სახელისუფლებო გუნდში განხორციელებული როტაციის შემდეგ, ოპოზიციაში და ზოგიერთ ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს. ოპოზიციაში უფრო ფიქრობენ, რომ ივანიშვილს პრეზიდენტობა დასავლეთიდან შესაძლო დასანქცირების თავის დასაზღვევად სჭირდებდეს. ანალიტიკურ წრეებში კი გამორიცხავენ, რომ ახლა ამერიკა ივანიშვილის დასანქცირებაზე ფიქრობდეს. მათი აზრით, ბოლო დროს, ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვალა და ეს ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა ექსპერტების ნაწილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა მოხდეს.
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა მოუნდება, ხმოსნების მიერ თანამდებობაზე დასმა არ მოუნდება და სალაპარაკო რომ არ გახდეს, პირდაპირი არჩევის წესს დათანხმდება.
„თუ ივანიშვილს პრეზიდენტობა უნდა, როგორ შეიძლება, მას ეკადრებოდეს, ხალხის გარდა ვინმეს არჩევა... ხალხის მიერ არჩეული, პირდაპირ დაბრუნება არ ჯობია, ვიდრე კობახიძის ან ღარიბაშვილის მიერ არჩეულ ან ლეგიტიმაციამიცემულ პირად ყოფნას?!
არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ის პოლიტიკიდან ვერ გადის, ბარემ ხალხმა აირჩიოს და სალაპარაკო არ გახდეს ეს თემა. მონაცემები მაქვს-თქო, რომ ივანიშვილი ამას აპირებს, არა! ყოველ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობა მოუნდებოდა, ხმოსნების მიერ მიღებული პრეზიდენტობა არ ენდომება ბატონ ივანიშვილს“,- აცხადებს ხვიჩია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიც არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის სურვილი ჰქონდეს, რადგან შესაძლოა, ის ფიქრობდეს, რომ ოფიციალური თანამდებობა მას იმუნიტეტს შესძენს.
„შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ პრეზიდენტის სტატუსი და იმუნიტეტი უფრო მეტად დაიცავს მის უსაფრთხოებას. ფიქრობს, ალბათ, რომ ამით უფრო ფორმალური გახდება მმართველობა და უფრო ლეგიტიმური იქნება მისი წარმოდგენით“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბიძინა ვანიშვილს პრეზიდენტობა არაფერში სჭირდება. მისი თქმით, დღეს პრეზიდენტობის ინსტიტუტი სუსტია, ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და მას თუ ისევ სურვილი ექნება პოლიტიკიდან გასვლის, ადვილად გავა.
„თუ პრეზიენტი გახდება, ასე ადვილი პოლიტიკიდან წასვლა ვეღარ იქნება. გადავდექი აღარ მინდა და ა.შ. არ გამოვა. წასვლით წავა, მაგრამ სულ სხვაა პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლა, ვიდრე პრეზიდენტის თანამდებობიდან, მით უმეტეს ის არ იქნება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ამ თანამდებობას ხმოსნების გადაწყვეტილებით დაიკავებს, ეს კი მისთვის მგონია სრულიად მიუღებელი იქნება. მე პირიქით ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული ეს თანამდებობა ღარიბაშვილს დაუთმონ.
სიმშვიდის განცდა შეუქმნან და თავისთვის მყუდროდ იყოს. პრეზიდენტის თანამდებობა ივანიშვილისთვის სრულიად შეუფერებელია. ვიცნობ მას, როგორ არ უყვარს პოლიტიკური თანამდებობები, მისთვის წარმოუდგენელი იქნება სადღაც სხვა ქვეყნებში გაემგზავროს, რაღაცა შეხვედრები გამართოს, სამძიმებრზე იაროს, ცერემონიებზე და ა.შ. ის არ არის ამ ტიპის ადამიანი, რომ მისთვის მსგავსი თანამდებობა მისაღები იყოს, ან კომფორტის ზონას წარმოადგენდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის ვერსიას, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა ივანიშვილის სჭირდებოდეს დასავლეთიდან სანქციებისთვის თავის დაზღვევის მიზნით, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სანქციებს, რომელიც დასავლეთმა ბიზნესმენებს დაადო, არავის წინააღმდეგ არ უმუშავია. მით უმეტეს, დასავლეთი ივანიშვილის მიმართ რადიკალური ქმდებებისგან თავს იკავებს.
„დასავლური სანქციბიდან დიდი დარტყმა არც ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც დაასანქცირეს, არ მიუღია. ერთი-ორად გაზარდეს თავისი შემოსავლები. არ მგონია, ისე დაასანქცირონ, რომ მას ძალიან გაუჭირდეს. როგორც თავად აღნიშნა, თითქმის სანქცირებულია, მაგრამ მას არაფერი მოსვლია. ღარიბაშვილი მაინც მგონია, რომ რეზერვად მოიტოვა და მას ან პარლამნეტის თავმჯდომარეობას ან პრეზიდენტობას უმზადებენ. მე მგონია, რომ მისთვის ყველაზე კარგი პრეზიდენტობა იქნებოდა. ის დიდი ხანია ხელისუფლებაშია და რაღაცა საპენსიო თანამდებობაზე გაუშვებს ღარიბაშვილს, ხოლო თავად პრეზიდენტობა არ სურს“,-ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ექნება სურვილი, რომ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ივანიშვილი ქმედითი პიროვნებაა და ის ასე სავარძელში უფუნქციოდ ყოფნას ვერ აიტანს.
„პრეზიდენტობა არ არის ის თანამდებობა, რომელიც ივანიშვილისთვის არის შესაფერისი და საინტერესო. რაც შეეხება ოპოზიციის არგუმენტს, თითქოს ეს თანამდებობა სჭირდება თავის დასაზღვევად, რომ არ დაასანქცირონ, არასწორი მგონია. ამერიკამ ბოლო დროს, საქართველოს მიმართ პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. საქართველოს მიმართ სანქციების პატარა პარადი უკვე იყო. ეს შეეხო მოსამართლეებს და ფარცხალაძეს. ახლა ვხედავთ, რომ ამერიკის დამოკიდებულება შეცვლილია, რაც ელჩსაც ეხება. ახლანდელი უფრო ღიმილიანი და მშვიდობიანია, ვიდრე ელჩი კელი დეგნანი იყო. აქ ადამიანის ტიპი არ არის გადამწყვეტი, აქ არის ქვეყნის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ელჩი ხელმძღვანელობს. ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ სანქციების თემა ახლა საქართველოს მიმართ აქტუალური იყოს და მით უმეტეს ივანიშვილის მიმართ. სანქციებზე დასავლური პოლიტიკური წრეები აღარ საუბრობენ, ეს ისევ აქტუალური მხოლოდ ქვეყნის შიგნით ოპოზიციისთვის არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს პრეზიდენტობა არც ერთი ლოგიკით არაფერში სჭირდება“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი განიხილებოდეს, საყვარელიძე ამ ვერსიას არ იზიარებს. მისი აზრით, ეს თანამდებობა შესაფერისი არც ღარიბაშვილისთვის არ არის. ის არის ენერგიული ახალგაზრდა კაცი, რომლის რესურსიც უფრო სხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული. მისი აზრით, ეს პოსტი ზურაბიშვილისთვის ნამდვილად ზედგამოჭრილი იყო, თუმცა ბოლოს მასაც მობეზრდა და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდა, რაც საბოლოოდ კონსტიტუციის დარღვევად დაუჯდა.