ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა სთხოვეს ირანელ კოლეგებს, შეაკავონ ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში მცურავ გემებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითდ აისახება თეირანისა და პეკინის ბიზნეს ურთიერთობებზე. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ ირანელ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თქმით, დისკუსიები ჰუსიტების თავდასხმებისა და ჩინეთ-ირანის ვაჭრობის საკითხებზე თეირანსა და პეკინში გამართული რამდენიმე შეხვედრის დროს შედგა. ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრებს ჩინეთის ან ირანის მხრიდან, Reuters-ის წყაროები არ აკონკრეტებენ.
„ჩინეთი ამბობს, რომ თუ მათი ინტერესები დაზიანდება, ეს აისახება ჩინეთ-ირანის სავაჭრო ურთიერთობებზე. ამიტომ უთხარით ჰუსიტებს, თავშეკავებულობა გამოიჩინონ“, - ჰყვება ერთ-ერთი ირანელი ოფიციალური პირი, რომელიც Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.
გამოცემის წყაროების ცნობით, პეკინმა ნათლად დააფიქსირა, რომ თუ ჩინეთთან დაკავშირებული რომელიმე გემი დაზიანდება, პეკინში ეს დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
12 იანვრიდან მოყოლებული აშშ და დიდი ბრიტანეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა.