საზოგადოება 1 თებერვლას გაიგებს საბოლოოდ ვინ იქნება ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელი, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის ჩამნაცვლებელს პარტიის ყრილობაზე დაასახელებს. მანამდე კი მედიაში უკვე დაზუსტებულად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის პარალელურად, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიდის მსჯელობა იმაზე, რით იქნება განსხვავებული კობახიძის მმართველობის სტილი ღარიბაშვილისგან. ასევე რით არის ეს ორი პოლიტიკოსი ერთმანეთისგან განსხვავბეული? შეცვლის თუ არა კობახიძე როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მმართველობის სტილს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ორივე მათგანს თავისი პოლიიტკური მმართველობის სტილი აქვთ. თუმცა არ ელიან, რომ კობახიძე ღარიბაშვილის არჩეულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კობახიძე პოლიტიკურად ძალიან სწრაფად გაიზარდა და მისი სისხარტე თუ შეუპოვრობა მმართველობის დროს უფრო შესამჩნეევი იქნება. ასევე ელიან, რომ მედიასთან ბევრად გახსნილი და პირდაპირი იქნება.
„ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ხარისხობრივად ახალ დონეზე ავა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა.
„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ, მისი სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად, ქართულ დემოკრატიაში, პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერ-მინისტრი.
ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშია. ხარისხობრივად ახალ დონეზე ავა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა, როცა პრემიერ-მინისტრი არის პარლამენტის ყოფილი წევრი. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის არ აყვება სპეკულაციების იმის შესახებ, ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის შემდეგ ვინ რა თანამდებობებს დაკავებს და რა სახის სამთავრობო ცვლილებები იქნება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის უშუალო პასუხისმგებლობა.
„ზოგადად, საქართველოში ახასიათებთ ხოლომე სპეკულაციები იმის შესახებ, ვინ იქნება მინისტრი პრემიერის დანიშვნის შემდეგ და ვინ არა. შემდეგ პროგნოზები, ძირითადად, არ მართლდება. რაც შეეხება კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის პიროვნულ განსხვავებებს, რა თქმა უნდა, განსხვავებები არის. ერთნაირი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს და არც პრემიერებს შორის იქნება მსგავსება. ღარიბაშვილს მმართველობის თავისი სტილი ჰქონდა და კობახიძეს თავისი ექნება. როგორც „ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, ზუსტად მმართველ პარტიას სჭირდებოდა ახლა ღარიბაშვილის სტილი და ზუსტად მის სურვილს დაეთანხმნენ.
წინ არის საკმაოდ დიდი საარჩვენო კამპანია, ისტორიული გამარჯვების მოლოდინში, როგორც ჩანს, აქ ღარიბაშვილის მართვის სტილი და „ოცნების“ საბჭოს სურვილი ერთმანეთს დაემთხვა. რაც შეეხება კობახიძეს, ჩვენ მიჩვეული ვართ საბჭოთა დროიდან, რომ პრემიერი ეკონომისტი, მეურვე უნდა იყოს. აქ მენეჯმენტური უნარჩვევებია ამა თუ იმ პიროვნების ხელმძღვანელად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი. კობახიძემ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში თავი წარმოადგინა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ. გასაკვირი ნამდვილად არ არის, მათ შორის პოლიტიკური ექსპერტების მხრიდან, არაერთხელ გაგვიგია, რომ რა მალე და კარგად გაიზარდა კობახიძე პოლიტიკაში“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ამიტომაც, რა საკვირველია, გაზრდილი პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საგარეო და შიდა პოლიტიკას, იქნება თუ არა ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის რადიკალური განსხვავება, აბაშიძე ამბობს, რომ არა და იგივე დარჩება კურსი, როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით.
