ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა გამანადგურებელმა, „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვისკენ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.
სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის მცდელობის შედეგად, არავინ დაშავებულა. პენტაგონის ცნობით, იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შემდეგ რეგიონში, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე, ეს მესამე თავდასხმა იყო.
„არაერთხელ მოვუწოდეთ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ თავდასხმები, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან. ჩვენ ამ ქმედებებს თავის დროზე ვუპასუხებთ და პასუხის ფორმას თავადვე გადავწყვეტთ. ქმედება სიტყვებზე ხმამაღალია. 28 იანვრის შემდეგ, ამერიკულ ძალებზე სამი თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პეტ რაიდერმა.