„რუსეთი არის ის, რისგანაც უნდა გადარჩე“

„რუსეთი არის ის, რისგანაც უნდა გადარჩე“

არაბულ სამყაროში მიმდინარე მასობრივმა ამბოხებამ ავტორიტარულ– ტოტალიტარული რეჟიმები გვარიანად შეაფუცხუნა. ბოლო ხანს კრემლის ოპოზიციაც აშკარად გააქტიურებულია. ბრძოლა დემოკრატიული უფლებებისთვის ჯერჯერობით ეპისტოლარულ ჟანრში მიმდინარეობს. 

მიხეილ ხოდორკოვსკი დიმიტრი მედვედევისადმი ღია წერილში კანონიერების აღდგენას და კორუფციისთვის ბოლოს მოღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ „რუსეთი დაიქცევა“. ნიუ–იორკში ემიგრირებული პოლიტოლოგი და პოეტი იური ნესტერენკო კი აცხადებს, რომ რუსეთი - ეს ბოროტებაა, რომელიც უნდა განადგურდეს.

„იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ დიმიტრი მედვედევს ღია წერილი მისწერა, რომლითაც პრეზიდენტი „უხერხულ მდგომარეობაში“ ჩააგდო. 14 წლით თავისუფლებააღკვეთილ ხოდორკოვსკის მედვედევისთვის შეწყალება არ უთხოვია, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ „მალე მთელი ქვეყანა დაიქცევა“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „The Times“-ი აქვეყნებს.

გაზეთის ინფორმაციით, წერილში „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მედვედევს სთავაზობს, აღადგინოს კანონიერება და ბოლო მოუღოს კორუფციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებს, რომ „რუსეთი დაიქცევა“.

ხოდორკოვსკი განმარტავს, რომ იგი სულაც არ საუბრობს ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის მუშაობაში ჩარევაზე და არც მისი და პლატონ ლებედევის გათავისუფლებაზე. ხოდორკოვსკი დარწმუნებულია, რომ დღეს სასამართლო სისტემის სრული რღვევა მთელ ქვეყანას გამოუსწორებელ შედეგებს უქადის.

ხოდორკოვსკი მოუწოდებს პრეზიდენტს, დაძლიოს ძალოვნების ზეწოლა. „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ეს რომ არ გაკეთდეს, უფსკრული მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის გაღრმავდება. შედეგად კი ხალხს, ქუჩაში გამოსვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება.

გაზეთის ინფორმაციით, მედვედევმა თავისი უმოქმედობით იმედი გაუცრუა ლიბერალებს, რომლებიც იმედს ამყარებდნენ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოღებული მმართველობის ავტორიტარული სისტემის შესუსტებაზე.

ხოდორკოვსკი აღნიშნავს, რომ მართალია, მრავალთა აზრით, მედვედევი ქვეყანაში არაფერს წყვეტს, მაგრამ იგი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, არის „მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი“.

„მოსამართლეთა ნიჰილიზმი, კერძოდ, მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსის თავისუფალი ინტერპრეტაცია, სწორედ უფლებების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია“, – წერს ხოდორკოვსკი და მედვედევს 2008 წელს ინაუგურაციის დროს წარმოთქმული სიტყვაში თავის მიერ მიცემულ დაპირებას ახსენებს, რომელიც „რუსეთში სამართლებრივი ნიჰილიზმისთვის ბოლოს მოღებას“ ეხება.

ხოდორკოვსკი მიიჩნევს, რომ იუკოსის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი მეორე განაჩენი ნათელი დემონსტრირებაა რუსეთში არსებული გამომძალველობისა და საკუთრების უკანონო გადანაწილების პრაქტიკისა.

თავის მხრივ ნიუ-იორკში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი მოსკოველი პოლიტოლოგი და პოეტი იური ნესტერენკო რუსეთის კონსტრუქციულ ძალებს ჩეკისტური ქვეყნის სრული განადგურებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, ნესტერენკო თავის მიმართვაში წერს:

„რუსეთი - ეს ბოროტებაა. რუსეთი - ეს არის წმინდაწყლის ბოროტება. ასეთი თეზისი ინტუიციურ დონეზე უსიამოვნებას იწვევს იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურად არიან განწყობილნი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ადამიანთა უმრავლესობას შორის პოპულარულია ლოზუნგი - მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერ ვიტან სახელმწიფოს“, – აცხადებს ნესტერენკო თავის მიმართვაში და იქვე აღნიშნავს, რომ - „თავის მხრივ ხელისუფლება ამ მიდგომას ამართლებს და მის მიერ ასე უკიდურესად საძულველ ხალხს თავს ახვევს თეზისს - ვინც ჩვენს წინააღმდეგაა ის რუსეთის წინააღმდეგაა!

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თეზისი სინამდვილეში მართლაც სიმართლეს შეესაბამება - ისინი მართლაც არიან რუსეთი, ხალხი კი თუკი ყველაფერს თავის სახელს ვუწოდებთ არის - მონური ბიომასა, რომელიც მათ (ხელისუფლებას) მხარს უჭერს, კვებავს და წარმოშობს აი უკვე რვა ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

სახელმწიფო რომელსაც ჩვენ ვერ ვიტანთ - და ვერ ვიტანთ სრულიად სამართლიანად - არც მარსიდან ჩამოფრენილა და არც ქვესკნელიდან ამომძვრალა. იგი წარმოიქმნა მთელი მისი ისტორიის მანძილზე და ვლინდება სხვა და სხვა დამახინჯებული ფორმებით - ამ ქვეყნისა და ან ხალხის მიერ. მეტი ამაში უბრალოდ ვერავის დავადანაშაულებთ.

რუსეთის სახელმწიფომ მხოლოდ ერთი რამის მიღწევა შეძლო - მან მსოფლიოს მისცა სიკეთისა და ბოროტების მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ, თუკი რუსეთი რამეს გულწრფელად უჭერს მხარს და ამართლებს ესე იგი ეს - ბოროტებაა, ხოლო თუკი იგი რამედ ეწინააღმდეგება - ეს სიკეთეა. რუსეთი რჩებოდა და რჩება ბოროტებად ყველა რეჟიმისა და ნებისმიერი მთავრობის დროს.

ბოროტება მის არსშია - ამიტომაცაა მისი ნებისმიერი მცდელობა „გამოასწოროს რამე“, „გააუმჯობესოს“, „გაათავისუფლოს“, „გადაარჩინოს“ - ფუჭი. რუსეთი ეს არ არის ის რაც უნდა გადაარჩინო, არამედ რუსეთი არის ის თუ რისგანაც უნდა გადარჩე.

რუსეთი - მსოფლიო მასშტაბის ბოროტებაა. ბოროტება კი უნდა განადგურდეს, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ - სიკეთეა.

ქვეყანა და ხალხი კი რომელებიც ბოროტების მხარეს არიან მეტს არც არაფერს არ იმსახურებენ“, – ნათქვამია ნესტერენკოს მიმართვის დასასრულს.