„ოცნების“ ლიდერებს ახასიათებთ ის, რომ საჯაროდ არაფერს მალავენ და მედიასთან საუბრობენ იმას, რასაც ფიქრობენ. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას არჩეული და არა ერთ ვექტორზე ჩამოკიდებული. მრავალჯერ ითქვა ამ პოლიტიკის შესახებ ყველა საჯარო სიბრტყეში. ამიტომ კობახიძესგან რაიმე რადიკალურ ცვლილებას, საგარეო ვექტორის თვალსაზრისით, არ ველი. რასაც ამბობდა ღარიბაშვილი საგარეო კუთხით და რა პოლიტიკაც ჰქონდა ყოფილ პრემიერს, ასე იქნება კობახიძეც და იგივეს გაიმეორებს. აქ არაფერი სიახლე არ იქნება. ეს ცვლილება უკვე სამი წლის წინ მოხდა, როდესაც ღარიბაშვილი მეორედ პრემიერი გახდა. მმართველმა გუნდმა საგარეო კუთხით შეცვალა რიტორიკა და უფრო უშუალო და ობიექტური გახდა არსებულ ვითარებასთან. თუკი ადრე რომელიმე კონგრესმენის ან ევროპალრამენტარის განცხადებაზე კრიტიკა არ შეიძლებოდა და აქსიომა იყო, ახლა არაობიექტურ კრიტიკაზე, უსამართლო დამუნათებაზე, ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცემოდათ. ამიტომ არ ველი, რომ კობახიძე ამ დამოკიდებულებას შეცვლის. ნაციონალების ეს მავნე დამოკიდებულება უკვე შეიცვალა“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, აბაშიძე ამბობს, რომ ის ეფექტური მენეჯმენტი გაგრძელდება ცალკეული დარგების მიხედვით. შესაძლოა, რაღაცას დახვეწა სჭირდება, რაღაცას უფრო უკეთესი მიდგომა, ვინ ვინ და კობახიძეს ამის განსაზღვრა არ შეეშლება. აბაშიძე ფიქრობს, თუ სადმე გამოსასწორებელია, ახალი პრემიერი მას გამოასწროებს, თუ არა და დატოვებს ისე, როგორც არის.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დიდი განსხვავებაა. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსია და ის პოლიტიკურად ძალიან სწრაფად და დამოუკიდებლად გაიზარდა. მისი აზრით, ის პირველ პრემიერ ღარიბაშვილსა და მეორედ დაბრუნებულ ღარიბაშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა.
„ღარიბაშვილი არ არის ისეთი პოლიტიკოსი, როგორც ირაკლი კობახიძეა. ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და მას არა აქვს ისეთი პოლიტიკური ალღო, როგორიც კობახიძეს აქვს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კარგად შეისწავლა პოლიტიკური მაქინაციების და მანიპულაციების მეთოდი. კობახიძე არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ტერიტორიას ძალიან სწრაფად იპყრობს. ღარიბაშვილი უფრო, ჩემი აზრით, როგორც პოლიტიკოსი ერთ ადგილას გაჩერდა. მე, მაგალითად, პირველ პრემიერ ღარიბაშვილსა და მეორე პრემიერ ღარიბაშვილს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი.
მე მასთან ვმუშაობდი მინისტრთა კაბინეტში და ძველსა და ახალს შორის პრინციპულ განსხვავება ვერ დავინახე. ის ცოტას საუბრობს, განსხვავებით კობახიძისგან. ღარიბაშვილს პრესკონფერენცია არც ერთხელ არ ჩაუტარებია. ივანიშვილი გვახსოვს, ასეთ პრესკონფერენციებს ატარებდა. დარწმუნებული ვარ, კობახიძე უამრავ პრესკონფერენციას ჩაატარებს. მას ჟურნალისტების, საზოგადოების არ ეშინია. რასაც კითხავენ, დააკვირდით, ჟურნალისტებს როგორ სხარტად პასუხობს. ჯერ კიდევ არა აქვს ადამიანს კითხვა დასრულებული, მან იცის როგორ უპასუხოს. პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან დიდი უპირატესობაა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, კობახიძე ნაკითხი და ნასწავლი ახალგაზრდა კაცია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ის გამჭრიახე პოლიტიკოსია. მას ჰყავს შეკრული გუნდი, რომელიც პარტიაში უფორ „მოლაპარაკე თავები“ არიან. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კონფიქტოლგი მას ბევრად ამბიციურ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევს.