პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა დატოვა. პრემიერის შეცვლაზე გადაწყვეტილება 24 იანვარს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. ღარიბაშვილს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის, კობახიძეს კი ღარიბაშვილი. ასეთია პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილება.
ის, რომ იქნებოდა სამთავრობო ცვლილებები, ეს მოლოდინი საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლის შემდეგ გაჩნდა, თუმცა მაშინ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა. ივანიშვილის ეს დაპირება, სხვა ბევრი დაპირების მსგავსად, არ გამართლდა. პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ღარიბაშვილი შეიცვალა. 3-წუთიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზები იმით ახსნა, რომ გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია, ამიტომ საჭიროა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მას პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა შეთავაზება, პოსტზე ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დარჩენილიყო, თუმცა მან თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები სჯობდა ახლა განხორციელებულიყო. აწ უკვე ყოფილ პრემიერს, რომელიც საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა და ეს არის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. ღარიბაშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
ახლა „ქართული ოცნების“ მთელი ტვირთი ღარიბაშვილზე გადადის. 8 თვეში საქართველოს ეყოლება ახალი პარლამენტი, ახალი მთავრობა და ახალი პრეზიდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 8 თვის განმავლობაში ღარიბაშვილი უფრო მნიშვნელოვანია როგორც მმართველი გუნდის ლიდერი, რომელმაც დამაჯერებლად უნდა მოიგოს არჩევნები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთელი საარჩევნო კამპანიის ტვირთი ღარიბაშვილზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მოქმედი წევრები, მათ შორის კობახიძის ახალგაზრდული ჯგუფი საარჩევნო კამპანიას გამოეთიშებიან, რადგან, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ისინი საზოგადოებაში არ სარგებლობენ ნდობით.
მაშ ასე, ყოფილი პრემიერი უკვე ახალ ამპლუაში შეეცდება გუნდის სახელით ახალი გამარჯვება მოიპოვოს. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მოვალეობის შესრულებას მომდევნო კვირას შეუდგება. 6 თებერვალს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს და მის მიერ წარდგენილ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დარჩება მთავრობის შემადგენლობაში, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება შს და განათლების მინისტრებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შეიცვლება ეკომიკური გუნდი და მათ შორის თავდაცვის მინისტრი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო კამპანიაში არ იქნება ჩართული, აცხადებს, რომ ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას.
„ცვლილებებზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთიანი გუნდით, ერთიანი ჟინით, მონდომებით, მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ღარიბაშვილისთვის პარტიის თავმჯდომარედ გადასვლა უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, არანაკლებ იმისა, რაც მთავრობის მეთაურობის დროს ჰქონდა.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა პარტია, რომელმაც მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გამოიარა ურთულესი ტურბულენტური პერიოდი, რომლის რეიტინგი უკანასკნელი გამოკითხვებით 60%-ს აღწევს და ძალიან კარგი სტარტაპია იმისთვის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს გამარჯვება.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა ირაკლი კობახიძეს, რომელთანაც ერთად სამი წლის განმავლობაში უმძიმეს სიტუაციაში მართეს ქვეყანა. ეს არის პოსტპანდემიური პერიოდი, გახარიას ღალატი, საპარლამენტო საბოტაჟი, უმძიმესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნი, არაერთი მცდელობა ქვეყნის გადატრიალებისა ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის, უკრაინის ომი, რომელსაც უნდა გამოეწვია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გმირული მოგერიება „ხალხის ძალასთან“ ერთად, რომ საქართველო ომში ჩათრეულიყო. ეს იყო უმძიმესი სამი წელი და, ალბათ, უმძიმესი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, მთავრობამ შეძლო ეკონომიური ტემპის ზრდის მაღალი შენარჩუნება“, - აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, ამ 8 თვის განმავლობაში, მთავარია არჩევნები და საარჩევნო კამპანია, ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და რიგით მეექვსე პრეზიდენტის არჩევა.
„რა მემკვიდრეობა დაუტოვა კობახიძემ ღარიბაშვილს? - მან დაუტოვა ერთ გუნდად შეკრული „ქართული ოცნება“, რომელმაც გამოიარა 2016 წლის ღალატის პირველი ტალღა, 2021 წლის ღალატის მეორე ტალღა, რომელმაც შეძლო უმძიმესი გამოწვევების წინაშე კონსოლიდირება თავისი პარტიული რიგების და რაც მთავარია, ისეთი გუნდის და ლიდერშიპის ჩამოყალიბება გუნდის შიგნით, რომელმაც შეუნარჩუნა მდგრადობა მათ შორის ღარიბაშვილის ხელში არსებულ სამთავრობო გუნდს. უკანასკნელი გამოკითხვით „ქართული ოცების“ რეიტინგი, კობახიძის მათაურობით, უახლოვდება 60%-იანი ნიშნულს.
თუ გავითავლისწინებთ ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს, მისი ქარიზმატული ხასიათიდან გამომდინარე, მოსახლოებაში მისი პირადი ავტორიტეტისა და სიმპათიებიდან გამომდინარე, შეუძლია არჩევნებამდე დარჩენილ 8 თვეში „ქართული ოცნების“ შედეგი 26 ოქტომბრის არჩევნებში უფრო დამაჯერებელი გახადოს.
ჩემთვის ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ალოგიკური არ არის. ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ან ირაკლი კობახიძის პრემიერობით მთავრობა დასუსტდება, ან პირიქით, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის სათავეში მოსვლით დასუსტდება „ქართული ოცნების“ პოზიციები. ვფიქრობ, რომ პირველ და მეორე შემთხვევაში ეს იქნება ძალიან დადებითი ეფექტის მომტანი ნაბიჯი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
მთავრობის მეთარურის ცვლილება მოულოდნელი იყო პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის, რომლის განცხადებით, ღარიბაშვილს კარგი რეიტინგი აქვს მოსახლეობაში და შესაბამისად, შეიძლება მის მიერ მიზეზად ნახსენები - არჩევნები, გულისხმობს იმას, რომ ეს რეიტინგი საარჩევნოდ იყოს გამოყენებული.
„არის მეორე მხარე, ივანიშვილი როცა მესამედ შემობრუნდა, ახსენა კორუფცია და, როგორც წესი, კორუფცია ილექება აღმასრულებელ სტრუქტურაში. აღმასრულებელი სტრუქტურის პირველი პირები ღარიბაშვილის დანიშნულია და შეიძლება კორუფციის მოვლის გზად ეგ აირჩიეს ახლა, რომ ერთანად შეცვალონ კაბინეტი და ამით გადაწყვიტონ კორუფციის თემა. შეიძლება ვაბრალებთ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ღარიბაშვილი ცოტა გულნატკენი წავიდა. თან ემოციური კაცია და ეს არ იყო ახალი საქმისთვის მომზადებული და ენერგია მოზღვავებული ადამიანის ინტონაცია, ასე ჩანდა მცირე ფსიქოლოგიური დაკვირვებებიდან“, - აცხადებს საყვარელიძე.
კითხვაზე, ასეთი ღარიბაშვილი რამდენად მომგებიანია უკვე არჩევნებში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ იმდენად ბევრი პლუსი დაიგროვა ღარიბაშვილმა, რომ სხვა თუ არაფერი, ომის აცილების საკითხი მთლიანად მას „ბრალდება“, რადგან ის იბრძოდა. მოსახლეობის თვალში ღარიბაშვილია იმის ავტორი, რომ საქართველოს ნაღმები არ დაუშინეს.
„ჩინეთთან ურთიერთობაშიც ღარიბაშვილია წამყვანი ფიგურა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაშიც ღარიბაშვილს პერსონალურად გადაუხადეს მადლობა. ამდენად, ღარიბაშვილს აქვს თავისი ნუსხა, ისეთი მიღწევებისა, რომელიც ქართული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, რომ ღარიბაშვილის ფიგურა მიმზიდველი ხდება მოსახლეობისთვის და „ოცნებისთვის“ ხელსაყრელია მისი გააქტიურება უკვე საარჩევნო კამპანიის ნაწილში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.