ევროკავშირს შემუშავებული აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 1 თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დაბლოკავს. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს, რომლის ჟურნალისტებმაც, მათივე მტკიცებით, დოკუმენტზე წვდომა მოიპოვეს.
გეგმაში აღნიშნულია, რომ თუ სამიტზე უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა ვერ მოხერხდება, სხვა ქვეყნების მეთაურები საჯაროდ იტყვიან, რომ ორბანის „არაკონსტრუქციული ქცევის ფონზე“ ვერ დაუშვებენ, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირის სახსრები მიიღოს.
დოკუმენტი შეიცავს სტრატეგიას, რომელიც მიმართულია უნგრეთის ეკონომიკის სუსტ წერტილებზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებაზე. დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირის დაფინანსების გარეშე საფინანსო ბაზრები და საერთაშორისო კომპანიები ნაკლებად იქნებიან დაინტერესებული უნგრეთში ინვესტირებით“, რაც, თავის მხრივ, „გამოიწვევს სახელმწიფო დეფიციტის დაფინანსების ღირებულების შემდგომ ზრდას და ვალუტის კურსის დაცემას“.
„უნგრეთი არ ავლებს პარალელებს უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის ფულზე წვდომას შორის, და არ დაუშვებს, რომ ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთონ“, - აცხადებს ევროკავშირის საქმეებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა.
The Financial Times-თან საუბარში ანონიმურობის დაცვის პირობით სამმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ამ გეგმას მხარი დაუჭირა.