გამოცემა The Economist-ი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ორი კანდიდატი ჰყავს.
„პრეზიდენტს ჯერ არ გაუთავისუფლებია ზალუჟნი თანამდებობიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ზელენსკიმ უკვე უთხრა ზალუჟნის, რომ მის გათავისუფლებას აპირებს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ზალუჟნიმ უარი თქვა. თუმაც პრობლემები, რომელიც ზელენსკისა და ზალუჟნის ურთიერთობებში არსებობს, და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეჭვი, რომ ზალუჟნის პოლიტიკური ამბიციები აქვს, არსად გამქრალა“, - წერს გამოცემა.
The Economist-ის ცნობით, ზალუჟნის შემცვლელებად ზელენსკი ორ კანდიდატს განიხილავს - სახმელეთო ჯარების მეთაურს, 58 წლის ალექსანდრ სირსკის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, 38 წლის კირილ ბუდანოვს. სირსკიც და ბუდანოვიც პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრებად ითვლებიან.
29 იანვარს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე კირილ ბუდანოვი დანიშნა. მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.