დემოკრატიის ტესტი საქართველოში

დემოკრატიის ტესტი საქართველოში

კვირას, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გორგი მარგველაშვილის გამარჯვებით, ქართველმა ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს. შარშან ოქტომბერში, სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტსა და პრემიერმინისტრის ოფისზე კონტროლი მოიპოვეს. ახლა პრეზიდენტიც მათი კანდიდატი იქნება.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები და კამპანია, რომელიც მას წინ უძღოდა, შესაძლოა იყო ყველაზე სამართლიანი მას შემდეგ რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ არსებობს ლეგიტიმური წუხილი იმის თაობაზე, რომ არჩევნებს შეიძლება სააკაშვილის და მისი დამარცხებული მიმდევრების სამართლებრივი დევნა მოჰყვეს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ოპონენტებმა პარლამენტზე კონტროლი მოიპოვეს, პრეზიდენტის მთავრობიდან თერთმეტზე მეტი ყოფილი მინისტრი ან მაღლჩინოსანი წარდგა სასამართლოს წინაშე ან მათ წაყენებული აქვთ ბრალი სხვადასხვა დანაშაულებებში, როგორიცაა ქურდობა, მექრთამეობა, დატაცება და ბრძანება გადამეტებული ძალის გამოყენებაზე დემონსტრანტების და პატიმრების მიმართ. ყოფილმა ჩინოვნიკებმა უნდა აგონ პასუხი უკანონო ქმედებებისათვის, მაგრამ ახალი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იქნება გაფანტოს დამარცხებული პარტიის საყოველთაო დევნასთან დაკავშირებული ეჭვები. ეს გამოძიებები უნდა იმართებოდეს საერთაშორისო ნორმების მკაცრი დაცვით. ამის უზრუნველსაყოფად ევროკავშირმა, რომელთანაც საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისკენ მიისწრაფვის, თავისი ბერკეტები უნდა გამოიყენოს.

არჩევნები გამარჯვება იყო პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვისაც, პრორუსი მილიარდერისთვის, რომელიც მხარს უჭერდა მარგველაშვილის კანდიდატურას. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალი თვიდან უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი პრეზიდენტისგან პრემიერის ხელში გადადის. ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგება, როგორც მოსალოდნელია, მემკვიდრეს შეარჩევს, რაც მას კულისებიდან საქართველოს ორი წამყვანი ოფისის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.

პრეზიდენტის ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტსა და პრემიერმინისტრზე გააჩენს სივრცეს დემოკრატიის გაჯანსაღებსთვის, მაგრამ ეს არ მოხდება, თუკი ძალაუფლებას სინამდვილეში არაანგარიშვალდებული მილიარდერი განახორციელებს. ივანიშვილმა თავისი სიმდიდრე რუსეთში ბიზნესის წარმოებით დააგროვა. მისი ქონება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია, რაც საქართველოს წლიური ეკონომიკური ბრუნვის ერთ-მესამედზე მეტს უტოლდება.

ბატონი სააკაშვილი ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ წლების განმავლობაში მისი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სულ უფრო რეპრესიული, ხოლო მოსკოვის მიმართ სულ უფრო უგუნური ხდებოდა, რასაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე უსარგებლო ომი მოჰყვა. ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ მყიფეა. 22 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში მან ორი გადატრიალება, სეპარატისტული კონფლიქტები და ეს უგუნური ომი გადაიტანა. ახალ მთავრობას რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვს და იმავდროულად ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს. ბატონმა ივანიშვილმა შექმნა ასევე კერძო საინვესტიციო ფონდი, რომლითაც ის ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვას იმედოვნებს. ეს ამბიციური მიზნებია. მათ მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური სიმწიფე და ეკონომიკური გამჭვირვალობა.

foreignpress.ge