საქართველოს პარლამენტს ახალი ლოგო აქვს და უწყება თბილისში დაბრუნებისთვის ემზადება. უმრავლესობა კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების დაყენებას გეგმავს, უმცირესობა მის მხარდაჭერას არ აპირებს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას, შესაძლოა, მხარი გიორგი ბარამიძემ და სამველ პეტროსიანმა დაუჭირონ.
საკონსტიტუციო ცვლილებები სამველ პეტროსიანისა და გიორგი ბარამიძის ხმებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება 1-ლი ნოემბრის პლენარულ სხდომაზე არ დადგება.
როგორც for.ge-სთან კულუარულ საუბარში, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, აღნიშნულ ცვლილებებზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, რადგან რამდენიმე ლიდერი უწყების დედაქალაქში დაბრუნების მომხრეა.
„ბარამიძე ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თავად ქუთაისელებს არ სურთ და თბილისიდან მე, რატომ უნდა ვირბინოო?!“, - განგვიცხდა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკონსტიტუციო ცვლილებები გახდება თუ არა განხეთქილების მიზეზი, ეს მიმდინარე კვირას მას შემდეგ გაირკვევა, რაც კენჭისყრის თარიღი დასახელდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცვლილებებზე ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. კენჭისყრის თარიღის თაობაზე კი გადაწყვეტილებას, ბიურო მიიღებს.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ლოგოს, ეს ატრიბუტიკა განხეთქილების მიზეზი უმრავლესობაში უკვე გახდა. ლოგო, რომელზეც რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიული შენობაა გამოსახული, თინა ხიდაშელსა და ანი მიროტაძეს არ მოეწონათ. მათი პრეტენზიები კი, პარლამენტის თავმჯდომარემ არ მიიღო და ბიურომ ოქროსფერიანი შენობის ლოგო დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ უწყების ახალი ლოგოთი არც უმცირესობა მოიხიბლა. ლევან ბეჟაშვილი ლოგოს „მთაწმინდის რესტორანს“ ადარებს და ლოგოს დამზადებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
როგორც for.ge-ს ბეჟაშვილმა განუცხადა, უმრავლესობას ჯერ, საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიუღია და ამ ფონზე, ლოგოებსა და გაურკვეველ ბლანკებს ამტკიცებს.
„თურმე, ამ ლოგოზე, ექვსი თვის განმავლობაში მსჯელობდნენ, რომელიც მთაწმინდის რესტორანს უფრო ჰგავს, ვიდრე პარლამენტს. არჩევნების მეორე დღესვე, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რაც მათ არაპრინციპულობაზე მიუთითებს. პარლამენტმა ეს ცვლილებები რომ მიიღოს, მისი ძალაში შესვლა ინაგურაციამდე ვერ მოხდება, შესაბამისად, მთელ რიგ გაუგებრობებს აქვს ადგილი“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშვილიც იზიარებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უმცირესობასთან ურთიერთობას ისევ ხელების გადაგრეხვით აპირებს.
მისი მოსაზრებით, მმართველი ძალა ყველაზე კონფრონტაციული საკითხების, მათ შორის, პარლამენტის გადატანის საკითხის განხილვას იწყებს.
„მართალი გითხრათ, არ მსურს, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის შეცდომებს კიდევ ერთი შეცდომა დაემატოს. მათი მცდელობაა, რომ არ ისაუბრონ და ისევ ხელის გადაგრეხვით შეეცადონ მოიპოვონ ხელისუფლების ის დოზა, რომლის მანდატიც არ მიუღიათ არჩევნებზე, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხელისუფლებას სურს, რომ ქუთაისის საპარლამენტო პროექტის დასრულება ინაუგურაციამდე მოასწროს“, - აცხადებს გაბაშვილი, რომლისგან განსხვავებითაც, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ქუთაისში არსებულ შენობას აბრა გამოეკრას - „ეს არის მონუმენტი სააკაშვილის მახინჯი მმართველობის“.
თუ რა ფუნქცია ექნება ქუთაისში მდებარე 360 მლნ ლარიან გამჭირვალე შენობას, ამის შესახებ ინფორმაციას ხიდაშელი არ ფლობს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს შენობა არ არის მთავრობის, შესაბამისად, ამ შენობის ფუნქციას ვერ განსაზღვრავენ.
„პარლამენტის თბილისთან დაცილება აბსურდი იყო. ფაქტია, რომ პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ხელ-ფეხ შეკრულია. შესაბამისად, უწყება თბილისში უნდა დაბრუნდეს და ნორმალური საქმიანობის გაგრძელების საშუალება უნდა მოგვეცეს. ნათელია, რომ ერთ ადგილზე შენობით ყოფნით, ადგილობრივი განვითარება არ ხდება. თუ ვინმეს გეგმაში ქუთაისის განვითარება ჰქონდა, 200 მლნ დოლარი, რომელიც ამ შენობისთვის დაიხარჯა, ქუთაისში რომ დაეხარჯათ, ახლა, სხვა ქალაქში ვიქნებოდით. ეს შენობა მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის საუკეთესო მონუმენტი იქნება და იმის, თუ როგორ შეიძლება გადაიყაროს ფული. ამჟამად, ამ შენობაში უკანონოდ ვიმყოფებით. სად ვართ და რა გვინდა, არ ვიცით“, - განაცხადა ხიდაშელმა.
პარლამენტი დაბრუნდება თუ არა თბილისში, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული დეცენტრალიზაციით რომ ქუთაისის გამოცოცხლება ვერ მოხდა და ქალაქი ისევ „მკვდარ ქალაქად“ რჩება, ეს დღითიდღე ნათელი ხდება.