საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლების მიმხედვით სწრაფად ეწევა ევროკავშირის ქვეყნებს და ათწლეულის მიწურულს სხვაობა საგრძნობლად შემცირდება. პროგნოზი ამჯერად არა საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი სპეციალისტების მოსაზრებას, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას ეყრდნობა.
სსფ-ს ანგარიში იმდენად საყურადღებოა, რომ მას ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად შერჩეული ირაკლი კობახიძე საგანგებოდ გამოეხმაურა. მმართველი პარტიის ლიდერის აზრით, 4-5 წელიწადში კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.
„ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა. საკმარისია გადახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60%-ით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად - ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება, რის მაგალითადაც მას სავალუტო ფონდის მონაცემები მოჰყავს.
კვლევის მიხედვით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში - 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან - 86%, პორტუგალიასთან - 72%, ხოლო საბერძნეთთან - 48% იქნება.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატის განცხადებას დადებითი შეფასება მოჰყვა ეკონომიკურ წრეშიც. სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ პროგნოზი რეალურად მიღწევადია და ამ გზაზე ქართულ ეკონომიკას, ფაქტობრივად, ვერაფერი დააბრკოლებს.
„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განისაზღვრება მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების ჯამური სიდიდით, ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა კი - თუ რამდენად ეფექტიანადაა და სამართლიანადაა განაწილებული აღნიშნული დოვლათი ქვეყნის მცხოვრებლებზე. როგორც ერთი (ქვეყნის განვითარების დონე), ისე მეორე (მოსახლეობის კეთილდღეობა) ინდიკატორის სიდიდე დამოკიდებულია ორ ურთიერთდაკავშირებულ გარემოებაზე, რომელთაგან ერთი ეკონომიკური, მეორე კი - არაეკონომიკური - პოლიტიკურია. ესენია: ეფექტიანი პოლიტიკის საფუძველზე უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა და სამშვიდობო გარემო.
„სწორედ ამ ორ გარემოებაზე იყო გამახვილებული ყურადღება ბატონ ირაკლი კობახიძის სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ბოლო წლებში ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს, რის საფუძველზე იგი თანდათან ძლევს იმ ჩამორჩენას, რაც მას გააჩნდა საბაზრო ეკონომიკის მოწინავე ქვეყნებთან. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 40 პროცენტის დონეზეა, მაშინ როდესაც, 2010 წელს 24.6 პროცენტის დონეზე იყო, ხოლო საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს - 13.6 პროცენტის დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ საუკუნეში, განსაკუთრებით 2010-იანი წლებიდან, საქართველო აღნიშნულ ჩამორჩენას ყოველწლიურად დაახლოებით 1.1-1.2 პუნქტით ამცირებს. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა.
აღნიშნული დინამიზმი გახდა იმის მთავარი პირობა, რომ ეკონომიკური განვითარების დონით საქართველომ მსოფლიოში, ამ საუკუნის დასაწყისთან შედარებით, 30-ზე მეტი ადგილით წაიწია წინ.
უახლესი წლების სტრატეგია გულისხმობს საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაქცევას და სიღარიბის ამჟამინდელი სტანდარტებისა და გამოხატულების აბსოლუტურ დამარცხებას, ბუნებრივია მშვიდობისა და ქართული საზოგადოების აღმშენებლობითი პროცესის შენარჩუნების პირობებში“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტრომა სოსო არჩვაძემ.
დადებით კონტექსტში განიხილავს სავალუტო ფონდის პროგნოზს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია. მისი შეფასებით, მსოფლიოში საქართველოს საკმაოდ მყარად და თამამად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„საქართველოში ცხოვრების დონე იზრდება, 90-იან წლებსა და დღევანდელ დღეს არსებული ცხოვრების დონე შეუდარებელია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ეს არ არის გასაკვირი. იმდენი სირთულე ჰქონდა საქართველოს გადასალახი, რომ რთულიც იქნებოდა და შეუძლებელიც, მოწინავე ვყოფილიყავით. საქართველოს სწრაფი და დინამიკური ეკონომიკური ზრდა იძლევა შესაძლებლობას, სწრაფად დავეწიოთ წარმატებულ ქვეყნებს. ეს დიდ დროს წაიღებს, საკმაო წლებს, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი მიზნები თუ გვექნება, ევროკავშირთან წარმატებებს ოპერატიულად მივაღწევთ.
ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული სხვაობაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. რა თქმა უნდა, არის სხვაობა, საგრძნობია, მაგრამ არც იმდენად დიდი უფსკრულია, რომ აღმოფხვრა შეუძლებელი იყოს. მაინც ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკით, მათ შორის მტკივნეული რეფორმებია საჭირო, შეგვიძლია, დავეწიოთ ევროკავშირის ქვეყნებს. არსებული რეალობის ფონზე, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში საქართველოს საკმაოდ მყარად და თამამად უჭირავს თავი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ის, რომ მთავრობა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ექსპერტებიც აღიარებენ. ამ მხრივ საინტერესოა ნინო ფოჩხუას შეფასება, რომელიც მან საჯაროდ დააფიქსირა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებულია უამრავ კვლევაზე და არ გახლავთ საზოგადოების „დასაბოლებლად“ გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია, სურვილი. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაც მისი სწორი პოლიტიკის შედეგია. ნურავის ეგონება, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს.
რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, არყიოს ქვეყანა, იმუშაონ საბოტაჟის რეჟიმში, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუამ.