საქართველოში ინტერნეტი უკვე ძალიან ძვირია. ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფების ზრდის ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში დაიწყო და ტენდენცია არ შეცვლილა. ფასები კი იმდენად მკვეთრად გაიზარდა, რომ ერთი ჩვეულებრივი აბონენტისთვის თითქმის 40 ლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და რეგიონში ინტერნეტის ტარიფის მიხედვით ყველაზე საშეღავათო პირობები უნდა არსებობდეს.
მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის უჩა სეთურის აზრით, თბილისში ინტერნეტის მაღალ ტარიფებს კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს, რაც მთავარი გამოწვევაა.
„როდესაც საუბარია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საფასურის სიძვირეზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იგულისხმება იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული მომსახურება და არა ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტზე. საქართველოში ამ მიმართულებით გამოწვევა არის ის, რომ კონკურენციის ნაკლებობაა.
მაგალითად, თბილისში სულ რამდენიმე კომპანიაა, უკეთეს შემთხვევაში 4 ალტერნატივა. ეს განაპირობებს იმას, რომ არ არის დიდი არჩევანი და შენარჩუნებულია მაღალი ფასები. რაც შეეხება arpu-ს, ფიზიკური პირებისთვის 22 ლარია და იურიდიული პირებისთვის 100 თუ 120 ლარი. ეს სხვაობა ძალიან დიდია, მაშინ როცა მიწოდებულ მომსახურების ხარისხებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ უჩა სეთურმა.
მისი შეფასებით, იმ სიჩქარის ინტერნეტის ფასი, რომელიც რეგიონში შეიძლება 18-20 ლარი იყოს, თბილისში 50-60 ლარია, რადგან არ არსებობს იაფი ალტერნატივები.
„მაღალი ფასი, გარკვეულწილად, განპირობებულია რეგულაციებით, რომელიც კომუნიკაციების ბიზნესში მოქმედებს, მაგალითად, გარე განათების ბოძების გამოყენების წესი, ბოლო მილთან დაშვების სტანდარტი და ა.შ.
მიმდინარე წელს ამოქმედდება ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი, ასევე ტარიფების შესახებ კანონი, რომელიც ბაზარზე სხვა ინტერნეტპროვაიდერების შემოსვლის შესაძლებლობას გააჩენს, შესაბამისად, კონკურენცია გაიზრდება“, - აღნიშნა უჩა სეთურმა.
ინტერნეტის ტარიფებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება აქვთ ეკონომისტებსაც, რომლებიც თვლიან, რომ ამ მხრივ დიდ წნეხს განიცდიან იურიდიული პირები, რომლებსაც მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ და ეს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში დაურეგულირებელია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბზინესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის თქმით, ტარიფები იზრდება პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული და არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რაც ბაზარს დაასტაბილურებს.
„ფაქტია, რომ საქართველოში ინტერნეტის ტარიფები არის საკმაოდ მაღალი, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში გადასახადი უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რადგან ჩვენი პროვაიდერები ყიდიან ინტერნეტს ამ ქვეყნებში.
პანდემიიდან მოყოლებული ტარიფი მუდმივად იზრდებოდა და არ მომხდარა არანაირი შემცირება, რაც ალოგიკურია და არასწორად მიმაჩნია. კატასტროფულად ძვირია გადასახადი კომპანიებისთვის, რაც დიდი პრობლემაა. თანაც ვერ დგინდება ზუსტად რამდენია იურიდიული პირებისთვის ტარიფი, ამის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, კომპანიები ამ ინფორმაციას არ იძლევიან, რასაც ხსნიან იმით, რომ ინდივიდუალურად განსხვავებულია მათი შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით ძვირია. ევროპის ქვეყნებში ოჯახების დაახლოებით 55% 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს, კერძოდ, 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
რაც შეეხება მობილურ მომსახურებას, 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, სააქციო ფასები განაპირობებს.