზე მისვლა ვერ გაბედა და დესტრუქციული გზა აირჩია. მათი თქმით, „ლელოსთვის“ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიულ და არა – სახელმწიფო ინტერესებს.

„ლელოს“ სურს, რადიკალიზმში „ნაცებს“ გაასწროს და თან ამას უნიჭოდ აკეთებს. ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ“, – ამბობს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა.

პარტია „ლელოში“ კი აცხადებენ, რომ მათ 9 დათქმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვთ და განმარტავენ, რას მოიაზრებს „ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ“. ეს არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს.

„ამ რეფორმების განხორციელებას, ხელისუფლების მხრიდან ნახევარზომები, ფასადური შეკრებები არ სჭირდება. შესაძლებლობებს, დისკუსიას, კამათს რა ვერსიაც ჯობია, ამის შანსი „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ბევრჯერ მივეცით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ლელომ“ ისევ შეცდომა დაუშვა, როდესაც 9-პუნქტიან გეგემის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ოპოზიციიცს მხრიდან ერთხელ შედეგი უკვე აღარ გამოიღო. ამიტომ იგივე წრეზე წასვლა პოლიტიკური უცოდინარობაა.

„მათუნდა მიეღოთ მონაწილეობა იმ ჯგუფში და ყველაფერი ის, რაც ანა ნაცვლიშვილმა ილაპარაკა, იქ უნდა ეთქვათ. არავინ უშლიდა, „ლელოს“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს ეთქვა - აი, დღეს თქვენ გეუბნებით და ხვალ ამის შესახებ საზოგადებას უფრო მეტს გავაცნობთ. ამის თქმას წინ რა ედგა? ეს ბოიკოტების გამოცხადება და რაღაცა გაბუტვები, შედეგს არ გამოიღებს.

ძალიან კარგად მესმის, რომ აქ ყველა პუნქტს ხელისუფლება არ და ვერ შეასრეულებს, მაგრამ ეს არის პიარის თემა. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ სურს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ხელისუფება ამათ ამ პიარშიც უგებს. უნდა აყვე და შენ უნდა მოუგო აქეთ, თუ გამჭრიახობა გაქვს და პოლიტიკოსობაზე რაიმე პრეტენზია გაგაჩნია. ეს ოპოზიცია მუდმივად წაგებაშია, „ლელომ“ უკვე არასწორი ნაბიჯი გადადგა. თუ ასე გააგრძელებენ, ამით გიორგი გახარია უფრო ძლიერი იქნება, რადგან ორივე შუაშისტურ ამომრჩეველზე მუშაობს. სხვა ამომრჩეველი მათ არ ჰყავთ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, საკამარისია ამ ორი პარტიიდან ერთ- ერთი გაძლიერდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მეორემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. ამის რისკის ქვეშ კი ძაბირაძე „ლელოს“ ხედავს, რადგან თუ ის მარტო წარსდგება 2024 წლის არჩევნებში და ამ არასწორი პოლიტიკით სვლას გააგრძელებს, ის პარლამნეტის მიღმა დარჩება.

„გახარიაც და „ლელოც“ ერთი და იმავე ელექტორატზე მუშაობს. ამიტომ ეს საფრთხე არსებობს. ერთ-ერთი აუცილებლად ჩაიძირება. ჯერჯერობით, ორივე ამბობს, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ასე საქმე არ გამოვა. განსაკუთრებით დიდ შეცდომებს „ლელო“ უშვებს, რომელსაც კიდევ უფრო ნაკლები შანსი ექნება, რომ შუაშისტური ამომრჩეველი დააინტერესოს. ასე განდეგილობა ქვეყნის პოლიტიკური პროცესებიდან პარტიის თვითმკვლელობის ტოლფასია. კი ბატონო, იყვნენ და აკეთონ ის, რასაც აკეთებენ და ვნახოთ, რა შედეგსაც მიიღებენ“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ მიუხედავად ოპოზიციის დასწრებისა 9 რეკომენდაციის სამუშაო ჯგუფში, ოპოზიცია მაინც რაღაცას გამოეკიდება და მათი თანამშრომლობა რეალური არ არის. მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ლელო“, ალბათ, ის ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელსაც ამ თამაშში მონაწილეობის მიღება არ სურდა და პირდაპირ თქვა, რომ არც აპირებს.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია შეეცდება, როგორც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გააკეთა, ახლაც ეს 9 დათქმაც პოლიტიკურად გამოიყენოს - გამოაცხადოს ბოიკოტი, შექმნას ილუზია, რომ თითქოს ხელისუფლება მის შესრულებას არ აპირებს და ა.შ. იქნება აქედან რაღაცა პოლიტიკური ქულები გამოადნონ. თუმცა ცდებიან იმაში, რომ ერთხელ, როცა ამან არ გაჭრა, არ დაუჯერა ქვეყნის შიგნით ოპოზიციას არავინ და არც ქვეყნის გარეთ, მიუხედავად მათი თავგამოდებისა, როცა ცდილობდნენ კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, არც ახლა გამოუვათ. მათი ხელწერა უკვე ყველამ იცის და ერთი და იმავე ფანდი ვერ გამოუვათ. ამიტომ მათი ქცევები, გადაწყვეტილებები პოლიტიკურად ისევ მათ დააზიანებს. რაც არ უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები, არ გადაწყდება ბოლომდე არაფერი, სანამ საქართველს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დგას. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე არ არის დამოკიდებული არაფერი, უბრალოდ, ეს არის და იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უნდა შეიცვალოს გეოპოლიტიკური ეპოქა, რომ ჩვენს მიმართაც რაღაცა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. კი უნდა ხდებოდეს ამ ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობა, რომ ჩანდეს ჩვენ ამის გაკეთება გვინდა, უნდა დაინახოს დასავლეთმა, რომ ხელისუფლება ამ დათქმების შესასრულებლად ნამდვილად კონსტრუციქულად მუშაობს და ოპოზიციაა მავნებელი“, - ამბობს მამრაძე.

 

Gami ამ ბურთივით მრგვალა ნაცვლიშვილის აქეთ-იქით გორაობა რავარი საყურებელია..
9 თვის უკან
Gami ექსპერტ-გროსმაისტერი ძაბირაძე საჭადრაკო ტერმინოლოგიას ამკვიდრებს "პოლიტიკური როქი". ველოდებით მისგაგ შემდეგ სვლას -- E2 E4 ის!
9 თვის უკან