„ბიძინა ივანიშვილს აშკარად უარყოფითად რომ უყურებდეს დასავლეთი, აქამდე 25-ჯერ დაასანქცირებდნენ, მაგრამ ეს არ ხდება“

„ბიძინა ივანიშვილს აშკარად უარყოფითად რომ უყურებდეს დასავლეთი, აქამდე 25-ჯერ დაასანქცირებდნენ, მაგრამ ეს არ ხდება“

თითქმის ერთი თვე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილი მესამედ შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ჯერჯერობით მისი მკვეთრი ხელწერა არ ჩანს. ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობები გვესმის, მათ შორის, გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი?!

კახა კალაძეს მიაჩნია, რომ ბიძინას როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული როლი. ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილი უფრო დიდ საქმეს გააკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ ხელის წაშველებაა.

18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 68 წლის გახდება. წესით, ამ ასაკში ადამიანი საკუთარ კარიერაზე ნაკლებად ფიქრობს. ამდენად, საეჭვოა, პოლიტიკის არმოყვარულ კაცს იზიდავდეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად გახდომა.

პოლიტიკაში პირველად შემოსვლისას, 2011 წელს მისი ნაბიჯები გადამწყვეტი იყო, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების უსისხლო შეცვლა მოჰყვა. 2018 წელს, პოლიტიკაში მეორედ შემოსვლისას, ივანიშვილმა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება მოახერხა. უღირს თუ არა ივანიშვილს საკუთარი თავის გაპრეზიდენტება ამჯერად, ანუ პოლიტიკაში მესამედ შემოსვლისას?!

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

სხვაგვარად ფიქრობს ნაციონალი გიორგი ბოტკოველი. მისი მოლოდინით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება საზიანო. ბოტკოველის აზრით, ბიძინას მართვის სტილი ერთადერთია, ყველა ადამიანს მისცეს ფულის მოპარვის საშუალება და შემდეგ ამით მართოს. ამდენად, გიორგი ბოტკოველი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან რეალური იყოს.

„გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეამოწმებენ, ან რომელიმე მინისტრის? ეს არის ჩვეულებრივი ფარსი“, - ამბობს ბოტკოველი.

რა ელის ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით? კიდევ უფრო დიდი მარცხი?

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს 2018 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი მეორედ დაბრუნდა პოლიტიკაში და მაშინ გააკეთა გულწრფელი და გულახდილი განცხადებები. კერძოდ, სულზე მივუსწარი, იშლებოდა პარტია თვალსა და ხელს შუა, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი საქართველო, მიმალავდნენ ციფრებს, არ მეძინა რამდენიმე ღამე, როცა გავიგე, სიღატაკემ იმატა საქართველოში, ბავშვები გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რასაც ასახავდა „იუნისეფის“ ანგარიში.

პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ დღეს მსგავსი არაფერი ხდება. დღეს ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმშია, რასაც ყველა გამოკითხვა ადასტურებს. ოპოზიციაში ერთადერთი სანუკვარი მიზანი დარჩა, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ.

„ეს არის სამარცხვინო, ასეთი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში მოსვლას უნდა ბედავდეს? ასეთი დღე რომ დაგიდგება პარტიას, ჯობია დაიშალო. ოპოზიციონრები ახლა ფიქრობენ, ვისთან გავერთიანდეთო, ამ დროს ერთმანეთს ვერ იტანენ, არავითარი საერთო პოლიტიკური მრწამსი არ აქვთ. სულ მახსენდება, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და კუკავამ ერთად რომ იყარეს კენჭი და ერთად უფრო ჩაფლავდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე მიიღებდნენ იმ რაღაც პროცენტებს. ასეთი ვითარებაა დღესაც, მაგრამ ბიძინამ თქვა, მოდუნება არ შეიძლება, კორუფციაც ახსენა, გუნდში ურთიერთობაც ახსენა. მან თქვა, აქამდე ჩემს რჩევას თუ ვაფიქსირებდი, ამას ვაკეთებდი 2-3 ადამიანთანო. დამიჯერეთ, როგორც ადამიანს, რომელიც 20 წელიწადი იყო სახელმწიფო სამსახურსა და პოლიტიკაში, როდესაც არსებობს ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე პირი, მაგრამ გუნდში იციან, რომ ეს პირველი პირი მხოლოდ 2-3 ადამიანს ელაპარაკება და სხვას არა, ეს თანდათან ქმნის არაჯანსაღ ატმოსფეროს. ადამიანს განცდა უჩნდება, მე რატომ უნდა ვგებულობდე სხვისგან პირველი პირის ნათქვამს, მინდა, ბიძინამ მეც მომისმინოს, მეც მაქვს სათქმელი, სხვისი მეშვეობით რატომ უნდა მივაწვდინო ჩემი ხმა, რატომ არიან ზოგიერთები პრივილეგირებულები?! ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი შეცვლის, ეს სხვანაირი მობილიზება იქნება“, -მიიჩნევს პეტრე მამრაძე და თვლის, რომ ბიძინას მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მარცხს მოუტანს ოპოზიციას.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, თვითმხილება და თვითგანადგურება მოაწყო ჯამურად ოპოზიციამ, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება, რადგან ოპოზიციას შერჩა უზარმაზარი ფული, არა მარტო კეზერაშვილზეა ლაპარაკი, რომელსაც ოფიციალურად მილიარდნახევარზე მეტი ფული აქვს, არამედ ოქრიაშვილზე, ნაყოფიაზე, ამას ემატება ბანკირების პარტია - ხაზარაძე-ჯაფარიძე, რომლებიც მულტიმილიონერები არიან. ამ ადამიანებს რამდენიმე მძლავრი ტელევიზია ემსახურება. მართალია, ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ ქვეყნისთვის დიდი ზიანის მოტანა კიდევ შეუძლიათ.

