თბილისის მერის გარშემო რკალი ვიწროვდება

თბილისის მერის გარშემო რკალი ვიწროვდება

თბილისის მერს უფლებამოსილების არეალი ეზღუდება. მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და რაიონების გამგებლების თანანმდებობებზე დანიშვნის თაობაზე თანხმობის მიცემა, ასევე მათთვის უნდობლობის გამოცხადება, თბილისის საკრებულოს კომპეტენცია იქნება. შესაბამისი ცვლილებები „დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორებიც დეპუტატები ირაკლი ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი არიან.

პარლამენტში ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდა და კანონპროექტის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება - თბილისის მერის პირველი მოადგილეებისთვის, მერის მოადგილებისთვის, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებისთვის, თბილისის რაიონების გამგებლებისთვის და თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის უნდობლობის გამოცხადება.

ცვლილებებით, უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში კი, თბილისის მერი ვალდებულია, თანანმდებობიდან გადააყენოს შესაბამისი თანანმდებობის პირი. თუმცა,  თბილისის მერი უფლებამოსილი არ  არის უნდობლობა გამოცხადებული პირი თანანმდებობაზე განმეორებით დანიშნოს.

ინიციატივით, თბილისის მერი თანანმდებობაზე დანიშვნის თანხმობის მისაღებად საკრებულოს წარუდგენს - მერის პირველი მოადგილის, მერიის მოადგილეების თბილისის რაიონების გამგებლების საქალაქო სამსახურების უფროსების და მერიის ადმინისტარციის უფროსის კანდიდატურებს. აღნიშნულ პირებს კი, თბილისის მერი თანანმდებობაზე ნიშნავს თანხმობის მიღებიდან 3 დღის ვადაში. ხოლო, თბილისის საკრებულო შესაბამისი კანდიდატურების თანანმდებობაზე დანიშვნის საკითხს განიხილავს, მათი წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში.

დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით, მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დანიშვნაზე თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ერთი კვირის ვადაში, თბილისის მერი საკრებულოში წარადგენს იმავე ან სხვა კანდიდატურებს. თუ საკრებულო აღნიშნულ პირებს კვლავ არ მისცემს თანხმობას, მაშინ, ერთი კვირის ვადაში, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია წამოაყენოს ახალი კანდიდატურა, რომელსაც საკრებულო განიხილავს დადგენილი წესით. საკრებულოს მიერ რამდენიმე კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით.

ამასთან, პროექტით, თუ საკრებულოს წევრთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, თბილისის მერი თანანმდებობაზე ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატურას. 

აღნიშნულ პროექტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეფასებები უკვე მოჰყვა.

როგორც for.ge-ს პალიკო კუბლაშვილმა განუცხადა, ეს არის ბრძოლა დედაქალაქში მეტი ძალაუფლების მოპოვებისთვის.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას საგანგაშედ ეჩვენათ ის, რომ თბილისში ნაციონალებს მხარი დაგვიჭირეს. ფაქტია, რომ ისინი მერიის დასუსტებას ცდილობენ, რომელიც პირდაპირი წესით არჩეულია.  ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ადგილი აქვს  შიხიაშვილის შურისძიებას“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.