საქართველოს ხელისუფლება რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „MTC“-ს უპირისპირდება და მის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო ნორმების დაცვით გეგმავს. საუბარია მობილური კომპანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე - „MTC“-ის ქსელში ჩართული ტელეფონები რუსეთის მიერ გავლებული საოკუპაციო ხაზის აქეთ და იქით მყოფ სოფლებში მომხმარებელს ამცნობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს ტერიტორიაზე „ახალ საზღვარს“ რუსი სამხედროების გარდა რუსული ფიჭური კომპანიები უკვე წლებია „ადგენენ“. რუსული მავთულხლართების გადასაღებად საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფლებში - დიცსა და დვანში ჩასულ უცხოელ ჟურნალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მობილური ტელეფონი ადგილმდებარეობად რუსეთის ფედერაციას უთითებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხით, სწორედ, უცხოელი ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაინტერესდა. მან პოლონელი ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ ე.წ. საზღვართან მიახლოებისას მათ „MTC“-ის ქსელში ჩართულმა ტელეფონებმა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა ამცნო.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსული მობილური კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ნაწილად გამოცხადება სამართლებრივი გზით უნდა მოგვარდეს, მანამდე კი სპეციალისტებმა საკითხი კარგად უნდა შეისწავლონ.
„ჩვენ ვუჩივლებთ „MTC“-ს. წინასწარ ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად ვუჩივლებთ სადაც საჭიროა და როგორც ხდება ეს სერთაშორისო ნორმებით. ეს არის აღმაშფოთებელი. ვისარგებლებდი სიტუაციით და რუსეთის ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობდი, რომ ასეთი გაუგებრობისგან თავი შეიკავონ. მე არ ვიცი, ეს შეთანხმებულია რუსეთის ხელისუფლებასთან თუ არა, მაგრამ ეს არის რუსული კომპანია. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, გადავიღეთ ფოტოები. ამაზე მკაცრ რეაქციას გავაკეთებთ და მოვითხოვთ პასუხს. ის არ არის რუსეთის ტერიტორია, ეს არის საქართველოს ტერიტორია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დადებითად აფასებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ პოლიტიკურ დონეზე მსგავსი გზავნილი ს გაკეთება მნიშვნელოვანი ფაქტია.
„მიმაჩნია, რომ მთავრობამ იურიდიული ხერხები უნდა გამოიყენოს ოკუპაციის წინააღმდეგ და ასეთი მიდგომა, განსაკუთრებით პრემიერის მხრიდან, მისასალმებელია. ამ ეტაპზე გასარკვევია, რა ტიპის იურიდიული მექანიზმები შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს იურიდიული გზები, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ასეთი ტიპის საკომუნიკაციო კომპანიას. რა გამოვა აქედან არ ვიცი, მაგრამ ის, რომ პოლიტიკურ დონეზე გზავნილი დააფიქსირა პრემიერმა, არის უდავოდ დადებითი“, - განაცხადა For.ge-სთან საუბრისას სერგი კაპანაძემ.
პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც. მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ოპერირებისთვის რუსულმა კომპანიებმა პასუხი უნდა აგონ.
„ცალკეული კომპანიები წლებია უტიფრად და თავხედურად იქცევიან საქართველოს ტერიტორიაზე. ძველი ხელისუფლება ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდა და არაფერს აკეთებდა, ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ საქმიანობა ამ მიმართულებით და ყველა კომპანიას ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი საქმიანობა უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა რუსულ კომპანია „MTC -თან“ დაკავშირებით.
კომისიის მიერ, რუსული ფიჭური კომპანიების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ საქმიანობის საკითხის შესწავლას არ გამორიცხავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი. თუმცა, დეპუტატს მანამდე უფრო მიზანშეწონილად საკითხის ეკონომიკური კუთხით შესწავლა მიაჩნია.
„ფიჭური კავშირების თემა, პირველ რიგში, წმინდა ბიზნესდარღვევის თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ და იქ გამოკვეთილი უნდა იყოს პოლიტიკური მოტივიც. ტაქტიკა აბსოლუტურად მართებული იქნება, თუ ამ გზით წავალთ. თუ საჭირო იქნება, კომისია ამ საკითხს განიხილავს. მაგრამ არ გვინდა, რიტორიკულად დავასრულოთ და მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლოთ. ვნახოთ, როგორ და რა დეტალები დაიდება და ამ დეტალების მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა For.ge-სთან საუბრისას ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული რომ მობილურ კომპანიებს გარკვეული სირთულეები ჰქონდეთ სიხშირეების დარეგულირების თვალსაზრისით, თუმცა მობილური კომპანიის ქმედების უკან აშაკარდ იკვეთება პოლიტიკური ინტერესი.