პეტრე მამრაძის აზრით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, პოლიტიკურმა გუნდმა იფიქროს, აჰა, გავიმარჯვე, გავანადგურე ოპოზიცია და ამის შემდეგ არ მოდუნდეს. დასავლეთის მოდუნება ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს არის საოცარი მაგალითი, როგორ არ უნდა მოდუნდეს ადამიანი, ქვეყანა. ფაქტობრივად, დასავლეთში შეწყვიტეს სამხედრო წარმოება, წვრთნები, ამით ტრილიონები კი დაზოგეს, მაგრამ რა დღეშია დღეს საზოგადოება, აღარ ჰყავთ მტერი?! ამასობაში ჩინეთმა წამოყო თავი, ჩინეთი გაცილებით ძლიერია რუსეთთან შედარებით და პირდაპირ მტრობს დასავლეთს.

„7-8 წლის წინ გერმანიაში ნატოს წვრთნები ჩატარდა, არ ეყოთ ავტომატები, ტყვიამფრქვევები და მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კანცლერმა ანგელა მერკელმა, ამ ორმა დედაკაცმა მოიფიქრეს, იატაკის ჯოხები შავად შეეღებათ, ჯარისკაცებს დაურიგეს და ოდესღაც უძლეველი „ვერმახტის“ ჯარისკაცები „პოლის ჯოხებით“ დარბოდნენ მინდვრებში. კრემლში, ის პოლკოვნიკი კაცი უყურებდა ამ სანახაობას, ვაი, თქვენს პატრონსო, ფიქრობდა და დაიწყო, რაც დაიწყო. ეს არის მოდუნება“, - ფიქრობს პეტრე მამრაძე.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ დიმიტრი შველიძის აზრით, ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილს მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამდენად, მთელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით უფრო ადვილად ილაპარაკებს კაცი, ვიდრე ერთი კაცის მოქმედებაზე, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს თავისი პოზიციის ბოლომდე გამოთქმა.

„მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ვისაუბროთ, რას ფიქრობს და რას გააკეთებს მესამედ პოლიტიკაში შემოსვლისას. ჯერჯერობით მკვეთრი ნაბიჯები არ დაგვინახავს მისი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს აშკარად უარყოფითად რომ უყურებდეს დასავლეთი, აქამდე 25-ჯერ დაასანქცირებდნენ, მაგრამ დასავლეთი ამას არ აკეთებს. ამიტომ ჭკუისკენ მოვუწოდებ, განსაკუთრებით, ოპოზიციას, რადგან ოპოზიცია ცუდ დღეშია, ლოზუნგიც ვერ მოძებნეს, რომ მიაგნონ ისეთ ლოზუნგს, რისთვისაც ბრძოლა შეიძლება. მარტო „დასავლეთი-დასავლეთიო“, იძახიან, ნაცვლად იმისა, რომ თქვან, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ამას გავაკეთებთ რუსეთთან, ჩინეთთან მიმართებით, ეკონომიკის მხრივ უკეთეს შედეგს დავდებთ, ამას არავინ იძახის, ამოჩემებული აქვთ ერთი ფრაზა, რომ ეს არის რუსული მთავრობა და მორჩა. ეს არის პოლიტიკა? გაკვირვებული ვარ, გაერთიანებასაც ვერ ახერხებენ. თუ უნდათ, ხელი შეუწყონ ხელისუფლებას, ჯერჯერობით ეს კარგად გამოსდით“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ ჩვენთან საუბრისას.

ცუგო- Ევროპა გამოლიბერასტდა :((
9 თვის უკან