ქართული სოფლის დიცის მცხოვრებლებს დღეს რთული დრო უდგათ. ეს სოფელი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. თვენახევრის წინ მეორე მხარეს დაბინავბულმა რუსმა სამხედროებმა ტერიტორიაზე საზღვრის დაფიქსირება გადაწყვიტეს და საკუთარი ნებასურვილით გავლებულ ხაზთან მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. ეს მწვანედ შეღებილი ღობე ჩარაზული კარით მთელ სოფელს სასოწარკვეთაში აგდებს. ადგილობრივი მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათ გზა გადაუკეტეს სასაფლაოების, მინდვრების და წყლით მომარაგების წყაროებისკენ, რომელიც მეორე მხარეს აღმოჩნდა.
მარცხნივ ღობე რამდენიმე ასეულ მეტრზეა გავლებული, მაგრამ მარჯვნივ მოულოდნელად წყდება. რისთვისაა ის საჭირო? „ნებისმიერ შემთხვევაში, აქ უკვე ვერავინ გაივლის. საქართველოდან ოსეთში მოხვედრა შეუძლებელია“, – ამბობს დიცის პოლიციის განყოფილების უფროსი.
მაგრამ რა მიზანი აქვს ნაბიჯს დღეს, როდესაც საქართველოს ახალი ხელისუფლება, დიდი ალბათობით, დიდ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს? მოსკოვს თავში მხოლოდ მავთულხლართები და ღობეები აქვს? პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ დაძაბულობის ზრდა უკავშირდება დამდეგ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სოჭში, რომელიც აფხაზეთის საზღვრიდან 20 კილომეტრშია.
„ყველაფერი რაც ახლა ხდება, მათ შორის მავთულხლართების გაბმა, თამაშებთან არის დაკავშირებული. დღეს მთელი რუსეთი იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე ეს ოლიმპიადა მშვიდობანად ჩაატაროს. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და დავეხმარებით მათ“, განაცხადა მან ღობის გამოჩენის შემდეგ.
დღემდე მთელ რეგიონს ატყვია ის იარები, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა დატოვა. კონფლიქტი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამო გაჩაღდა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20% მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადავიდა. თბილისი-გორის გზაზე უამრავი დასახლებაა, სადაც ოსეთიდან დევნილები განათავსეს (26 000 ადამიანი). დემარკაციულ ხაზთან ახლოს, ძალიან სევდიანი პეიზაჟია: სახლები ნანგრევებშია, ბაღები და მინდვრები – მიტოვებული, აქა-იქ ომის დროს დაღუპულთა საფლავებია.
სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები თავს ალყაში მომწყვდეულებივით გრძნობენ. „ადრე ჩვენ მშვიდად შეგვეძლო ნებისმიერ სოფელში გადასვლა, მაგრამ ახლა არაფერი აღარ გამოვა. აქ იმდენი შერეული ოჯახია“, – ამბობს სოსო ხურუშვილი. სარწყავი წყალი, რომელსაც აქ იყენებენ, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქიდან, ცხინვალიდან მოდის, და მას ხშირად კეტავენ.
სოფლის გასასვლელთან სეპარატისტული რესპუბლიკის მიმართულებით ორი წლის წინ რუსმა ჯარისკაცებმა (რა თქმა უნდა, ცალმხრივად) მავთულხლართები გააბეს. რის გამოც ვალენტინა და დავით ვანიშვილების სახლი და ბაღი მოულოდნელად ოსეთის ტერიტორიაზე, ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა. „მე ვეღარ გადავდივარ საზღვარზე და ვერ ვიღებ პენსიას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიხდის. ოსეთი არაფერს გვაძლევს. როგორ ვიცხოვროთ აქ?“, შეწუხებულია დავითი.
პენსიონერი ყველა თავისი პრობლემის შესახებ გვიყვება, რაც აშკარად არ მოსწონთ რუს ჯარისკაცებს. “დღეს დილით მომაკითხეს, საყელოში მომქაჩეს და ქუდი პირში ჩამიტენეს“, ჩივის დავითი. ის შეშინებული იხედება იმპროვიზირებული კაზემატისაკენ, სადაც რუსი ჯარისკაცები იმალებიან ოფიციალური პირების და ჟურნალისტების ჯგუფის მოლოდინში. ჯგუფს ქართული პოლიცია ახლავს.
„წადით, თორემ კარგი დღე არ დამადგება“, ამბობს ის. მისი მეუღლე უფრო ენაწყლიანია: „აქ უკვე 37 წელია ვცხოვრობთ. და ასეთი რამ არასდროს გვინახავს. რუსი ჯარისკაცები გვაკონტროლებენ, ყველა ჩვენ ნაბიჯს უთვალთვალებენ. ახლა დაიმალნენ, მაგრამ როგორც კი წახვალთ, მოგვაკითხავენ“.
სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დამუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა ფინანსურად და ეკონომიკურად თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. აქ განათავსეს ათასობით რუსი ჯარისკაცი, შექმნილია რამდენიმე ბაზა. კრემლი ცდილობს საქართველო დაარწმუნოს გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში, გაერთიანებაში, სადაც რუსეთი ყაზახეთი და ბელორუსი შედიან, და ხელი არ მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის ნაცნობი ერთადერთი ენა – ძალის ენაა.
მოსკოვის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა. თუკი ვილნიუსის დამდეგ სამიტზე თბილისი არჩევანს ევროკავშირთან პარტნიორობის სასარგებლოდ გააკეთებს, თბილისი უნდა მოემზადოს რეგიონული არასტაბილურობის ზრდისთვის. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია თვალს ადევნებს სიტუაციას, თუმცა მას გავლენისთვის არც რესურსი და არც უფლებამოსილება არ აქვს. „ევროპელები, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან, მაგრამ სიტუაცია ჩიხშია მოქცეული, თანაც, ვფიქრობ, დიდი ხნით“, ამბობს გორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაპუნა კობერიძე.
foreignpress.ge